18 აპრილს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა (imedinews.ge, nsp.ge, reportiori.ge, newshub.ge, for.ge, lideri.ge, rustavi2.ge, ongo.ge, kvira.ge, qartuliazri.reportiori.ge, newspress.ge, infopostalioni.com, mkhare.ge, POSTV – ანალიტიკა), ვატო შაქარიშვილის პლატფორმებმა (არ აგარევინებთ, Georgia First NEWS) და ანონიმურმა ფეისბუკ გვერდებმა (აგენტურა (1,2), ციტატა) კოორდინირებულად გაავრცელეს CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის, ლარი ჯონსონის ციტატა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ. ჯონსონის თანახმად, საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად დასავლეთი მუშაობს – “ეს არ არის ორგანული, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ.”
კოორდინირებულ გავრცელებასთან ერთად, ჯონსონის ციტატა, რომელშიც ის დასავლეთს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობაში ადანაშაულებს, ანონიმურმა ფეისბუკ გვერდებმა (აგენტურა 1,2; ციტატა), პროსახელისუფლებო მედიამ (Postv-ანალიტიკა) და ვატო შაქარიშვილის ფეისბუკ გვერდებმა (არ აგარევინებთ, Georgia First NEWS 1,2,3) დაასპონსორეს კიდევაც. აღსანიშნავია, რომ Georgia First NEWS-ს ლარი ჯონსონის განცხადება სამჯერ აქვს დაპონსორებული.
რა ვიცით ლარი ჯონსონის შესახებ?
ლარი ჯონსონი ყოფილი დაზვერვის ოფიცერი და ტერორიზმთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ექსპერტია. მისი კარიერა მოიცავს სხვადასხვა როლს აშშ-ს მთავრობასა და კერძო სექტორში. ჯონსონმა კარიერა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA) 1980-იან წლებში დაიწყო. CIA-ში მუშაობის 4 წლის განმავლობაში დაკავებული იყო ტერორიზმთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით. შემდეგ ჯონსონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ოფისში მუშაობდა. იგი საერთაშორისო ტერორისტული ინციდენტების პრევენციასა და მათზე რეაგირების პროცესში იყო ჩართული. სამთავრობო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯონსონმა მუშაობა პოლიტიკური კონსულტაციისა და ტერორიზმთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კომენტატორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონი ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ამერიკის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებსა და სადაზვერვო პრაქტიკის მიმართ. ჯონსონი ასევე კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დასავლური მიდგომის შესახებ. მისი პერსპექტივის მიხედვით, დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-სა და მის მოკავშირეებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონფლიქტზე, ვინაიდან მათი ქმედებები ხელს არ უწყობს მშვიდობის მიღწევას. ჯონსონი ხშირად ჩნდება კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ეთერში და კრემლის მედია სხვა “დასავლელ დამოუკიდებელ ექსპერტებთან” ერთად თავის პრორუსულ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს (1, 2, 3, 4, 5, 6, 7)
გარდა სტუმრობისა, სოლოვიოვის გადაცემაში სისტემატიურად შუქდება ლარი ჯონსონის ინტერვიუები, სადაც ჯონსონი უკრაინის შესახებ საუბრობს (1,2,3,4,5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20). ამ ინტერვიუებში ჯონსონი მეტწილად Fox News-ის ყოფილ წამყვანს, ენდრიუ ნაპოლიტანოს ესაუბრება. ნაპოლიტანოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში Fox News დაატოვებინეს, რადგან მან ეთერში დაუდასტურებელი ბრალდებელი გააჟღერა – თითქოს ბრიტანული დაზვერვა ბარაკ ობამას დავალებით 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს Trump Tower-ს უსმენდა. ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ბრალდება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ GCHQ მუშაობს მკაცრი სამართლებრივი და ეთიკური მითითებების შესაბამისად. საბოლოოდ, ნაპოლიტანო Fox News-იდან 2021 წლის აგვისტოში Fox Business-ის პროდუსერის ასისტენტის მიერ წარდგენილი სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ გაათავისუფლეს.
ჯონსონი პირად Youtube არხზეც – “Larry C. Johnson” – აქტიურად ოპერირებს. მის არხს ხშირად სტუმრობს სკოტ რიტერი, რომელსაც კრემლის მედია ასევე დასავლელ ექსპერტად წარმოაჩენს და უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის განსამტკიცებლად ხშირად ეყრდნობა. ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირში კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის დაბლოკვის მიუხედავად, დასავლეთში რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია “დამოუკიდებელი ექსპერტების” საშუალებით მაინც მიმდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში ამ ექსპერტების მიერ გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მათივე პლატფორმებიდან მარტივად გადადის შედარებით უფრო სანდო წყაროებში, შემდეგ კი კრემლის პროპაგანდის ლეგიტიმაცია დასავლელი, დამოუკიდებელი ექსპერტების სახელით ხდება.
2024 წლის 20 მარტს, საბერძნეთის პარლამენტმა უმასპინძლა კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზების შესახებ. საბერძნეთის პარლამენტის წევრების გარდა თავისი შეხედულებები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და დასავლეთის პოლიტიკაზე CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა, ლარი ჯონსონმა წარმოადგინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯონსონის პოზიციები რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომებთან დაკავშირებით. ჯონსონი, გარდა იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნატოსა და უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შემოჭრისა და საქართველოს ტერიორიების ანექსიის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
რა ნარატივებს ავრცელებს ლარი ჯონსონი?
- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დასავლეთის ბრალი: ჯონსონი აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომში ევროპა და შეერთებული შტატები არიან დამნაშავენი, ამის არგუმენტად კი NATO-სთან 1997 წლის შეთანხმებას, როგორც რუსეთის ეკონომიკურად დასუსტების სავარაუდო სტრატეგიის ნაწილს ასახელებს.
- რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ბრალეულობის უგულებელყოფა: ჯონსონის მტკიცებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა, დაგმეს რუსეთის ქმედებები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა, ლარი ჯონსონი აკრიტიკებს დასავლეთს „ტყუილისთვის“ და, ფაქტობრივად, ადანაშაულებს ქართულ ძალებს რუსეთის ჯარებზე თავდასხმაში: „რუსეთი შემიჭრა საქართველოში მაშინ, როცა იქ რუსული ჯარებს თავს დაესხნენ.” გარდა ამისა, ჯონსონის განცხადებით, მექსიკის მთავრობამ რომ მსგავსი რამ გააკეთოს, აშშ რეაგირებას მოახდენს.“
- 2004-2005 უკრაინის რევოლუცია და მაიდანი, როგორც დასავლური შეთქმულების ნაწილი. CIA და MI6-ის როლი: ჯონსონი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინელი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნებისთვის და ვარაუდობს, რომ რევოლუცია ისეთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ იყო ორკესტრირებული, როგორიცაა CIA და MI6. ჯონსონის მტკიცებით, დასავლეთი უკრაინაში რუსული გავლენის შესუსტებას და პროდასავლური ლიდერების ხელშეწყობას ცდილობდა. ჯონსონი ასევე ამტკიცებს, რომ 2014 წლის მაიდანის პროტესტი და უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერება იყო CIA და MI6-ის გეგმის ნაწილი რუსეთთან დაპირისპირების მიზნით.
- ნატოს სამხედრო წვრთნების როლი რუსეთთან დაძაბულობის გაზრდაში: ლარი ჯონსონი აღნიშნავს, რომ NATO-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც 2006 წლიდან მოიცავდა ნატოს მიერ დაფინანსებულ ერთობლივ წვრთნებს, აძლიერებს რუსეთთან დაძაბულობას. ასევე ჯონსონი აღნიშნავს, რომ აშშ-მა დაიკავა კონფრონტაციული პოზიცია რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით ცივი ომის შემდგომ ეპოქაში და ისეთმა პოლიტიკამ, როგორიცაა NATO-ს გაფართოება და სამხედრო წვრთნები რუსეთის საზღვრებთან ხელი შეუწყო დაძაბულობის გაზრდას.
- წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებები: ჯონსონი ამტკიცებს, რომ აშშ-მ და ბრიტანეთმა ზეწოლა მოახდინეს უკრაინაზე, დაეტოვებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2022 წლის მარტში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება არ სურდა. გარდა ამისა, ჯონსონი ამბობს, რომ მინსკის შეთანხმება იყო გამიზნული არა აღსრულებისთვის, არამედ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
- უკრაინისთვის იარაღის შეჩერება: ჯონსონი ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა შეაჩერონ უკრაინას იარაღის მიწოდება, რადგან ეს ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას.
- უკრაინის დამარცხება გარდაუვალია: ჯონსონის თანახმად, კონფლიქტი რეალურად აძლიერებს რუსეთს, რასაც მოწმობს მისი გაზრდილი სამხედრო წარმოება და შესაძლებლობები, უკრაინა კი ვერ ახერხებს გამარჯვებას, რამდენადაც აკლია რესურსები და გაწვრთნილი ჯარები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ბრძოლის შესანარჩუნებლად. ჯონსონი ამერიკის მიერ „რუსეთის გატეხვის“ მცდელობებს ტიტანიკის მსგავს ჩაძირულ გემს ადარებს. Voxukraine-ის თანახმად, ჯონსონი უკრაინას ადარებს მესამე რაიხს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსად დასრულდება: უკრაინა ან კაპიტულაციას მიიღებს, ან განადგურდება.
- ზელენსკისა და უკრაინის არმიის კრიტიკა: ლარი ჯონსონი ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტს პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის ხმის ჩახშობასა და უკრაინის რელიგიურ ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გარდა ამისა, ის ცნობილია დეზინფორმაციული მტკიცებებითაც. გამოცემის Voxukraine მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, სლოვაკურმა მედიამ ლარი ჯონსონზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის არმიაში ნარკოტიკები შოკოლადის, ტკბილეულის და უკრაინაში წარმოებული შპრიცების სახით ვრცელდება, რაც უკრაინის არმიის სიმამაცეს და გამბედაობას ხსნის – უკრაინელი ჯარისკაცები არ რეაგირებენ ტკივილზე განსაკუთრებით და საშიშნი ხდებიან რუსული არმიისთვის. ჯონსონი ვარაუდობს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები იყენებენ იგივე ნივთიერებებს, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი “იღებს.”
აღსანიშნავია, რომ ე.წ. “დასავლელი ექსპერტების” გამოყენება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. სხვადასხვა დროს კრემლის მედია აქტიურად ტირაჟირებდა მისთვის სასურველი პოზიციის მქონე ისეთ დასავლელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს, როგორებიცაა ტაკერ კარლსონი და სკოტ რიტერი. მნიშვნელოვანია, რომ კრემლის მედიის გარდა, აღნიშნულ ექსპერტებს ლოკალურ კონტექსტში ხშირად სხვადასხვა ანტილიბერალური და სახელისუფლებო აქტორებიც ტირაჟრებენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში.