ლაზარე გრიგორიადისი „აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, სამართალდამცველებისთვის ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მან შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 აპრილს პარლამენტთან ლაზარე გრიგორიდისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვა მოქალაქეების გარდა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც იმყოფებოდა, რასაც საქართველოს მთვრობის წარმომდგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარალელურად, სოციალურ ქსელში დაკავებულისა და მისი მხარდამჭერი პირების მადისკრედიტირებელი კამპანია დაიწყო.
სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძირითადად ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გზავნილები გამოიკვეთა. კერძოდ:
- ლაზარე გრიგორიადისს გვარი გადაკეთებული აქვს და სინამდვილეში გრიგორიანია;
- გრიგორიდისს ნაციონალური მოძრაობა, ლგბტქი თემი და საზოგადოების სხვა მარგინალური ნაწილი უჭერს მხარს.
ასევე, ხდებოდა გრიგორიადისის მხარდამჭერების გაქილიკება და მათი დისკრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაციების გამოყენებაც.
აღსანიშნავია, რომ ქსენოფობიური შინაარსის პოსტებს ძირითადად კრემლისტური მედიები და ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ, ხოლო ჰომოფობიურ გზავნილების ტირაჟირებას და გარეგნული მახასიათებლების მიხედვით მარგინალიზაციას როგორც კრემლისტური, ასევე სახელისუფლებო ანონიმური ანგარიშები ახდენდნენ.
“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიაში ჩართული 6 ფეისბუკ გვერდი, 2 ფეისბუკ ჯგუფი, 15 ფეისბუკ პროფილი და 11 ანონიმური ანგარიში გამოავლინდა. ამასთანავე, გამოვლინდა ახლადშექმნილი, 3 აპრილს დარეგისტრირებული ცრუ მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდი სახელწოდებით – Gen-Z თაობა, რომელიც პროტესტის დისკრედიტაციას ინდივიდუალური ქალი აქტივისტების პირადი ფოტოების უკონტექსტოდ გავრცელებით ახდენდა. დისკრედიტაციაში ჩართული ანგარიშები აფილაციის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად შეიძლება დაიყოს:
- ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები: პოლიტიკური აბსურდი, სიმართლის დროა, ტერენტი გლდანელი, არ აგარევინებთ, საქართველოდან / From Georgia,
- ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ჯგუფები/გვერდი: ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე, ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial; Irakli Garibashvili 4 Georgia.
- კრემლისტური მედიები: News Front და თბილისი 24
- სხვადასხვა ანონიმური ფეისბუკ გვერდები/ანგარიშები: Gen-Z თაობა, შინ ევროპისკენ და ადრე გამოვლენილი სხვა ტროლები
- ხელისუფლების, პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და სხვა ანტილიბერალური ინდივიდუალური ფეისბუკ პროფილები.
ქსენოფობიური გზავნილები გრიგორიადისის ეთნიკურობასა და გვარზე ხაზგასმით
3 აპრილს კრემლისტური გამოცემების – News Front-ის ქართულენოვანმა ვერსიამ News Front და თბილისი 24-მა, რომელიც ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული გამოცემაა, ერთ-ერთ ფეისბუკ მომხმარებელზე დაყრდნობით ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ქსენოფობიური შინაარსის მქონე პოსტი შემდეგი სათაურებით გამოაქვეყნეს:
News Front: “ეს არაკაცი ჯერ მკვლელობის მცდელობისთვის უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, მერე კიდევ ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისთვის სომეხთა და ქართველთა შორის!”- მალხაზ ძიძიგური | თბილისი 24: “დაისაჯოს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისთვის სომეხთა და ქართველთა შორის!” |
პოსტის ავტორის მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისი სინამდვილეში გრიგორიანი იყო და მან გვარი საბერძნეთში წასვლის შესაძლებლობის გამო გადაიკეთა. ქსენოფობიურ პოსტში ის წერს, რომ გვარგადაკეთებულ გრიგორიადისს “უყივლა სისხლმა მაინც და გამეტებით ესროლა სასიკვდილო სითხე ჩვენს სისხლსა და ხორცს, ჩვენს გმირ სამართალდამცავებს” და ამის გამო ის დამატებით ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისთვის უნდა დასჯილიყო.
აღსანიშნავია, რომ მალხაზ ძიძიგურის ფეისბუკ პოსტები Nesw Front-ისა და “თბილისი 24”-ის ვებ-გვერდებზე სხვა დროსაც არაერთხელ გაშუქებულა.
3 აპრილს, გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” სტატიების ავტორმა, კონსტანტინე ჩიკვილაძემ, რომელიც ამავდროულად Spacnews-ის დახურული ჯგუფის ადმინისტრატორია და “მითების დეტექტორის” 2019 წლის კვლევის მიხედვით, News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდსაც მართავდა, News Front-იდან ქსენოფობიური პოსტი ფეისბუკის პირად ანგარიშზე გაავრცელა.
გრიგორიადისის გვარის შესახებ ერთი და იმავე შინაარსისა და ვიზუალის მქონე პოსტები სხვა ფეისბუკ მომხმარებელებმაც გამოაქვეყნეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერ და დეზინფორმაციული შინაარსის მასალებს ადრეც ინტენსიურად ავრცელებდნენ. მათ შორის არიან: Irakli Zakareishvili, ფანტ ინა, ლა ზი; “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერები (ნინი ხუნდაძე, ქართველი ქართველი). აღნიშნული პროფილები დაკავებულის პარტიულ აფილაციასთან ხაზგასასმელად 2016 წელს ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ავრცელებდნენ, რომელშიც ის სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთადაა ასახული. ამავე პოსტებში ხაზგასმული იყო, რომ გრიგორიადისი რეალურად გვარგადაკეთებული გრიგროიანია. აღსანიშნავია, რომ 3 პროფილს – ნინი ხუნდაძე, ფანტ ინა, ლა ზი – იდენტური შინაარსის ტექსტი ჰქონდა კოპირებული:
ჰომოფობიური გზავნილები
როგორც კრემლისტური, ასევე სახელისუფლებო ანონიმური გვერდები ავრცელებდნენ პოსტებს, რომლებშიც ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ძირითადად ჰომოსექსუალები იყვნენ და ამ მიზნით ვიზუალურ მანიპულაციას მიმართავდნენ.
“კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ფეისბუკ ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერების შესახებ ორი გაყალბებული პოსტი გამოაქვეყნა (1,2). ერთ-ერთ ფოტოზე დრეგ ქვინებს პლაკატზე გრიგორიადისის ფოტო და მისი მხარდამჭერი წარწერა “#თავისუფლება ლაზარეს” ფოტოშოპით არის დატანილი. მეორე პოსტში კი ბელგიის პრაიდის წარმომადგენლის ფოტოა პროგრამულად დამუშავებული და ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მხარდაჭერის ტექსტი დამატებული. აღნიშნული პოსტები “მითების დეტექტორმა” ფეისბუქზე ყალბად მონიშნა.
შიინ ევროპისკენ ასევე ავრცელებდა პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს, რომელზედაც ლაზარე გრიგორიადისი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრ ცოტნე კობერიძესთან, „თბილისის პრაიდის” ხელმძღვანელ გიორგი თაბაგართან და “საიას” ყოფილ თავმჯდომარე სულხან სალაძესთან ერთად ცისარტყელას ფერებიან კაბაში არიან გამოსახული და ამავე ფერების ქოლგა უჭირავთ ხელში.
ლაზარე გრიგორიადიდის ლგბტქი თემთან კავშირის ხაზგასმას სახელისუფლებო ანონიმური გვერდები – პოლიტიკური აბსურდი და ტერენტი გლდანელიც ახდენენ. მათ იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ პრაიდის ყოფილი დირექტორი, გიორგი თაბაგარი პოლიციელებზე მოძალადეს გმირს უწოდებდა.
ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური ფეისბუკ გვერდის საქართველოდან / From Georgia გავრცელებულ პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას “ნაცები და გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის ხალხი” მართავს. იდენტური ფოტო გავრცელდა ჯგუფში: ბიძინა ივანიშვილი და მომავალი თაობა#oficial. საქართველოდან / From Georgia-დან ასევე გააზიარა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ფოტოზე ლაზარეს მხარდამჭერი პირსპინგებიანი ახალგაზრდაა ასახული. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ფოტოზე ასახულ პირს გრიგორიადისთან კავშირი არ აქვს. მისი ფოტო აპრილში ტვიტერზე ესპანურენოვან ანგარიშებზე აქტურად ვრცელდება. 8 აპრილს ანგარიში Santiago Soler Bernabéu წერდა, რომ უკიდურესად მემარჯვენეების გამო ფოტოზე ასახულ პირს სამსახურის პოვნა უჭირს. მეორე დღეს იდენტური ფოტო ყალბმა ანგარიშმა Jacinta Rebolledo გაავრცელა, რომელიც დაცინვით წერდა, რომ მისმა ძმიშვილმა, ფიდელამ სამინისტროში სამსახური მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში (Jacinta Rebolledo) ყალბ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს და მის შესახებ ფაქტების გადამოწმების ესპანურ გამოცემას Maldita-ს არაერთხელ დაუწერია. Maldita-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ ანგარიში 2018 წლის 17 ივლისს პარიკმახერს გუტო ფერეირასის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ გვერდ საქართველოდან / From Georgia-ს კავშირს ხელისუფლებასთან ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ხელისუფლების მხარდამჭერი პოსტების გარდა, ისიც ცხადყოფს, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს გვერდის სახელწოდება “მშვიდობის ქალაქი. თბილისი” იყო, რაც თანხვედრაშია თბილისის მერიის საახალწლო სლოგანთან “თბილისი – მშვიდობის ქალაქი”, რის გამოც მმართველი პარტია უკრაინის მოვლენების კონტექსტში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. გვერდი პოსტებს ძირითადად ფეისბუქ პროფილ Nikusha Shanidze–ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ბოლო პერიოდში ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პირების მადისკრედიტირებელ პოსტებს და ყალბ ან შეცდომაში შემყვან მასალებს (კელი დეგნანისა და გია ხარჩილავას შესახებ) აქვეყნებს.
გრიგორიადისის გარეგნული და სხვა მახასიათებლებით დისკრედიტაცია
როგორც სახელისუფლებო გვერდების ნაწილი, ასევე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ანგარიშები ცდილობდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დისკრედიტაცია სხვადასხვა, მათ შორის გარეგნული მახასიათებლებით მოეხდინათ. 7 აპრილს გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა “არ აგარევინებთ” გამოაქვეყნა ფოტო სათაურით: “ერის შეურაცხყოფაა ამ “გმირის მხარდაჭერა!”. ფოტოზე ერეკლე მეორე და ლაზარე გრიგორიადისი ერთმანეთს იმის სადემონსტრაციოდ იყვნენ შედარებულები, რომ თითქოს გრიგორიადისის მხარდამჭერები “გმირის” ცნებას არასწორად იაზრებენ. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ასეთივე ვიზუალისა და შინაარსის ფოტო ორი დღით ადრე “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ფეისბუკ ანგარიშმა Dato Abulashvili “ლიბერასტების” ლოგიკის სადემონსტრაციოდ გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ლიბერალების აზრით, ერეკლე II მოღალატე, გრიგორიადისი კი გმირია.
გრიგორიადისის მიმართ სოლიდარობის დისკრედიტაცია
ანტიოპოზიციურმა და ხელისუფლების მხარდამჭერმა ანონიმურმა ფეისბუკ გვერდებმა ტერენტი გლდანელი, სიმართლის დროა პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მეგის ქარდავას პროგრამულად დამუშავებული ფოტო გაავრცელეს, რომელშიც თითქოს ქარდავას ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერის ნიშნად თვალი აქვს მოხატული.
ამავე მიზნით, პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა არ აგარევინებთ გაავრცელა. ფოტოზე სანიკიძესაც თვალის ქვეშ შავი ფანქარი აქვს წასმული, რაც პროტესტის დროს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ ჟესტს წარმოადგენდა.
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე გასული სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დისკრედიტაციას სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდი საქართველოდან / From Georgia Nikusha Shanidze-ის ინდივიდუალურ პოსტებზე დაყრდნობით ეწეოდა, რომელიც სხვადასხვა პირების გაშარჟებასთან ერთად ერთად ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ ვიზუალურ მანიპულაციასაც იყენებდა და პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს შემდეგი კომენტარით ავრცელებდა: “როგორი ბომჟიც იყო მოსვლამდე, ისეთი ბომჟია დღესაც”.
ამასთანავე, როგორც ფეისბუქ გვერდი საქართველოდან / From Georgia, ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ლიდერი 41, მისი ადმინისტრატორი დავით თორდია, ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “მეგრელი კონსერვატორი” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლები (1, 2,) უკონტექსტოდ და შეცდომაში შემყვანად აქვეყნებდნენ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კომენტარს 9 აპრილის აქციიდან, სადაც თითქოს მან თქვა, რომ 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე ლაზარე გრიგორიადისი იდგა.
იდენტური ვიზუალის და შინაარსის ქარდი, წარწერით “მშვიდად მძინავს, როდესაც ვიცი, რომ ეს ადამიანები რუსეთისგან მიცავენ” ანონიმურმა სახელისუფლებო გვერდმა პოლიტიკური აბსურდი და ალტ-ინფო/კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულმა ანგარიშმა შიინ ევროპისკენ გამოაქვეყნა, რომელზეც ლაზარე გრიგორიადისი და დავით გაბუნია, კრისტი ლაბაძე და დომენიკ მანგო იყვნენ ასახული. გამოსახულები.
უფრო ადრე, “პოლიტიკურმა აბსურდმა” და სხვა სახელისუფლებო ანონომურმა გვერდებმა (ტერენტი გლდანელი, სიმართლის დროა) გამოაქვეყნეს ქარდი, სახელწოდებთ “საქართველოს მომავალი მთავრობა (ამერიკის აზრით)”. ქარდზე ლაზარე გრიგორიადისთან ერთად, რომელიც ამერიკის წარმოდგენილ მთავრობაში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მწერალი დავით გორგილაძე და სხვა სამოქალაქო აქტივისტები სხვადასვა სახელისუფლებო პოზიციებზე არიან განაწილებული.
ახალი ფეისბუკ გვერდი Gen-Z-თაობა
2023 წლის 3 აპრილს ახალგაზრდების პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით ფეისბუკ გვერდი Gen-Z-თაობა შეიქმნა. გვერდი იმ პირების პირად ფოტოებს აქვეყნებს, ვინც ლაზარეს მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა ან გრიგორიადისის მხარდამჭერი პოსტი ან კომენტარი დაწერა. მათ შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თინათინ ქავთარაძე, სამოქალაქო აქტივისტები: ნატა ფერაძე, ანა სუბელიანი და სხვები. გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია იმ პირების ფოტოები, ვინც თინათინ ქავთარაძეს გამოუცხადა მხარდაჭერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოებზე HAHA რეაქციებს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერები ტოვებენ. Gen-Z-თაობა-ზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ანგარიშები ცელიანი ზაური და იდენტური პროფილის ფოტოს მქონე შაკო ბრეგვაძე აქტიურობენ. “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი “ცელიანი ზაური” ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას პირად პროფილზეც ეწევა, რაც ქმნის ეჭვს, რომ Gen-Z თაობა-ს სწორედ ის მართავს. ეს ანგარიში კიდევ ორ გვერდს მოძალადე ზაურია და ლიბერალური ისტერიკა მართავს, რომლებზედაც ასევე სხვადასხვა ფეისბუკ მომხმარებლის მადისკრედიტირებელი პოსტები ვრცელდება.
ფეისბუქ გვერდი Gen-Z ლაზარეს მხარდამჭერი ინდივიდუალური ქალი აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების პირადი ფოტოების და პოსტების შერჩევას უკონტექსტოდ ახდენს.
დასპონსორებული პოსტები
აღსანიშნავია, რომ ლაზარე გრიგორიადისისა და მისი მხარდამჭერების მადისკრდიტირებელი პოსტების ნაწილი სახელისუფლებო ანონიმურ გვერდებს დასპონსორებული ჰქონდათ. ფეისბუკ გვერდ “პოლიტიკურ აბსურდს” დაფინანსებული ჰქონდა ორი პოსტი, რომელთაგანაც ერთში “ამერიკის თვალით დანახული საქართველოს მთავრობა” იყო წარმოდგენილი, მეორე კი სამოქალაქო აქტივისტების მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოხატული პროტესტის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენდა. რეკლამაში თანხის გადამხდელად Ramaz Beridze არის მითითებული. პოსტი, რომელშიც ერეკლე II და ლაზარე გრიგორიადისი ერთმანეთს არიან შედარებულები, ასევე დასპონსორებული ჰქონდა ფეისბუკ გვერდსაც “არ აგარევინებთ”.
ტროლების მობილიზება
ლაზარე გრიგორიადისის დისკრდიტაციის კამპანიაში ყალბი ანგარიშებიც ჩაერთნენ.
“მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი 10 ყალბი ანგარიში “ქართული ოცნების” ოპონენტებისა და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიებში წარსულშიც იყო ჩართული. მათგან 7-მა კომენტარი დატოვა ფეისბუკ გვერდზე Irakli Garibashvili 4 Georgia გამოქვეყნებულ ქარდზე, რომელზედაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის ციტატა იყო დატანილი. პოსტის კომენტარებში ყალბი ანგარიშები, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს საქციელს უწონებდნენ, მეორე მხრივ, კი მოუწოდებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი სათანადოდ დასჯილიყო. 3-მა ყალბმა ანგარიშმა გრიგორიადის მადისკრედიტირებელი პოსტი ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა.
FB ანგარიში | ყალბი იდენტობა | ჩართულობა დისკრედიტაციის ძველ კამპანიებში და მათ მიერ დატოვებული კომენტარები |
1. Tinatin Asanidze | იპარავს ამერიკელი გამომცემლის, Beth Daugherty-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ახალი ამბები, POSTV – ახალი ამბები. | ჩართული იყო სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და უკრაინის ხელისუფლების, 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
2. Olga Khurcidze |
იპარავს ელმჰარსტ უნივერსიტეტის თანამშრომლის, Mary Jo Ramicone-ის იდენტობას. | ჩართული იყო სააკაშვილის საწინააღმდეგო, ასევე 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
3. Iko Gigiberidze |
იპარავს ინსტაგრამის მომხმარებლის vitja_86 იდენტობას. | ჩართული იყო სააკაშვილის ნიკა გვარამიას, 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
4. Tamta Tsanava | იპარავს სარდინიელი გიდის, Marta Staffa-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს “ქართული ოცნება”. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. მოწონებული აქვს გვერდები: Irakli, POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები, მიშას არქივი. | ჩართული იყო სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, უკრაინის ხელისუფლების, 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. წერდა, რომ გრიგორიადისის მსხვერპლად და გმირად წარმოჩენას ცდილობენ “ნაც მედიები”, მაშინ, როცა მან პოლიციელი ცოცხლად დასაწვავად გაიმეტა. |
5. Nene Beridze | იპარავს ინსტაგრამის მომხმარებლის, Lela Shylo-ს იდენტობას, მოწონებული აქვს გვერდები: POSTV,POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები, POSTV – გართობა, Shalva Ramishvili, ბიძინა ივანიშვილი & საზოგადოება. | ჩართული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ, ასევე 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
6. Marta Natriashvili | იპარავს ok.ru მომხმარებლის, Диана Рубан-ის იდენტობას. მოწონებული აქვს: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამი, შეადარე. | ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
7. Manchi Nebieridze | პროფილზე იყენებს ცნობილი ამერიკელი მოდელის, ქენდალ ჯენერის ფოტოებს. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. მოწონებული აქვს გვერდები:POSTV – ანალიტიკა, POSTV – ახალი ამბები. | ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. |
8. Elene Tsitsishvili | ფოტო, რომელსაც ეს ანგარიში იყენებს, ინტერნეტში არაერთ ვებგვერდზე იძებნება. | ჩართული იყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. |
9. ზაზა სვანაძე | იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, Дмитрий Деревнин-ის იდენტობას. აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი Irakli, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili და ოპოზიციის საწინაღმდეგოდ შექმნილი გვერდი სიმართლის დროა. | ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, უკრაინის ხელისუფლების , 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიებში. გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ სადიზმი და აგრესია სათანადოდ უნდა დასჯილიყო და რომ ლაზარე გრიგორიადისს არა გარეგნობის, არამედ პოლიცის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო დააკავეს. |
10. გეგა ლაშხი | იპარავს Instagram-ის მომხმარებლის, furatramazan-ის იდენტობას. მოწონებული აქვს გვერდები: ბიძინა ივანიშვილი – საქმით ნათქვამი, მიშას არქივი, სიკვდილის პარტია. | ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის, ასევე 7-8 მარტის აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიაში. წერდა, რომ “ფსიქოლოგიურად შერყეული ტიპი” მიგვითითებდა, თუ საით უნდა წასულიყო ქვეყანა. |