9-11 ივლისს ფეისბუქზე ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2) პროდუქტებზე დატანილი ლოგოს შესახებ ვიდეოს და ფოტოების შემცველი პოსტები გააზიარეს. ერთ-ერთ ვიდეოში გერმანულად მოსაუბრე პიროვნება სუპერმარკეტში განთავსებულ პროდუქციაზე დატანებულ ბაყაყის ლოგოებზე მიუთითებს, მეორეში კი სუპერმარკეტის ვებ-გვერდზე გაყიდვად პროდუქტებზე დატანებულ იმავე ნიშანზეა ყურადღება გამახვილებული. ქართული პოსტის ავტორი წერს, რომ ვიდეოს ავტორის კვლევით, ასეთი ლოგოთი იყიდება ბილ და მელინდა გეითსების ფონდის პროდუქცია, რომელიც მავნებელია ჯანმრთელობისათვის და შეიცავს შხამს, რომელიც აინფიცირებს და აავადებს ადამიანს. რუსულენოვანი პოსტების აღწერაში ავტორებმა მოიყვანეს ციტატა იოანეს სახარებიდან, რითაც ირიბად მიუთითებენ ამ პროდუქციის მავნებლობაზე და ბილ გეითსის კავშირზე მწვანე ბაყაყის ლოგოსთან.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბაყაყის ლოგოს მქონე პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საზიანოა, დეზინფორმაციულია. აღნიშნული ლოგო საერთაშორისო ორგანიზაცია Rainforest Alliance-ის მიერ გამოიყენება და იმის აღმნიშვნელია, რომ პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებსა და მდგრადი წარმოების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ორგანიზაცია არ ეკუთვნის ბილ და მელინდა გეითსებს, ისინი მხოლოდ დონორები არიან და ბოლო დონაცია 2011 წელს განახორციელეს.
-
“მწვანე ბაყაყის” ლოგო საერთაშორისო სტანდარტების დაცვის დამადასტურებელი ნიშანია
Rainforest Alliance 1987 წელს ტროპიკული ტყეების გადარჩენის მიზნით შეიქმნა, თუმცა მათი მოქმედების არეალები დროთა განმავლობაში გაფართოვდა და ახალ მიზნებად ფერმერებისა და ტყეებში მცხოვრები საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა დაისახეს. ამ ორგანიზაციას ეკუთვნის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები “მწვანე ბაყაყის” ლოგო, რაც იმის აღმნიშვნელია, რომ პროდუქცია ნაწარმოებია მათ მიერ სერტიფიცირებულ ფერმებში მოყვანილი პროდუქტებით, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. საუდის არაბეთში, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ამ ნიშანმა მომხმარებლების ეჭვები გააჩინა, თუმცა ქვეყნის სურსათისა და წამლების სააგენტომ განმარტა, რომ ეს ლოგო პროდუქტის სანდოობის მანიშნებელია და მის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში Rainforest Alliance-ის მიერ სერტიფიცირებულ ფერმებში დარღვევები გამოვლენილა, თუმცა საქმე ეხებოდა შრომითი პირობების დარღვევებს და არა პროდუქტის ხარისხს.
-
Rainforest Alliance გეითსების ფონდს არ ეკუთვნის
Rainforest Alliance-ის დაფინანსების გზები დივერსიფიცირებულია. 2022 წელს ყველაზე დიდ შემოსავალს ორგანიზაცია იღებდა კომპანიებისაგან, რომლებიც ვაჭრობენ მათ მიერ სერტიფიცირებული პროდუქციით, რაც მთლიანი შემოსავლის 63%-ს წარმოადგენს. მეორე ადგილს 23%-ით იკავებს მთავრობებისგან მიღებული გრანტები და მათთან გაფორმებული კონტრაქტები, რასაც 8%-ით მოყვება კორპორატიული გრანტები და 4%-ით მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია დონორებისაგან მიღებულ თანხებს. ბილ და მელინდა გეითსების ფონდს, მათ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წარსულში 4-ჯერ ჩაურიცხავთ ფული ორგანიზაციისათვის და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დონორებსაც წარმოადგენენ. ანალოგიურ მონაცემებს აქვეყნებს საიტიც, რომელიც დონაციების სიას სთავაზობს ინტერნეტ მომხმარებლებს. ფულის ჩარიცხვა ორჯერ მოხდა 2007 წელს და კვლავ ორჯერ 2011 წელს. საერთო ჯამში ფონდის მიერ ჩარიცხულმა თანხამ დაახლოებით 5 343 000 დოლარი შეადგინა. გეითსების გარდა, ორგანიზაციას არაერთი მსხვილი დამფინანსებელი ყავს და მათ ანგარიშზე ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია. შედეგად, გავრცელებულ პოსტში გაკეთებული განცხადებების საპირისპიროდ, Rainforest Alliance არ ეკუთვნის გეითსების ფონდს და წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში “Giorgi Giorgi” ძირითადად ანტიდასავლურ, ანტივაქსერულ და კონსპირაციულ პოსტებს ავრცელებს, რომელთა ნაწილიც სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების, მათ შორის მითების დეტექტორის, მიერ მონიშნულია ყალბ ინფორმაციად.
რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები Евгения Иванова და Oleg Dor ყალბი ინფორმაციის შემცველ პოსტებს წარსულშიც ავრცელებდნენ:
არქივი:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.