როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

379
VIEWS

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის პარალელურად, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციული ოპერაციები სხვადასხვა ფორმით გააქტიურდა. ყალბ და მანიპულაციურ მტკიცებებთან ერთად, კრემლის პროპაგანდა რუსული და ამერიკული სატირული გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ გამოგონილ ამბებს, როგორც რეალურ ფაქტებს ავრცელებდა და, ერთის მხრივ, უკრაინის მთავრობისა და უკრაინული არმიის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, დასავლეთის სისუსტისთვის ხაზგასმასა და მის დემონიზებას ცდილობდა. 

“მითების დეტექტორმა” 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული 9 სატირული შინაარსის მტკიცება გამოავლინა, რომელთაც სხვადასხვა რუსულ და ქართულენოვანი წყაროები ავთენტური ინფორმაციის სახით ავრცელებდნენ და ანტიუკრაინული და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სატირული შინაარსის პოსტები თანხმედრაში იყო იმ ძირითადი ყალბ და მანიპულაციურ გზავნილებთან, რომლებიც ომის კონტექსტში სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა. ჯამში ასეთი 6 გზავნილი გამოიკვეთა:

  1. დასავლეთი უკრაინას მხარს არ უჭერს და მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს;
  2. ზელენსკი დასავლელ გადასახადების გადამხდელებს ტვირთად აწევს;
  3. დასავლეთში რუსებს ავიწროებენ;
  4. რუსული არმია უძლეველია, უკრაინის არმია განწირულია;
  5. სხვა მადისკრედიტირებელი გზავნილები.
  • დასავლეთი უკრაინას მხარს არ უჭერს და მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს

8 სატირული შინაარსიდან 4 დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის თემას შეეხებოდა და კულტივირებდა აზრს, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში, ზელენსკისა და უკრაინის მხარდაჭერა არ სურთ და პირადი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ. 

27 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა Facebook მომხმარებლებმა იუმორისტულ ტელეგრამ არხ Политический Юмор-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს “დაავიწყდა ჩართული მიკროფონი და ზელენსკის მეძავი უწოდა”. პოსტების თქმით, ინციდენტი კანცლერის გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც გერმანიიდან უკრაინაში ტანკების გაგზავნის შეუძლებლობის შესახებ იყო საუბარი.

Screenshot 1 6 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

2022 წლის 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე დღეს, ამერიკული სატირული გამოცემა The Babylon Bee-ზე დაყრდნობით, ქართულენოვანმა Facebook მომხმარებლები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ვლადიმერ პუტინის გამოწერა გააუქმა. ისინი ცდილობდნენ, ერთის მხრივ, ჯო ბაიდენის არაკომპეტენტურობაზე გაესვათ ხაზი, მეორე მხრივ კი, ამკვიდრებდნენ აზრს, რომ დასავლეთი მხოლოდ მსგავსი ტიპის “დახმარებით” შემოიფარგლება და უკრაინისთვის სხვა სახის დახმარებას არ აპირებს. 

Screenshot 2 6 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ზემოაღნიშნული გზავნილს ეხმიანებოდა, რუსულენოვანი სატირული გამოცემა Panorama Pub-ზე დაყრდნობით გავრცელდა. რუსულმა მედიასაშუალებებმა და რუსულენოვანმა Facebook ანგარიშებმა რეალურ ამბად გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს არმიის გენერალი –  რობერტ ჯეფერსონი NATO-ს ლიეტუვის წევრობის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებდა. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი აღნიშნავდა, რომ ვილნიუსის მიერ კალინინგრადის რეგიონის ბლოკადის გამო, მსოფლიო შეიძლება ნამდვილი მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოჩნდეს.

Screenshot 3 7 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

აღსანიშნავია, რომ გზავნილს, თითქოს დასავლეთი უკრაინას არ ეხმარება, კრემლის პროპაგანდა აქტიურად კულტივირებს. სხვადასხვა დროს კრემლისტური მედიები და რუსულენოვანი ინდივიდუალური ანგარიშები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთი უკაინით დაიღალა, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი ლტოლვილებს არ მიიღებდა, ლენდ-ლიზ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი თავად უკრაინაზე არ დაიხარჯებოდა, დახმარების სანაცვლოდ კი უკრაინას ხორბლის აშშ-ში ექსპორტი მოუწევდა

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:

სატირულ გამოცემა The Babylon Bee-ზე დაყრდნობით, რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკი სავაჭრო ცენტრში სანტა კლასუთან ერთად შენიშნეს, სადაც მან სანტას დამატებითი 50 მილიონი დოლარი სთხოვა. 

Screenshot 4 8 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცხოურენოვანი ფეისბუქ ანგარიშები უკრაინის მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახების მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ ყალბ ინფორმაციას აქვეყნებენ და ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები ომის პერიოდში ფინანსური დახმარებისა და დასავლელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე მდიდრდებიან, რაც მიზნად დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ისახავს. 

“მითების დეტექტორმა” უკრაინის მთავრობის წევრების ქონების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულშიც შეისწავლა, ვრცლად იხილეთ:

სატირული გამოცემების მიერ შექმნილ მასალებს სხვადასხვა ქართული და რუსულენოვანი ანგარიშები იმ მიზნითაც ავრცელებდნენ, რომ გაემყარებინათ არსებული ნარატივი, თითქოს დასავლეთში რუსოფობია მძვინვარებს, რუსეთის მოქალაქეები კი დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. 

2022 წლის ივლისში ქართულმა და რუსულენოვანმა ანგარიშებმა რეალურ ინფორმაციად გაავრცელეს Paorama Pub-ის სტატია, რომლის მიხედვითაც ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსი მაღალჩინოსნების შვილებზე და ახლობლებზე 2014 წლიდან გაცემული დიპლომები გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ სატირულ სტატიაზე რუსული პროპაგანდისტული მედიის Россия 1-ის წამყვანმა და სააგენტო Russia Today-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისილიოვმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სტატიის სატირული შინაარსისა, მსგავსი იუმორის მიმართულება მრავლისმეტყველია, რადგან სიმართლესავით ჟღერს.

Screenshot 5 8 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

აღსანიშნავია, რომ რუსოფობიის თემაზე დეზინფორმაცია “მითების დექტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ სტატიები:

გზავნილი, თითქოს უძლეველი რუსული არმიის წინაშე უკრაინული სუსტი არმიის დამარცება გარდაუვალია, სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე  გამოჩნდა და ომის საწყის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. აღსანიშნავია, ხშირად საქმე მასალების მცდარი აღწერით გავრცელებასთან გვქინდა, რაც კონკრეტულ შემთხვევებში, მიზანმიმართული არ ყოფილა. შესაბამისად, გამონაკლისს შემთხვევებში, მიზანმიმართულ დეზინფორმაციის ნაცვლა, მცდარი ინფორმაციის გავრცელებასთან გვქონდა საქმე.

მაგალითისთვის, 2022 წლის თებერვალში, სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე დღეებით ადრე, ქართულენოვან მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო წვრთნებში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობის შესახებ. პოსტებში ასაკოვანი ქალები იარაღით ხელში იყვნენ გამოსახულნი. წარწერების მიხედვით, 121 და 93 წლის “უკრაინელი ბებოები” სამშობლოს დასაცავად ემზადებიან.

Screenshot 6 6 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

  • სხვა მადისკრედიტირებელი გზავნილები

მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა შინაარსის სატირული პოსტებიც გამოვლინდა, რომლებიც რეალურ ინფორმაციად ვრცელდებოდა და ერთის მხრივ უკრაინის პრეზიდენტის, მეორეს მხრივ კი დასავლეთის დისკრედიტაციას ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც მედიის განვითარების ფონდის 2022 წლის კვლევამ ცხადყო, ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც პანდემიის დროს ანტივაქსერულ საინფორმაციო კამპანიებში იყვნენ ჩართულნი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინის საწინააღმდეგო და რუსეთის ქმედებების გამამართლებელ კამპანიებშიც იყვნენ ჩართული და ომს ვაქცინაციასა და ახალ მსოფლიო წესრიგთან აკავშირებდნენ. 

ანტივაქსერული მომხმარებლების მიერ გავრცელებული მსგავსი შინაარსის პოსტი ამკვიდრებდა აზრს, თითქოს დასავლეთი უკრაინის კონფლიქტს ვაქცინაციის ლეტალური შედეგების გადასაფარად იყენებს; 2022 წლის 8 მარტს, ქართულენოვანმა Facebook ანგარიშებმა, სატირულ გამოცემა The Babylon Bee-ზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მიოკარდიტს (გულის კუნთის ანთება) იწვევს, ფოტოზე  CNN-ის წამყვანი ანდერსონ კუპერია გამოსახული. პოსტები ამტკიცებდა, რომ ამერიკელები გახშირებულ  მიოკარდიტს უკრაინის ოკუპაციას აბრალებენ, თუმცა სინამდვილეში ფაქტი ვაქცინაციის შედეგების გადასაფარად ხდება. 

Screenshot 7 5 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

მოცემულ კატეგორიაში სტაირული შინაარსის პოსტებიs ნაწილი ცდილობდა დაემკვიდრებინა აზრი,  თითქოს დასავლეთის არაკომპეტენტური ქმედებების გამო სამყარო შესაძლოა ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. დასავლეთის არაკომპეტენტურობაზე ხაზგასასმელად, სხვადასხვა რუსულენოვანი მედიები და ანგარიშები ავრცელებდნენ Panorama Pub-ის სტატიას, რომლის მიხედვითაც, ბელგიაში მდებარე Kleine Brogel-ის ამერიკული საჰაერო ბაზიდან შეცდომით უკრაინას 9 მილიონის ღირებულების ორი ტაქტიკური ბირთვული რაკეტა გაეგზავნა. 

აგრეთვე, სატირულ-იუმორისტულ ტელეგრამ-ანგარიშებზე დაყრდნობით, რუსულენოვანმა Facebook ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ზელენსკი იმუქრებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს არ გადასცემდა, უკრაინა ევროკავშირის წევრობის განაცხადს გააუქმებდა. 

Screenshot 8 6 როგორ იყენებს კრემლის პროპაგანდა სატირას უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად

სატირული წყაროები

“მითების დეტექტორმა” ის ძირითადი წყაროებიც გამოავლინა, რომელთა მიერ გამოგონებულ სატირულ/იუმორისტულ ინფორმაციას სხვადასხვა მედიები და სოციალური ქსელის ინდივიდუალური მომხმარებლები როგორც რეალურ ინფორმაციას ავრცელებდნენ. 

  1. Panorma.pub: სატირული შინაარსის მტკიცებების უმეტესობა, რუსულენოვან სატირულ გამოცემა Panorama Pub-ის მასალებს ავრცელებდა. აღსანიშნავია, რომ Panorma.pub-ს როგორც ლოგოზე, ასევე მისიის განაცხადში დართული აქვს გაფრთხილება, რომ მისი მასალები რეალობის პაროდიაა და ნამდვილ ახალ ამბავს არ წარმოადგენს.
  2. The Babylon Bee: ამერიკული კონსერვატიული ონლაინ გამოცემაა, რომელიც რელიგიის, პოლიტიკის, საჯარო ფიგურებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სატირულ ახალ ამბებს ამზადებს. გამოცემა 2016 მარტში შეიქმნა. ჩვენს შესახებ განყოფილებაში მას მითითებული აქვს, რომ ის სატირული ხასიათისაა და წერს ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
  3. Политический Юмор: ტელეგრამ-არხის აღწერაში მითითებულია, რომ ის პოლიტიკურ თემებზე სატირულ და იუმორისტულ პოსტებს აქვეყნებს. არხი “Политический Юмор” პოსტებში ხშირად იყენებს ჰეშთეგებს #юмор #сарказм (იუმორი, სარკაზმი).
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist