ბოლო თვეებში საქართველოში ლგბტქი+ თემებით მანიპულირებას კრემლისტურ და ანტიდასავლურ ჯგუფებთან ერთად მმართველი პარტიაც ცდილობს. გარდა საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 25 მარტს წარადგინა, ე.წ. “ნეოლიბერალური დღის წესრიგის” მიმართ შიშის დათესვას და ანტილგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას ბოლო პერიოდში ხელს უწყობენ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებიც – POSTV, TV Imedi, Pia.ge (იგივე Newshub.ge – ნიუსჰაბი), ასევე ფეისბუქ გვერდი PrimeNews.Ge, რომელიც ახალი ამბების სააგენტოდ პოზიციონირებს და უმეტესად პარტია “ხალხის ძალის” განცხადებებს ავრცელებს. ამ კამპანიაში ასევე ჩართულია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული ანტიდასავლური პორტალი Georgia First NEWS.
“მითების დეტექტორმა” ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სოციალური/პოლიტიკური რეკლამის კატეგორიაში განთავსებული 128 პოსტი შეისწავლა, რომელთა დაფინანსებაშიც, საშუალოდ 1800 დოლარამდეა დახარჯული. დარეკლამებულ პოსტებში გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა “მეტას” რეკლამების ბიბლიოთეკა საშუალებას გვაძლევს, ბოლო 90 დღის განმავლობაში ფეისბუკ გვერდების მიერ დახარჯული ჯამური თანხის, დაფინანსებული პოსტების რაოდენობასთან შეფარდებით, დავადგინოთ, საშუალოდ, რამდენი დოლარით ფინანსდება თითოეული პოსტი.
დარეკლამებული პოსტების ნაწილს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და “ხალხის ძალის” წევრების განცხადებები წარმოადგენდა, რომლებიც ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვასა და ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ მედიების მიერ დაფინანსებული ფეისბუქ პოსტები მოიცავდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების ისეთ განცხადებებსაც, სადაც ისინი ოპოზიციას და განსაკუთრებით კი პარტია “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ლგბტ პროპაგანდის გავრცელების ხელშემწყობად წარმოაჩენდნენ. POSTV-ის ფეისბუქზე დარეკლამებულ გადაცემებში ასევე ვხვდებოდით გზავნილებს, რომ “ლგბტ პროპაგანდა” საქართველოში ენჯეო სექტორის, პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ არის წახალისებული. ერთ-ერთი დაფინანსებულ პოსტში კი POSTV ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანია ფორმულაზე “ბავშვთა ლგბტ პროპაგანდა” ვრცელდება.
გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში POSTV ინტენსიურად ავრცელებდა და ფეისბუქზე არეკლამებდა გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემას “ლიბერალიზმის ანატომია”, რომლის საშუალებითაც, ტელეკომპანია ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს დასავლეთი “ღირებულებისგან თავისუფალი, სტერილური საზოგადოების” შექმნას ცდილობს, რომელზედაც, ავტორის მტკიცებით, ზემოქმედების მოხდენა ბევრად მარტივი იქნება. ზოგადად, ახვლედიანი დასავლეთსაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობისგან დაცლილ სივრცედ სახავს, რომელსაც ტრანსნაციონალური ინსტიტუტები მართავენ.
დაფინანსებულ ფეისბუქ პოსტებში შემდეგი გზავნილები დომინირებდა:
- პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული;
- საქართველოში კულტურად შემოსაღებული გარყვნილების პროპულარიზაცია ხდება;
- ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ დუმს, შესაბამისად, მას მხარს უჭერს.
პროსახელისუფლებო მედიებიდან ჯამში ყველაზე მეტი, 80 პოსტი ტელეკომპანია POSTV-ის სხვადახვა ფეისბუკ გვერდმა (POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები, კონსერვატორია) დააფინანსა. გადაცემებს შორის ყველაზე მეტჯერ (37)-ჯერ არის დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის “ლიბერალიზმის ანატომია”, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ამტკიცებს, რომ დასავლეთს “სარეველასავით მოედო გარყვნილების პროპაგანდა, რომელსაც საცეცები საქართველოსკენ აქვს მიმართული”.
მედია | დაფინანსებული პოსტების რაოდენობა | თითოეულ რეკლამაზე დახარჯული თანხა | დაფინანსებული პოსტების ბმულები |
58 | <$100 | 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, | |
21 | <$100 | 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, 19, | |
კონსერვატორია (POSTV) | 1 | <$100 | |
| 5 | <$100 | |
10 | <$100
| ||
5 | <$100 | ||
28 | <$100 | 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14,15,16,17,18,19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28 |
2024 წლის მარტი
2024 წლის მარტის დასაწყისში პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა POSTV – ახალი ამბები (1,2) და Newshub.ge – ნიუსჰაბი (წარსულში Pia.ge) (1,2,3) მამუკა მდინარაძის ბრიფინგის ფრაგმენტები დაარეკლამეს, სადაც მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდა. Newshub-მა ამავე თემაზე ასევე დაარეკლამა (1,2) ყოფილი და მოქმედი პრემიერის განცხადებების ფრაგმენტები. ამავე მედიამ მოგვიანებით მეუფე იაკობის განცხადებაც დააფინანსა, რომელშიც ბოდბელი ეპისკოპოსი აღნიშნავს: “ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად – სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში.”
დაახლოებით 1 კვირის შემდეგ მამუკა მდინარაძემ კვლავ გააკეთა განცხადება ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვაზე ოპოზიციის მხრიდან დუმილის შესახებ. მდინარაძის თანახმად, LGBT პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გაევლება, მცირერიცხოვანი ერი დაიღუპება. მდინარაძის განცხადების სხვადასხვა ფრაგმენტი დააფინანსეს POSTV – ახალი ამბები-მა (1,2,3) და Newshub-მა (ყოფილი Pia.ge) (1,2,3,4).
აღსანიშნავია, რომ POSTV – ანალიტიკამ ლგბტ საკითხებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სიუჟეტიც მოამზადა და დააფინანსა, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიცია ამ თემაზე კითხვებს გაურბის.
8-26 მარტის პრიოდში აღნიშნულ თემაზე მამუკა მდინარაძის განცხადებები POSTV-მ და TV იმედმა (1, 2, 3, 4, 5) კვლავ დააფინანსეს.
POSTV – ანალიტიკა ასევე აფინანსებს (1,2) დოკუმენტურ ფილმსა და მის ანონსს, რომელიც წიგნის “ცისფერი” გამოცემას ეხება. გადაცემაში ნათქვამია, რომ საქართველოში კულტურად შემოსაღებული გარყვნილების პროპულარიზაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს, მასში აღნიშნულია, რომ ლგბტ პროპაგანდა პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული და უკვე ყველა სფეროში არის შეღწეული. 7 მარტს POSTV-ანალიტიკას მიერ დაფინანსებულ (1,2) ორ პოსტში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ არტ-არეა გალერიში ლგბტ/ქვიარ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
POSTV-ს დაფინანსებული ჰქონდა ასევე რამდენიმე პოსტი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” შესახებ და გადაცემა “კონსერვატორია”, რომელშიც წამყვანები მმართველი პარტიის მხრიდან LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ POSTV-ანალიტიკის მიერ დაფინანსებულია გადაცემის ანონსიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში ენჯეო სექტორის, პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ არის წახალისებული.
POSTV-ს ფეისბუქის რეკლამებს შორის ხშირია გიორგი ახვლედიანის გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომია”, რომელიც ლგბტქი+ თემს ეხება. გადაცემაში მეტწილად საუბარია გენდერულ იდენტობაზე და დასავლეთში სქესის შეცვლის შემთხვევებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაცემა არ წარმოადგენს უბრალოდ მსგავსი ფაქტების კრიტიკას და მას ანტიდასავლური კონტექსტი აქვს. დავით ახვლედიანი ცალკეულ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ლიბერალიზმი მთლიანად “გენდერულ იდეოლოგიაზეა” დაფუძნებული და რომ დასავლეთის ლიბერალური პოლიტიკა ცდილობს ერთსახოვანი, უსქესო საზოგადოება შექმნას, რისთვისაც “ახალი ადამიანის გამოყვანა არის საჭირო”. ახვლედიანი გადაცემებში აცხადებს, რომ ამერიკის მმართველი ოლიგარქიული ოჯახების მიზანს მცირეწლოვანი ბავშვების გარყვნა წარმოადგენს.
“ლიბერალიზმის ანატომიის” იმ გადაცემებში, რომელსაც POSTV არეკლამებს, გაჟღერებული კონსპირაციული თეორიებიც, რომ მსოფლიო ლგბტ ორგანიზაციის მმართველები სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის წაშლას ისახავენ მიზნად. გარდა ამისა, გადაცემებში, ზოგჯერ, ვხვდებით ინფორმაციის დამახინჯებას და ყალბი ამბების გავრცელებას ან ფაქტებით მანიპულირებას. “მითების დეტექტორმა” გადაცემაში გაჟღერებულ მტკიცებებზე რამდენიმე სტატიაც მოამზადა.
ონლაინ გამოცემა Georgia First NEWS-ს ფეისბუქზე მარტში ლგბტქი+ თემის შესახებ 8 პოსტი აქვს დაფინანსებული. პოსტების ნაწილში წარმოდგენილია მოსაზრებები გენდერისა და ჰომოსექსუალობის შესახებ (1,2,3), ნაწილში კი გაკრიტიკებულია ამერიკული ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც, პორტალის თანახმად, ამერიკელებს “აბორტს, ომებს, ბავშვების კასტრაციას, ტრანსეგნდერების დაცვას” სთავაზობს (1,2). აქვე გვხვდება დაფინანსებული პოსტები ლგბტ-მოძრაობასთან მზარდი იდენტიფიკაციისა და ტრანსგენდერი ფეხბურთელების შესახებ (1,2).
2024 წლის თებერვალი
2024 წლის თებერვლის ბოლოს POSTV – ანალიტიკისა (1,2) და POSTV – ახალი ამბების (1) ფეისბუკ გვერდებზე “ხალხის ძალის” განცხადება დაფინანსდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი. ამავე პერიოდში გვხვდება “POSTV – ახალი ამბების” მიერ დასპონსორებული (1,2) “ხალხის ძალის” წევრების, გურამ მაჭარაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებები. მაჭარაშვილის თანახმად, “საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას”, ხუნდაძე კი აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდა სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღია.
ბლინკენის განცხადების შესახებ ასევე საუბარი იყო გადაცემაში “პოლიტიკური ფილოსოფია” რომელიც ასევე 26 თებერვალს დაფინანსდა. წამყვანის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ეგიდით დასავლეთის ქვეყნებში ლგბტ პროპაგანდაში ბავშვებიც ჰყავთ ჩართული.
ბლინკენის განცხადების შეფასებების შემცველი პოსტები ამავე პერიოდში აქტიურად ჰქონდა დაფინანსებული (1,2,3,4,5) Georgia First NEWS-საც. თებერვლის მეორე ნახევარში გამოცემამ დაფინანსებული პოსტები მიუძღვნა ამერიკასა და საბერძნეთში ლგბტქი+ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებებსაც.
აღსანიშნავია, რომ იდენტობის თემით მანიპულირება ხდებოდა ოპოზიციის მისამართითაც, მაგალითად, 26 თებერვალს POSTV-ის მიერ დაფინანსებულ პოსტში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდუსერო კომპანიის ფილმა “გზაჯვარედინზე” ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო.
2024 წლის თებერვალში ასევე გვხვდება საინფორმაციო სააგენტოს PrimeNews.Ge -ის მიერ ოთხი დარეკლამებული (1,2,3,4) პოსტი. ერთ-ერთში საზოგადოებრივი მოძრაობის “აი ია” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხს წარმოადგენს. დანარჩენ პოსტებში ვხვდებით პარტია “ხალხის ძალის” განცხადებებს, სადაც აქცენტი კეთდება, რომ დასავლური სტრუქტურები “ფსევდოლიბერალური პროპაგანდის” წყაროა.
თებერვალში POSTV-ანალიტიკამ ახვლედიანის გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიის” კიდევ 18 ეპიზოდი დააფინანსა.
2024 წლის იანვარი და 2023 წლის დეკემბერი
2024 წლის იანვარში POSTV – ახალი ამბების ფეისბუკ გვერდზე დაფინანსდა ვატო შაქარიშვილის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ “წაყრუების და შეგუების” მიდგომამ მოიტანა ის, რომ Gen Z-ის 30% თავს LGBTQ-ს მიაკუთვნებს.
2023 წლის დეკემბერში Pia.ge-მ, POSTV-ანალიტიკამ და TV Imedi-მა დააფინანსეს (1,2,3) მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელშიც ის ამბობს: “კი – ადამიანის უფლებებს უალტერნატივოდ; არა – ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას. ეს არის მარტივი ფორმულა და ქართველი, საქართველოს მოქალაქე ამ ფორმულის დარღვევას არასდროს დაუშვებს”. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკმა TV Imedi-ის რეკლამა წაშალა, რადგან დარღვეული იყო სოციალური საკითხების, არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ რეკლამის წესები.
2023 წლის 12 დეკემბერს POSTV – ანალიტიკას დაფინანსებულ პოსტში ნათქვამია, რომ “კეზერაშვილის და ნაცმოძრაობის ფორმულა” ბავშვთა ლგბტ პროპაგანდას ეწევიან, რასაც თან ახლავს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ფრაგმენტი, რომელშიც ბავშვი დედას ეუბნება, რომ ბიჭები არ მოსწონს. აღნიშნულს “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფრაგმენტის მიზანს რეალურად იმის ჩვენება წარმოადგენს, თუ როგორ უარყოფითად აისახება მშობლების ტოქსიკური ურთიერთდამოკიდებულება შვილის ფსიქიკაზე.
2023 წლის 27 დეკემბერს POSTV – ანალიტიკამ ლგბტ საკითხებზე კიდევ ორი სიუჟეტი დააფინანსა, რომლებშიც კინოინდუსტრიას და ერთი და იმავე სქესის წყვილებზე ვატიკანის დამოკიდებულებას განიხილავენ.
POSTV-ანალიტიკა ზემოთ განხილულ გადაცემას “ლიბერალიზმის ანატომია” ფეისბუქის რეკლამებში იანვარსა და დეკემბერშიც აფინანსებდა.
რაც შეეხება Georgia First NEWS-ს დეკემბრისა და იანვრის თვეში დაფინანსებულ პოსტებში აქცენტი კეთდებოდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ჰომოსექსუალები არიან. ასევე აქტიურად ხდებოდა ინფორმაციის გაშუქება და დარეკლამება ტრანსგენდერების სპორტში მონაწილეობაზე.
საქართველოს პარლამენტში 2014-2022 წლებში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლებიც ლგბტქი+ თემის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად. პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივებიდან, რომლებიც 8 მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. ცვლილებების პაკეტი გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით ამ ჯგუფების უფლებების ხელყოფას:სამართლებრივ მექანიზმებზე წვდომის შეზღუდვას, დასაქმების შეზღუდვას, შეკრებების და მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა. ყველაზე მეტი ინიციატივა სხვადასხვა კანონებიდან, პირველ რიგში კი ანტიდისკრიმინაციულიდან, ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ისახავდა მიზნად.
2023 წელს მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ “ქართული ოცნება” ასეთი კანონპროექტის მიღებას არ განიხილავდა, რასაც ძირითადად სამართლებრივი არგუმენტებით ასაბუთებდა, თუმცა 2024 წელს მმართველმა პარტიამ აზრი შეიცვალა და კანონპროექტი თავად დააინიცირა. ამ თემაზე იხილეთ: