ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

ტაკერ კარლსონი
2.3k
VIEWS

ამერიკელი ჟურნალისტი, Fox News-ის ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. პუტინთან ორსაათიანი საუბარი კარლსონის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში 8 თებერვალს გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ კარლსონს ჰქონდა პატივი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაეწერა კრემლისადმი ლოიალობის გამო. პესკოვის თანახმად, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, კარლსონი არ არის მიკერძოებული და მისი პოზიცია არის არა პრორუსული, ან პრო-უკრაინული, არამედ საკმაოდ პროამერიკული, თუმცა ის მაინც “ეწინააღმდეგება ტრადიციული ანგლო-საქსური მედიის პოზიციას“. თავად ტაკერ კარლსონის განმარტებით, ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა მიზნები აქვს ახლა – ამერიკელებს არასოდეს გაუგიათ პუტინის ხმა. სწორედ ამიტომ ტაკერ კარლსონმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამხდარიყო კრემლის ტრადიციული გზავნილების რუპორი და საშუალება მისცა რუსეთის პრეზიდენტს, გაევრცელებინა ის ცნობილი ნარატივები და მითები, რომელთა საბაბითაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ამართლებდა.  

პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა არის ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა ლიდერების იოსებ სტალინისა და ვლადიმერ ლენინის დამსახურებით დაარსდა; რომ 2014 წელს უკრაინამ ყირიმისთვის „საფრთხე შექმნა“ და ის რუსეთს  უნდა დაეცვა; რომ უკრაინის კონფლიქტი არის “სამოქალაქო ომი” და ომი არა რუსეთმა, არამედ 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინელმა ნეონაცისტებმა  დაიწყეს. პუტინმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტებს პოლიტიკურ, საინფორმაციო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა და ამერიკის მთავრობამ უკრაინაში გადატრიალების ორგანიზებისთვის 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ტაკერ კარლსონი უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების მოწინააღმდეგე იყო. ამასთანავე, კარლსონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებდა, რომელიც ამერიკის დახმარებით რუსეთში ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ტაკერ კარლსონის განცხადებებს კოორდინირებულად ჯერ კრემლის მედიები, შემდეგ კი საქართველოში ლოკალურ კონტექსტში საქართველოში კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიების (ალტ-ინფო, Sezoni TV) გარდა, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები (PosTV, Pia.ge, Lider.ge, იმედი) და სხვა ანტიდასავლური/ანტილიბერალური პლატფორმები (საქართველო უპირველეს ყოვლისა, აი უცნობი • i ucnobi, publicist.ge, საქართველო და მსოფლიო, პოლიტიკანო) ეყრდნობიან. ანტიდასავლური განწყობების მქონე და ზოგიერთ შემთხვევაში სახელისუფლებო მედიები კარლსონს უკვე რამდენიმე წელია, რაც გავლენიან ჟურნალისტად წარმოაჩენენ, რომელიც ამერიკელთა ხმას აჟღერებს.

დასპონსორებული პოსტები და ტაკერ კარლსონის გაშუქება პროსახელისუფლებო და ანტილიბერალურ მედიაში

ამერიკელი წამყვანის ტაკერ კარლსონის ნარატივების გავრცელება და დასპონსორება საქართველოში ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მმართველია პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის ვატო შაქარიშვილის დაფუძნებულმა პლატფორმამ “საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia Firstდაიწყო. 2022 წლიდან დღემდე, 15 თებერვლის მონაცემებით, პლატფორმის ორ ფეისბუკ გვერდზე (Georgia First NEWSსაქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First)  ტაკერ კარლსონთან დაკავშირებული 34 დასპონსორებული მასალა გვხვდება, რომელთა უმრავლესობა ტაკერ კარლსონის ინტერვიუების ფრაგმენტებს, თავად კარლსონის მოსაზრებებს და მის პლატფორმებზე გამოქვეყნებულს პოსტებს წარმოადგენს. მათ შორის ზოგიერთი პოსტი რამდენჯერმეა დაფინანსებული). ბოლო ორ მასალაში ტაკერ კარლსონის პუტინთან ინტერვიუს სრული ვერსიებია წარმოდგენილი (1,2), სამი მათგანი კი (1,2,3) ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან  ინტერვიუს და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს შეეხება. უფრო ადრინდელ მასალებში წარმოჩენილია ტაკერ კარლსონისა და მისი სტუმრების განცხადებები, რომლებიც როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ისე უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკისკენ არის მიმართული. 

2024 წელს დაფინანსებული პოსტები

2022-2023 წლებში  დაფინანსებული პოსტები

გარდა პლატფორმისა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ტაკერ კარლსონის ინტერვიუებს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია PosTV-იც აფინანსებს. 2024 წლის თებერვალში ფეისბუკ გვერდმა POSTV – ახალი ამბები გამოაქვეყნა და დაასპონსორა ვიდეო,  რომელშიც ტაკერ კარლსონი განმარტავს მიზეზებს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ კარლსონი ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ში კრიტიკის ობიექტი გახდა.  აღსანიშნავია, რომ POSTV – ანალიტიკა-ს 2023 წელსაც აქვს დაასპონსორებული ვიდეო, რომელშიც Fox News-ის ყოფილი წამყვანი უკრაინის პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ზელენსკი თვითონ არის ბნელი ძალა, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში ქრისტიანული რწმენა აკრძალა. 

2022 წლის დეკემბერში PosTV-ის გადაცემას “კონსერვატორია” დასპონსორებული აქვს ამერიკის კონგრესში ზელენსკის ვიზიტის ტაკერ კარლსონისეული შეფასება. ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს შემდეგ კი თავად “კონსერვატორიის” წამყვანებმა შეაფასეს კარლსონისა და პუტინის ინტერვიუ და პოსტი დაასპონსორეს კიდეც. გადაცემაში აღნიშნეს, რომ დასავლეთში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების და მიღების პრობლემაა, შესაბამისად პუტინის აზრები დასავლური მედიისთვის იქნება “ამოუცნობი და ახალი”.

takeri1 ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

2023 წლის ივლისში  სააგენტო Pia.ge-მ დაასპონსორა ტაკერ კარლსონის ციტატა, რომელშიც კალრსონი ვოლოდიმირ ზელენსკის პროპაგანდისტ გონსალო ლირას დაკავების გამო აკრიტიკებდა. 

ტაკერ კარლსონის შესახებ სტატია დასპონსორებული აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკასაც”. სტატიაში განხილულია ტაკერ კარლსონის როლი ამერიკულ მედიაში, დასასრულს კი აღნიშნულია, რომ Fox News-იდან მისი გათავისუფლების შემდეგ “რა გზაც არ უნდა აირჩიოს ტაკერ კარლსონმა, ის ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური სისტემის და ისტებლიშმენტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიტიკოსად, რომელსაც ამერიკაში ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ჰყავს”. 

takeri2 ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

2022 წლის მარტში  პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოების ცენტრთან დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდმა “Politicano • პოლიტიკანო”  ტაკერ კარლსონის გადაცემის ფრაგმენტი დაასპონსორა, სადაც სტუმრად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი იყო მიწვეული. ტულსი გაბარდის თქმით, ომის აცილება ბაიდენს შეეძლო, თუ ის რუსეთს გარანტიას მისცემდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა. 

takeri3 ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ფრაგმენტები გავრცელდა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ არხ “ალტ-ინფოს” ფეისბუკ გვერდზეც (1,2,3,4).

takeri4 ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

სტატიაში სათაურით “რუსები არ ნებდებიან!” “საქართველო და მსოფლიოს” ავტორმა ვალერი კვარაცხელიამ ტაკერ კარლსონის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს მისთვის ოთხი მნიშვნელოვანი მომენტი განიხილა. კვარაცხელიას შეფასებით, მსოფლიოში ვერც ერთი ლიდერი ვერ გამოიწვევდა ამ მასშტაბის ინტერესს, როგორც ეს პუტინის შემთხვევაში მოხდა, თავად ტაკერ კარლსონი კი პატრიოტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია – საკუთარი ქვეყნის გამოღვიძება უნდა შეძლოს. კვარაცხელიამ მაღალმხატვრული ღირებულების მქონე უწოდა ისტორიას, რომლითაც პუტინმა კარლსონთან ინტერვიუ დაასრულა:

უკრაინული დაჯგუფება ალყაში მოექცა. რუსული სამხედრო შენაერთიდან, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, გაიცა დანებების მოთხოვნისა და სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიის შემცველი ბრძანება. – Русские не сдаются! – გაისმა იქიდან სუფთა რუსულით. […] – რუსები არ ნებდებიან! მოგეხსენებათ, რომ ასეთ შემთხვევაში „არ ნებდებიან” სიკვდილზე წასვლას ნიშნავს. ისინი დაიხოცნენ. დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა ბრძოლა საბედისწერო შეცდომაა, მაგრამ ამ ერთი რაზმის თუ შენაერთის ბრძოლას თუნდაც ის გამართლება ჰქონდა, რომ მათ, მართალია, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მაგრამ მაინც თქვეს (აღიარეს) ის ჭეშმარიტება, რომ უკრაინელები და რუსები ერთნი არიან. “

takeri5 ვინ აფინანსებს ტაკერ კარლსონის პროპაგანდისტულ გზავნილებს ქართულ მედიაში?

ტაკერ კარლსონის მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ გზავნილებზე, რომელიც საქართველოში ვრცელდებოდა, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

ტაკერ კარლსონის მანიპულაციური გზავნილი/დეზინფორმაცია

გავრცელება ქართულ მედიაში

ზელენსკიმ უკრაინაში ოპოზიციური პარტიები აკრძალა; SPNews, Tia.ge, აი უცნობი • i ucnobi
ბაიდენმა თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს ააფეთქებდა; “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან
ამერიკელმა სენატორმა ჯეიმი რასკინმა თქვა, რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, ტრადიციული ღირებულებებით და არ აქვს მნიშვნელობა, რა დაუჯდება აშშ-ის მისი განადგურება; “ალტ-ინფო”, “საქართველო და მსოფლიო”იმედი, POSTV, PIA.GE, “კვირა”, “info 9”-მ, Lider.ge
ზელენსკი ქვეყანაში მართლმადიდებლობას და განსხვავებულ აზრს ებრძვის და სარწმუნოებასთან ბრძოლის გარდა კი მან ყველა ოპოზიციური პარტიაც აკრძალა; აი უცნობი • i ucnobi
უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. publicist.ge, “საქართველო უპირველეს ყოვლისა
  • 2023 წლის დეკემბერში ტაკერ კარლსონზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და  publicist.ge-მ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. რეალურად, ოსტინმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენას, რუსეთის სამომავლო სამიზნე შესაძლოა NATO-ს რომელიმე მოკავშირე აღმოჩნდეს, რაც აშშ-ს იძულებულს გახდის ევროპის დასაცავად თავად ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში.
  • 2022 წლის ოქტომბერში კრემლისტური მედიის “ალტინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” ტაკერ კარლსონის მონოლოგი გავიდა, რომლის ქართული თარგმანის მიხედვით, ამერიკელმა სენატრომა ჯეიმი რასკინმა თქვა, რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, ტრადიციული ღირებულებებით და არ აქვს მნიშვნელობა, რა დაუჯდება აშშ-ის მისი განადგურება. კონგრესმენი ჯეიმი რასკინის სახელით განცხადება მართლმადიდებლობის გამო რუსეთის განადგურებასთან დაკავშირებით თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გაშუქდა. შემდეგ კი ამავე თემაზე ხაინდრავას პოსტი კონგრესმენ ჯეიმი რასკინის “ციტატაზე” აქცენტით პროსახელისუფლებო მედისაშუალებებმა: იმედმა, POSTV-იმ, PIA.GE-მ, მედიაჰოლდინგმა “კვირამ”, საინფორმაციო სააგენტო “info 9”-მ, Lider.ge-მ კოორდინირებულად გაავრცელეს.  რეალურად, ციტატა თავად ტაკერ კარლსონს ეკუთვნის და ეს რასკინის მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შეფასება იყო. 
  • 2022 წლის აპრილში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში  “აკრძალა ყველა ოპოზიციური პარტია” და “დახურა ყველა ოპოზიციური არხი”. რეალურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში პარტიული საქმიანობის უფლება შეუჩერდათ არა ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ 11 პარტიას.
  • 2022 წლის დეკემბერში  გია გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე, “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნდა გადაცემის Tucker Carlson Tonight (1,2) ფრაგმენტი, რომელშიც ტაკერ კარლსონი ამტკიცებდა, რომ ზელენსკი ქვეყანაში მართლმადიდებლობას და განსხვავებულ აზრს ებრძვის და სარწმუნოებასთან ბრძოლის გარდა, მან ყველა ოპოზიციური პარტიაც აკრძალა. რეალურად, გზავნილები, რომ ზელენსკი უკრაინაში მართლმადიდებლობას ებძვის, მანიპულაციურია და უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას სრული კონტექსტის გარეშე წარმოაჩენს. 
  • 2022 წლის ოქტომბერში ტაკერ კარლსონმა საავტორო გადაცემაში (Tucker Carlson Tonight) ბაიდენის თებერვლის განცხადება Nord Stream 2-ის  შესახებ ეთერში გაუშვა და იმ პერიოდის კონტექსტის იგნორირებით, ბაიდენის სიტყვების ინტერპრეტირება “ჩვენ მას ავაფეთქებთ” – ციტატად მოახდინა. სინამდვილეში, ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია Nord Stream 2-ის დასასრული იქნებოდა, რაშიც გერმანიასთან თანამშრომლობით პროექტის შეჩერება იგულისხმებოდა. ბაიდენს მილსადენის აფეთქება ან დაზიანება არ უხსენებია. ბაიდენის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით სეზონი ტვ-ს წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გააჟღერა.

ტაკერ კარლსონის შესახებ

ტაკერ კარლსონი ჟურნალისტიკის კარიერის დასაწყისში ფაქტების გადამმოწმებლად მუშაობდა, წერდა როგორც ლიბერალური, ისე კონსერვატიული გამოცემებისთვის. 2000 წლიდან CNN-ში პოლიტიკური თოქ-შოუს Crossfire-ის მონაწილე გახდა. შემდეგ წლებში PBS-სა და MSNBC-ში გადავიდა, 2009 წლის მაისიდან კი  Fox News-ში დაიწყო მუშაობა. ტაკერ კარლსონს  2016-2023 წლებში საავტორო გადაცემა Tucker Carlson Tonight მიჰყავდა. მან პოპულარობა მოიპოვა თავისი შეთქმულების თეორიებით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით. 2018 წლის ბოლოს, მთავარმა რეკლამის მომწოდებლებმა უარი თქვეს კარლსონის შოუში რეკლამის გაშვებაზე მისი რასისტული გამონათქვამების გამო. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კარლსონი მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გახდა. თუმცა კარლსონმა პირად მიმოწერაში აღიარა, რომ მას სძულს ტრამპი. Fox News-მა კარლსონი 2023 წლის აპრილში გაათავისუფლა, რაც შესაძლოა Dominion Voting Systems-ის  Fox News-თან სასამართლო დავას უკავშირდებოდეს, რომელიც ტელევიზიას 767 მილიონი დოლარი დაუჯდა.  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ამ კომპანიის ხმის დამთვლელ მოწყობილობებს იყენებდნენ, ტაკერ კარლსონი და მისი გადაცემის სტუმრები კი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ ხმები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გააყალბა. Dominion Voting Systems-მა ტელეკომპანიას უჩივლა, რომლის წამყვანიც მათ ამომრჩეველთა ნების დამახინჯებაში ადანაშაულებდა

ჯერ კიდევ 2017 წელს კარლსონმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის ვლადიმერ პუტინი არ წარმოადგენს საფრთხეს და “მემარცხენეები” იმაში დაადანაშაულა, რომ “ყველა პრობლემის მიღმა”, რომელიც  ქვეყანას აწუხებს,  რუსეთის ლიდერს ხედავენ. ასევე, ტაკერ კარლსონმა გააფრთხილა ამერიკელი საზოგადოება, არ აჰყოლოდნენ „პროპაგანდას“, რომელიც „რუსეთის სიძულვილს“ ისახავდა მიზნად.   აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონს Fox News-დან გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლობა მალევე შესთავაზა Russia Today-მ.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist