10 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმ Nuka Arveladze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, უკრაინაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “აკრძალა ყველა ოპოზიციური პარტია” და “დახურა ყველა ოპოზიციური არხი”. პოსტის ავტორი უკრაინის პრეზიდენტს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და მიანიშნებს, რომ ზელენსკი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის შესაფერისად არ იქცევა. პოსტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკიმ ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური არხები რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ აკრძალა.
Nuka Arveladze-ის პოსტი მედიასაშუალებებმა SPNews-მა და Тia.ge-მ გაავრცელეს.
მტკიცება, რომ ზელენსკიმ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია და ყველა ოპოზიციური არხი აკრძალა, მცდარია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში პარტიული საქმიანობის უფლება შეუჩერდათ არა ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ 11 პარტიას. რუსეთთან კავშირის მიზეზით მაუწყებლობაზე შეზღუდვები სხვადასხვა არხს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე შეეხო.
20 მარტს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის განმავლობაში უკრაინაში პარტიული საქმიანობის უფლება რუსეთთან კავშირის გამო 11 პარტიას შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 18 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: “პოლიტიკოსების ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიმართულია განხეთქილებასა და კოლაბორაციაზე, წარუმატებელი იქნება, მაგრამ მიიღებს მტკიცე პასუხებს. ამიტომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გათვალისწინებით და ამ სახელმწიფოსთან ზოგიერთი პოლიტიკური სტრუქტურის კავშირის გამო, მიიღო გადაწყვეტილება შეჩერდეს რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი საქმიანობა სამხედრო მდგომარეობის განმავლობაში.”
15 მარტს ზელენსკიმ რუსეთთან კოლაბორაციის საწინააღმდეგო კანონს მოაწერა ხელი. კოლაბორაციასთან ბრძოლისთვის შესაბამის კანონპროექტებს უმაღლესმა რადამ მხარი 3 მარტს დაუჭირა. კანონპროექტები აგრესორ ქვეყანასთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან და/ან მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებობას ითვალისწინებს.
რუსეთთან კავშირის გამო უკრაინაში პარტიული საქმიანობა შეუჩერდათ შემდეგ პარტიებს:
- “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (ОПЗЖ)
- “შარიას პარტია” (Партія Шарія)
- “ჩვენები” (Наші)
- “ოპოზიციური ბლოკი” (Опозиційний блок)
- “მემარცენე ოპოზიცია” (Ліва опозиція)
- “მემარცხენე ძალების კავშირი” (Союз лівих сил)
- “სახელმწიფო” (Держава)
- “უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია” (Прогресивна соціалістична партія України)
- “უკრაინის სოციალისტური პარტია” (Соціалістична партія України)
- “სოციალისტები” (Соціалісти)
- “ვოლოდიმირ სალდოს ბლოკი” (Блок Володимира Сальдо)
ამ პარტიებიდან ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ОПЗЖ-ა. პარტიის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკია. პუტინი მისი შვილის ნათლიაა. 2021 წელს მედვედჩუკს უკრაინამ სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში და ტერორიზმის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
პარტიულ საქმიანობა შეჩერებულ პარტიებს შორის ОПЗЖ ერთადერთია, რომელიც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა.
ამჟმად უკრაინის რადაში პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება შემდეგია:
მმართველი პარტია:
- “ხალხის მსახური” (Слуга народу) 240 მანდატი
მმართველი პარტიის მხარდამჭერი პარტიები:
- “მომავლისთვის” (За майбутнє) 21 მანდატი
- “ნდობა” (Довіра) 20 მანდატი
ოპოზიციური პარტიები:
- “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის” (ОПЗЖ) 34 მანდატი
- “ევროპული სოლიდარობა” (Європейська солідарність) 27 მანდატი
- “მამული” (Батьківщина) 24 მანდატი
- “ხმა” (Голос) 20 მანდატი
დამოუკიდებელი დეპუტატები 34 მანდატი
რუსეთთან დაკავშირებულ პარტიების გარდა უკრაინაში სხვა ოპოზიციურ პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ შეუჩერებიათ.
უკრაინაში 2017 წლის შემდეგ რუსული და პრორუსული მედიების საქმიანობა გარკვეულწილად იზღუდება. ასევე შეზღუდულია წვდომა სხვადასხვა რუსულ ინტერნეტ რესურსზე. შეზღუდვები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილია. მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, დაიბლოკა სხვადასხვა რუსული მედიის საიტი, მათ შორის სამთავრობო მედიების РИА Новости, Первый канал, Рен ТВ. 2021 წელს ზელენსკის განკარგულებით, დაიბლოკა ისეთი პრორუსული არხების საიტები, როგორიცაა ТАSS-ი და RT.
უკრაინაში პრორუსული გავლენის შემცირებისთვის 2021 წლის თებერვალში სამ არხს, ZIK-ს, NewsOne-ს და 112 Ukraine-ს 5 წლით მაუწყებლობა აკერძელა. ამ არხების ოფიციალური მფლობელი, მედვედჩუკის პარტიის ОПЗЖ-ს წევრი ტარას კოზაკია. არხებისთვის მაუწეყბლობის აკრძალვის გარდა სანქციები უშუალოდ კოზაკსაც დაუწესდა.
ზელენსკის სპიკერის იულია მენდელის თქმით, ეს არხები უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთ იარაღად იქცნენ და მათი დაბლოკვა “ეროვნული ინტერესების დაცვის” მიზნით მოხდა. მენდელის თქმით, არსებობს სამხილები, რომ ეს ტელეარხები რუსეთიდან ფინანსდებოდა.
ტარას კოზაკის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებების აკრძალვის შესახებ მანიპულაცია საქართველოში ადრეც გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.