2022 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) ტაძრებში ჩხრეკის ჩატარება დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნოემბერში კონტრდაზვერვითი სამუშაოები 350 ეკლესიაში ჩატარდა და 850 ადამიანი შემოწმდა. უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა, ასევე პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსულ მხარეზე გადასვლის მოწოდებების შემცველი დოკუმენტები.
1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ცალკეული ასპექტების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ. 1 დეკემბრის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სრული თავისუფლება – მათ შორის სულიერი თავისუფლებაც უზრუნველყოფილი იქნებოდა და არავის მიეცემოდა საშუალება, “უკრაინის სულში იმპერია აეშენებინა”. მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა დეკემბერშიც გააგრძელა. 1 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) რიგ სასულიერო პირებს სანქციები დაუწესდათ.
კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მოქმედებები “კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ რეპრესიებად” და დევნად შეფასდა (1,2,3,4). რუსული მედიასაშუალებების თანახმად, УПЦ МП-ის დევნა უკრაინის მოსახლეობის მართლმადიდებელი იდენტობის განადგურებას ემსახურება, რადგან მართლმადიდებლობა “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებების შემდეგ, იმ გზავნილის გავრცელება, თითქოს “ზელენსკის რეჟიმი” უკრაინაში მართლმადიდებლობას ებრძვის, საქართველოში პრორუსულად განწყობილმა აქტორებმაც აქტიურად დაიწყეს.
29 ნოემბერს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” წამყვანამა, ჯაბა ჟვანიამ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ), რომელსაც ავტოკეფალია აქვს მოპოვებული, “მწვალებელია”, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ეკლესია კანონიკურია და სწორედ მას დევნიან. ამ თემაზე საუბარი “ალტ-ინფოს” 15 დეკემბრის გადაცემაშიც იყო, სადაც პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ქარდავამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებს ხურავენ, იმ მიზეზით, თითქოს ეკლესიაში რუსული გავლენები შეიძლება იყოს.
2 დეკემბერს ტელეკომპანია სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” გადაცემის სტუმარმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში წნეხის, ზეწოლისა და ცენზურის ფონზე მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა მიმდინარეობს. ფალავანდიშვილმა “ეკლესიის აკრძალვა” უკრაინის პრეზიდენტის “ებრაულ წარმომავლობას” დაუკავშირა, ასევე, მისი მტკიცებით, ზელენსკიმ თვითონ განაცხადა, რომ მორწმუნე არ არის. 9 დეკემბერს იმავე გადაცემაში სტუმარმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ხალხის დევნა, ეკლესიების ნგრევა და მღვდლების დაპატიმრებები დაიწყეს.
12 დეკემბერს გია გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე, “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნდა ამერიკული არხის Fox News-ის გადაცემის Tucker Carlson Tonight (1,2) ფრაგმენტი, რომელშიც გადაცემის წამყვანი და მისი სტუმარი, ჟურნალისტი გლენ გრინვალდი, ზელენსკის მთავრობას აკრიტიკებენ და მას ტირანულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ. ტაკერ კარლსონის მტკიცებით, ზელენსკი ქვეყანაში მართლმადიდებლობას და განსხვავებულ აზრს ებრძვის, სარწმუნოებასთან ბრძოლის გარდა კი მან ყველა ოპოზიციური პარტიაც აკრძალა.
ეკლესიებში უშიშროების სამსახურის შესვლის პარალელურად, გზავნილს იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის უკრაინის მთავრობა მართლმადიდებლობას, ფეისბუქზე სხვადასხვა ინდივიდუალური ანგარიშებიც ავრცელებდნენ (1,2,3).
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ღონისძიებებზე გავრცელებული ინფორმაცია და გზავნილები იმის შესახებ, რომ ზელენსკი უკრაინაში მართლმადიდებლობას ებძვის, მანიპულაციურია და უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას სრული კონტექსტის გარეშე წარმოაჩენს.
-
ორი მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში და რუსული გავლენები
უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს – მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). ПЦУ დღევანდელი სახით 2018 წლის 15 დეკემბერს საბჭოზე ჩამოყალიბდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა იერარქის და ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ორი მიტროპოლიტის გაერთიანებით. 2019 წლის 5 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომეომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ამჟამად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, კვიპროსის და ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ.
უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობა, სწორედ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მრევლია. 2021 წლის მონაცემებით, კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, მართლმადიდებლების 58,3% თავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მრევლს მიაკუთვნებდა, ხოლო 25,4% უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო). ინსტიტუტის მონაცემები აჩვენებს, რომ 2020-იდან 2021 წლამდე ПЦУ-ს მხარდაჭერა გაიზარდა, ხოლო УПЦ МП-ს – შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ УПЦ МП მხარდაჭერამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად იკლო – მაისისთვის დაახლოებით 400-მა სამრევლომ ეკლესია დატოვა და ПЦУ-ს ნაწილი გახდა.
ომის დაწყების დღესვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) პატრიარქმა ონოფრემ, რუსული აგრესია დაგმო და პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდა, თუმცა ამ ომს “კაენის განმეორებითი ცოდვა” უწოდა, რაც უკრაინელი და რუსი ხალხის “ძმობას” უსვამს ხაზს. მოსკოვის საპატრიარქოსგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ არა ავტოკეფალია, УПЦ МП-მ მხოლოდ 27 მაისს გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ დამოუკიდებლობა УПЦ МП-ს ბოლო 30 წელია, რაც აქვს და ეკლესიამ ამ სტატუსს უბრალოდ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ხოლო “სულიერი კავშირი” მოსკოვის საპატრიარქოსთან არ გაუწყვეტია. კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორის სერგეი ბორტნიკის განმარტებით, УПЦ МП სავალდებულოდ აღარ მიიჩნევს მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სრულ კავშირისაც არ წყვეტს მასთან. მისივე თქმით, ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის მიიღო. პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის გაცხადება ეკლესიას სჭირდება, რათა სახელმწიფომ ის მოსკოვის საპატრაირქოსთან კავშირში არ დაადანაშაულოს.
აღსანიშნავია, რომ УПЦ МП-ს სურვილი, გაემიჯნოს მოსკოვის საპატრიარქოს, მხოლოდ მთავრობასთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან არიდებას არ ემსახურებოდა, ეკლესიას ხალხის მხარდაჭერაც სჭირდება, რომელიც ბოლო წლებში მცირდება. 2022 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი, უკრაინელების 74% სურდა, УПЦ МП-ს სრულიად გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან, ხოლო 51% საერთოდ მის აკრძალვას უჭერდა მხარს.
მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადების პასუხად პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ “გაგებით ეკიდებოდა” УПЦ МП-ს საჭიროებას, “ბრძნულად” მოქცეულიყო, თუმცა მალევე ანექსირებულ ყირიმში არსებული УПЦ МП-ს ეპარქიები პატრიარქ კირილეს პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა. სწორად ასეთი ქმედებები აჩენს შიშს, რომ უკრაინაში კრემლის წარმატების შემთხვევაში მოსკოვის საპატრიარქო არც ავტოკეფალიის მქონე უკრაინის ეკლესიას ПЦУ და არც მოსკოვთან დაკავშირებულ УПЦ-ს მისცემს არსებობის საშუალებას.
მოსკოვის საპატრიარქოსგან გამიჯვნის სურვილის ფონზე ნიშანდობლივია განცხადება, რომელიც УПЦ МП-მ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 12 მაისს გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარკვეულწილად უკრაინის მთავრობის და ПЦУ-ს ქმედებებმა გამოიწვია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლების განმავლობაში УПЦ МП-ს პატრიარქი ონუფრი “რუსული სამყაროს” დოქტრინის მხარდამჭერი იყო. “რუსული სამყაროს” კონცეფცია ძირითადად სლავი ხალხის კულტურულ, რელიგიურ და ისტორიულ ერთობას ეფუძნება და სსრკ-ის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყანაში რუსული დიასპორასთან. რუსული სამყაროს იდეა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პირობითს ხდის და რუსეთის გავლენის სფეროში აქცევს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთთან საერთო ისტორიული წარსული ჰქონდა. “რუსული სამყაროს” იდეის აქტიური მხარდამჭერია რუსეთის პატრიარქი კირილეც, ხოლო ეკლესია კრემლისთვის რბილი ძალის ინსტრუმენტია. რუსეთის საპატრიარქო აქტიურად იმეორებს კრემლის ნარატივებს, თებერვალში ომის დაწყების შემდეგ პატრიარქმა კირილემ არათუ არ დაგმო რუსეთის აგრესია, არამედ გაამართლა და მხარი დაუჭირა მას. მან ომის დაწყება დონბასში დასავლური ღირებულებების, “გეი-აღლუმების” მიუღებლობას დაუკავშირა. პატრიარქმა კირილემ რუსი გენერლებიც დალოცა, სექტემბერში კი განაცხადა, რომ უკრაინაში ომში დაღუპვით სამხედროებს ყველა ცოდვა მიეტევებათ.
იმის ფონზე, როცა УПЦ МП-ს წარმომადგენელი სასულიერო პირები მრევლს მშვიდობისკენ ლოცვისკენ მოუწოდებენ და რუსი და უკრაინელი ხალხის ძმობას უსვამენ ხაზსს, ПЦУ-ს პოზიცია ცალსახაა – უკრაინის დასაცავად ბრძოლა აუცილებელია.
-
უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი სამუშაოები
პრორუსული ნარატივი УПЦ МП-ს წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო საქმიანობას მართლმადიდებლობასთან ბრძოლად წარმოაჩენს, რაც, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანების უდიდეს ნაწილს, რომლებიც ავტოკეფალური ეკლესიის მრევლი არიან.
УПЦ МП-ს წარმომადგენლები კრემლთან რაიმე კავშირს უარყოფენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეკლესიების ტერიტორიებზე სხვადასხვა მტკიცებულებები და დოკუმენტები აღმოჩნდა, რომლებიც ეკლესიას აგრესორთან აკავშირებს. მათ შორის: პროპაგანდისტული ბროშურები, ნაცისტური სიმბოლიკა, უკრაინაში აკრძალული პარტიის, “ოპოზიციური პარტია სიცოცხლისთვის” სააგიტაციო ბროშურები, რუსი ავტორების პროპაგანდისტური წიგნები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ამართლებს და რუსეთის სამხედრო ძალებთან შეერთების მოწოდებებს შეიცავს, პროპაგანდისტური ბროშურები “მოძმე რუს ერთან” მშვიდობის მოწოდებებითა და რუსული მიწისა და რუსი ჯარისკაცების საქებარი ტექსტებით, ასევე საოკუპაციო დაჯგუფებების მშრალი საკვები. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოავლინეს პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყვნენ დაკავშირებული და ამ კავშირების გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მხარეს გადასვლის მოწოდებებს და რუსეთის ქმედებების გამართლებას შეიცავს, საკმარისი საფუძველია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის. ასეთი დოკუმენტები “რუსეთის ქმედებების პროპაგანდისთვის გამიზნული საინფორმაციო პროდუქციის დამზადება-გავრცელებად” და “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების გამართლებად, უარყოფად ან სამართლიანად მიჩნევად” შეიძლება იყოს კლასიფიცირებული.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, УПЦ МП-ს ერთ-ერთ მღვდელს რუსული სამხედრო ძალებისთვის უკრაინული არმიის პოზიციების შესახებ ინფორმაციის გადაცემისთვის 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ასევე УПЦ МП-ს ერთ-ერთი დიაკვანის წინააღმდეგ. უშიშროების სამსახურის ცნობით, ის ზაპორიჟიას ოლქის რუსეთთან მიერთების აგიტირებდა, სოციალურ მედიაში უარყოფდა უკრაინელი ერისა და უკრაინული ენის არსებობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა უკრაინის სუვერენიტეტს.
-
რუსეთთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა უკრაინაში
აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩამოთვლილ დოკუმენტებს შორის პარტიის “ოპოზიციური პარტია სიცოცხლისთვის” (ОПЗЖ) ბროშურები მოხვდა. ეს პარტია იმ 11 პარტიას შორისაა, რომლებსაც რუსეთთან კავშირის გამო პარტიული საქმიანობის უფლება შეუჩერდათ. ОПЗЖ ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკია. პუტინი მისი შვილის ნათლიაა. 2021 წელს მედვედჩუკს უკრაინამ სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში და ტერორიზმის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი აპრილში დააკავა. სექტემბერში ის 55 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინამ 215 ტყვეში, მათ შორის აზოვის პოლკის ხუთ მეთაურში გაცვალა.
რუსეთთან კავშირის გამო უკრაინაში პარტიული საქმიანობა შეუჩერდათ შემდეგ პარტიებს:
- “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (ОПЗЖ)
- “შარიას პარტია” (Партія Шарія)
- “ჩვენები” (Наші)
- “ოპოზიციური ბლოკი” (Опозиційний блок)
- “მემარცენე ოპოზიცია” (Ліва опозиція)
- “მემარცხენე ძალების კავშირი” (Союз лівих сил)
- “სახელმწიფო” (Держава)
- “უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია” (Прогресивна соціалістична партія України)
- “უკრაინის სოციალისტური პარტია” (Соціалістична партія України)
- “სოციალისტები” (Соціалісти)
- “ვოლოდიმირ სალდოს ბლოკი” (Блок Володимира Сальдо)
პარტიულ საქმიანობა შეჩერებულ პარტიებს შორის ОПЗЖ ერთადერთია, რომელიც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა. რუსეთთან დაკავშირებულ პარტიების გარდა უკრაინაში სხვა ოპოზიციურ პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ შეუჩერებიათ. პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს შორისაა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობა” (Європейська солідарність), იულია ტიმოშენკოს პარტია “მამული” (Батьківщина) და პარტია“ხმა” (Голос).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.