მეთოდოლოგია

“მითების დეტექტორი”  მედიით გამოვლენილი ყალბი ინფორმაციის გადამოწმებას ღია წყაროებით ახდენს. მკვლევარები მუშაობის პროცესში ვებ-გვერდის ქცევის კოდექსითა და წინამდებარე მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ.

“მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსი 7 ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება. ესენია: 1. სიზუსტე. 2. მიუკერძოებლობა; 3. წყაროების გამჭვირვალობა; 4. მეთოდოლგიის გამჭვირვალობა; 5. შესწორების უფლება; 7. დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 8. ორგანიზაციისა და დაფინანსების გამჭვირვალობა.

ფაქტების გადამოწმების პროცესი 4 ეტაპს მოიცავს:

  1. შერჩევა
  2. ფაქტების გადამოწმება
  3. შეფასება
  4. წყაროს შესახებ ინფორმაციის მოძიება

1. შერჩევა

მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს ქართულენოვანი ტელე, ონლაინ, ბეჭდური და სოციალური მედიის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული მედია საშუალებების (Sputnik-საქართველო, Sputnik-ოსეთი, Sputnik-აფხაზეთი) მონიტორინგს. დაკვირვება ხდება როგორც ყალბ ინფორმაციაზე, ასევე ანტიდასავლურ გზავნილებსა და სიძულვილის ენაზე. გარდა მედია მონიტორინგისა, “მითების დეტექტორის” მკითხველს აქვს შესაძლებლობა სავარაუდო ყალბი შინაარსის მასალა, როგორც ვებ-გვერდის სპეციალური სექციის “გამოაგზავნე Fake”, ასევე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით გამოაგზავნოს.

“მითების დეტექტორის” სარედაქციო გუნდი ყოველდღიურად ახდენს მონიტორინგის მონაცემთა ბაზიდან ისეთი მასალის შერჩევას, რომელიც პოტენციურად დეზინფორმაცია ან მანიპულირებადი შინაარსის შეიძლება იყოს. “მითების დეტექტორის” სარედაქციო კოლეგია მედია მონიტორინგისა და შემოსულ მასალებზე დაყრდნობით გადასამოწმებელ ფაქტებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით არჩევს:

  • რამდენად გადამოწმებადია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია/წყაროს მიერ გაკეთებული განცხადება? არის ეს ფაქტი თუ მოსაზრება, პროგნოზი, ჰიპოთეზა?
  • შესაძლოა თუ არა ფაქტების მანიპულირებას ჰქონდეს ადგილი? ხომ არა გვაქვს საქმე ნახევრად სიმართლესთან და ფაქტების სელექციურ შერჩევასთან?
  • რამდენად არსებითია შეცდომა?
  • რამდენად სანდო რეპუტაცია აქვს წყაროს?
  • გავრცელებულა თუ არა ადრე მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია და შესაძლოა თუ არა მასალა/განცხადება კოორდინირებული და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყოს?
  • რამდენად აქვს მასალას საინფორმაციო ღირებულება?

“მითების დეტექტორი” ფოკუსირდება მხოლოდ იმ მტკიცებებზე, რომლებიც გადამოწმებადია და მათი ვერიფიკაცია შესაძლებელია ხელშესახები, ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტების გამოყენებით. ჩვენ არ ვამოწმებთ მოსაზრებებს, პროგნოზებს ან ჰიპოთეზებს;

“მითების დეტექტორი” კონცენტრირდება თემებზე, რომლებიც ეხება საზოგადოების და/ან ინდივიდების კეთილდღეობას. როდესაც წყაროს მიერ დაშვებული შეცდომა არ არის მნიშვნელოვანი, ვირუსული ან საზიანო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე შესაძლო შედეგი საზოგადოებაზე, ჩვენ არ ვამოწმებთ მას, რათა ხელი არ შევუწყოთ მის უფრო მეტად გავრცელებას. 

როდესაც საქმე გვაქვს ინფორმაციასთან, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, მაგალითად მტკიცებები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან, თავდასხმებთან, სამოქალაქო თანაარსებობასთან ან ბუნებრივ კატასტროფებთან, ჩვენ შევეცდებით შევამციროთ მისი გავრცელება რაც შეიძლება სწრაფად.

როგორც ჩვენს ქცევის კოდექსშია ასახული, “მითების დეტექტორი” იყენებს იგივე სტანდარტებს, იმისდა მიუხედავად, ვინ გაავრცელა თავდაპირველი მტკიცება, ან პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარეზე დგას იგი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქეს აცილებული პირადი, პოლიტიკური ან სხვა ნებისმიერი ტიპის მიკერძოება.

2. ფაქტების გადამოწმება 

ფაქტების გადამოწმებას “მითების დეტექტორი” ღია წყაროებზე დაყრდნობით ახდენს.

პირველი ნაბიჯს იდენტიფიცირებული მტკიცების დეკონსტრუქცია წარმოადგენს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ამბავი გაუწონასწორებელი და/ან რომელი წყარო/ფაქტია გამოტოვებული/არის თუ არა მასში წარმოდგენილი ფაქტები მთლიანად გამოგონილი. 

შემდეგ, სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიძიებთ/დაუკავშირდებით პირველად წყაროებს, მოვიძიებთ, თუ სად გავრცელდა ინფორმაცია თავდაპირველად.  შემდეგ, ვეძებთ სანდო ფაქტებსა და მონაცემებს ოფიციალური წყაროების ყველაზე განახლებულ მონაცემთა ბაზებში და/ან საჭიროების შემთხვევაში, ხდება გამოსახულების, ვიდეო ან აუდიო ვერიფიკაციის პროცესები.

“მითების დეტექტორი” გადამოწმების პროცესში მედიის განვითარების ფონდის მედია და ინფორმაციული წიგნიერების შემდეგ გზამკვლევევბს იყენებს:

2.1 წყაროები

“მითების დეტექტორი” გამოყენებულ ყველა წყაროსა და მტკიცებულების მითითებასა და დოკუმენტირებას ახდენს, რათა მკითხველმა თავად შეძლოს გადამოწმების პროცესის გამეორება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყაროს პირადი უსაფრთხოება შეიძლება დაირღვეს. ანონიმური წყაროები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ისეთ სიტუაციებში, თუ მათ მიერ მოწოდებული მონაცემები მხარს უჭერს დასახელებულ წყაროებს ან ხელშესახებ მტკიცებულებებს. პლატფორმის მიერ მომზადებული სტატიები უნდა აღნიშნავდეს ნებისმიერ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ან გარემოებას, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესზე.

სტატიები უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ, სასურველია მეტ წყაროს, რომლებსაც მტკიცების ჭეშმარიტების შესახებ ნებისმიერი ძირითად დასკვნა დაემყარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მხოლოდ ერთი წყარო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ოფიციალურ დოკუმენტთან. მეორადი წყაროები, ან ისინი, რომლებიც აანალიზებენ ან აკრიტიკებენ პირველად წყაროს, შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი კონტექსტისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც დასკვნის საფუძველი. საგანგებო ვითარებაში, როდესაც გადამოწმების შედეგად მიღებული ყველა დასკვნა მეორად წყაროს ეყრდნობა, ეს უნდა იყოს შესაბამისად გამართლებული.

2.2 კონფიდენციალურობა

გამოძიების სუბიექტების გამოსახულება და/ან იდენტობა უნდა იყოს დაფარული მაშინ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი მათ უსაფრთხოებაზე. არასათანადო საჯარო კრიტიკის თავიდან აცილების მიზნით, იმ მომხმარებლის სახელი და სურათი (როდესაც ხელმისაწვდომია), რომელმაც გაავრცელა დამოწმებული კონტენტი, უნდა დაიბლაროს, სხვა ნებისმიერ ელემენტთან ერთად, რომელიც მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ასევე დაიფარება იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ჩანან მომხმარებლის მიერ გაზიარებულ კონტენტში თუ მათი ვინაობა არ არის დაკავშირებული დეზინფორმაციასთან, ან რომელთა ფოტოების გასაჯაროება შეიძლება მათი შევიწროების ან პირადი სივრცის დარღვევის მიზეზი გახდეს.

თუ მომხმარებელი არის საჯარო პიროვნება, ორგანიზაცია, ვებგვერდი ან მედია საშუალება (მაგალითი), ან თუ მომხმარებელი რეგულარულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას (მაგალითი), მისი ვინაობა არ იქნება დაფარული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სტატია უნდა შეიცავდეს მკაფიო მტკიცებულებებს, რომ მოცემულ მომხმარებლებს აქვთ დეზინფორმაციის გავრცელების ისტორია. ეს შეიძლება იყოს, თუმცა არა მხოლოდ, ის სტატიები, რომლებშიც კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული წინა ინფორმაცია გადამოწმდა. 

პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომრები, მისამართები ან სხვა პირადობის დამადასტურებელი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების შევიწროება, უნდა დაიფაროს. თუ ასეთი ინფორმაცია აუცილებელია გადამოწმებისთვის, ჩვენ ნაწილობრივ დავფარავთ მას, მაგალითად, მხოლოდ ტელეფონის ნომრის ან პირადობის მოწმობის ნაწილის ვაჩვენებთ.

ანალოგიურად, როდესაც გადამოწმების პროცესში არასრულწლოვნის გამოსახულება ფიგურირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის საჯარო პირია, მათი კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, მათი სახე უნდა იყოს დაფარული. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ცნობილი პიროვნებაა. თუ მისი სახელი საჭიროა ვერიფიკაციის პროცესში, მისი სახელის მხოლოდ ნაწილის გასაჯაროება მოხდება.

3. შეფასება

ფაქტების გადამოწმების შედეგების საფუძველზე სარედაქციო გუნდი ახდენს შეფასებას, თუ რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე:

  • დეზინფორმაცია: მიზანმიმართულად გავრცელებული სიცრუე, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი და მიზნად საზოგადოების მოტყუებას ისახავს. დეზინფორმაცია ხშირად გამოიყენება იმ მკტკიცებებთან მიმართებით, რომლებიც ტაქტიკური ინფორმაციული დივერსიის მასშტაბური მცდელობის ფარგლებში ვრცელდება (მაგალითი).
  • მცდარი ინფორმაცია (მისინფორმაცია): მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვების მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის წინასწარი განზრახვის გარეშე (მაგალითი).
  • მანიპულაცია: ფაქტები/მოსაზრებები/მოვლენები წარმოდგენილია/ინტერპრეტირებულია ისე, რომ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენა შექმნას (მაგალითი).
  • ვიზუალური მანიპულაცია: ფოტო/ვიდეო გაყალბებულია ან დამუშავებულია. როგორც წესი, ასეთ სურათებს თან ახლავს მცდარი აღწერები. (მაგალითი 1); ფილმის, რეკლამის ან გრაფიკული თამაშის ფრაგმენტი, რომელიც გამოიყენება რეალური და არა დადგმული მოვლენების საილუსტრაციოდ. (მაგალითი 2); ავთენტური ვიზუალი, რომელიც არ შეესაბამება მოვლენის აღწერას (მაგალითი 3).
  • ნაწილობრივ მცდარი: მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მტკიცება შეიცავს სიმართლის გარკვეულ ელემენტებს, მისი ცენტრალური/მნიშვნელოვანი ნაწილი მცდარია ან ტოვებს მნიშვნელოვან ნიუანსებს (მაგალითი).
  • შეცდომაში შემყვანი/კონტექსტის გარეშე: დამატებითი კონტექსტის და/ან დეტალების მიწოდების გარეშე მტკიცებასაუდიტორიის შეცდომაში შეყვანა შეუძლია (მაგალითი).
  • მტკიცებულებების გარეშე: არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება ან პირველადი წყარო, რომელიც დაადასტურებს გავრცელებულ მტკიცებას (მაგალითი).
  • გაყალბებული ციტატა: ციტატა მთლიანად გამოგონილია და მიეწერება კონკრეტულ პიროვნებას, ან ციტატის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიფიცირებულია ისე, რომ იცვლება მისი მნიშვნელობა (მაგალითი).
  • კონსპირაცია: მტკიცება, რომელიც, გონივრული მტკიცებულებების გარეშე, მიზნად ისახავს იმ იდეის კულტივირებას, რომ გარკვეული მოვლენები ან/და სიტუაციები ორკესტრირებულია კულუარებში მყოფი იმსეთი ძალების მიერ, რომელთაც უარყოფითი განზრახვა ამოძრავებთ (მაგალითი).
  • სატირა: მტკიცებები, რომლებსაც აქვთ სატირული/იუმორისტული ხასიათი და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ავთენტური ინფორმაცია (მაგალითი).
  • ცრუ მკურნალობა: განცხადება, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას გამოიყენოს მედიკამენტები/ნივთიერებები, რომლებიც ან არ არსებობს, შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან რომელთა ეფექტურობა არ არის დამტკიცებული აღიარებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. მსგავსი პრეტენზიები განსაკუთრებით გააქტიურდა Covid-19 პანდემიის ფონზე, სადაც ვირუსის სამკურნალოდ სხვადასხვა ნივთიერებები იყო შეთავაზებული (მაგალითი).
  • თაღლითობა: მტკიცება, სტატია, პოსტი ან რეკლამა, რომელიც ვრცელდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, რათა მოტყუებით მოიპოვოს თანხა ან პირადი ინფორმაცია სოციალური მედიის მომხმარებლებისგან (მაგალითი).

4. წყაროს შესახებ ინფორმაციის მოძიება

იმ შემთხვევაში, როცა წყარო სისტემატურად ავრცელებს ყალბ ამბებს ან საქმე გვაქვს ახალშექმნილ მედია საშუალებასთან, რომლის რეალური მფლობელი შეიძლება დაფარული იყოს, მკვლევარი დამატებით ეძებს ინფორმაციას წყაროს შესახებ. მედიის შემთხვევაში ეს არის მფლობელების და დაფინანსების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებზე  დაყრდნობით გამჭვირვალობის შესახებ გზამკვლევის მიხედვით მოწმდება.

 5. სტატიის გამოქვეყნება

სტატია ქვეყნდება მას შემდეგ, რაც მას გაეცნობდა და დაარედაქტირებს მორიგე რედაქტორი და საბოლოოდ დამტკიცებს მთავარი რედაქტორი ან მისი მადგილე. სტატიის მომზადებისას მკვლევარები მიჰყვებიან სტილის გზამკვლევს. დასკვნები ტექსტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, ხოლო ნებისმიერი ენა, რომელიც შეიძლება იქნას გაგებული, როგორც ღირებულებითი განსჯა, თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მითების დეტექტორის სარედაქციო გუნდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

6. ტროლების იდენტიფიცირება

ტროლის გამოვლენა ღია წყაროებე და პირველ რიგში, თავად საეჭვო პროფილის ღია მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. ტროლების მონიტორინგი ძირითადად სოციალური ქსელის პროფილის ანალიზს ეფუძნება და შემდეგ ასპექტებს მოიცავს: 1. პროფილის “ჩემს შესახებ” სექცია, პირადი ფოტოები და ვიდეოები, 2. საჯარო კომენტარები, პოსტები და ქცევა საინფორმაციო სიახლეების ველში.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად რეალურია სოციალური ქსელის პროფილი, დამატებით ვიყენებთ ღია წყაროებით პიროვნების დადგენის საძიებო სისტემებს, როგორიცაა Webmii.com, pimeyes.com, Google Image Search, Yandex Image Search, Findclone.ru.

იმ შემთხვევაში, თუ ტროლების სხვის ვიზუალს იპარავენ, რათა თავიანთი იდენტობა უფრო რეალური და დამაჯერებელი გახადონ, ვიყენებთ ფოტოების გადამოწმების რესურსებს, როგორიცაა: images.google.com, Tineye.com, yandex.com/images, Baidu.com.

7. შესწორება

ყველას აქვს შესაძლებლობა, მიმართოს “მითების დეტექტორს”, თუ თვლის, რომ ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაცია არაზუსტია და წარმოადგინოს შესაბამისი კონტრარგუმენტები. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვწეროს ([email protected]) ან შეავსოს საჩივრის აპლიკაცია.

შესწორებისა და გასაჩივრების პოლიტიკა დეტალებში იხილეთ აქ.

(მეთოდოლოგია განახლდა 2023 წლის იანვარში)

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist