კრემლის “20 000 დოკუმენტი”, რომელიც აშშ – ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

544
VIEWS

30 იანვარს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სპეცოპერაციის მიმდინარეობისას” რუსმა სამხედროებმა 20 000-ზე მეტი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც პენტაგონის მიერ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შექმნასა და მათ უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოების მოსახლეობაზე გამოცდას ადასტურებს.

კირილოვის ბრიფინგი აქტიურად გაშუქდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა (RT на русском, РИА НОВОСТИ, ЗВЕЗДА, Gazeta.ru, Regnum.ru, Известия) და ფეისბუკის ქართულ 1,2 და რუსულ 1  ანგარიშებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე სიუჟეტი რუსეთის პირველი არხის პროპაგანდისტულმა გადაცემამაც – ადამიანი და კანონი მოამზადა.

Screenshot 1 9 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს Screenshot 2 10 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შექმნას ადასტურებს. აღნიშნული დოკუმენტები ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი. ბრძანების დანართები კი, რომლებიც დოკუმენტების სახითაა წარმოდგენილი, ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშეა და ოფიციალური ღირებულება არ აქვს. დოკუმენტების ნაწილი უწყებამ წარსულშიც გამოაქვეყნა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წლებია ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პენტაგონის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ. ეს გზავნილი განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა. უწყება პერიოდულად ავრცელებს სხვადასხვა დოკუმენტებს, რომლებიც, მათი თქმით, ამ ფაქტის მტკიცებულებას წარმოადგენს. უახლესი ბრიფინგი ამ თემაზე თავდაცვის სამინისტრომ 30 იანვარს გამართა და სამი სხვადასხვა დასახელების “მტკიცებულება” ფაილების სახით ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.  თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ უკრაინაში პენტაგონის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში ცდებს მოსახლეობასა და სამხედრო პირებზეც ატარებენ. ბრიფინგზე სხვადასხვა ბრალდება გაჟღერდა. Კირილოვმა ახალი ტიპის კორონავირუსის გაჩენაში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჩართულობის შესახებ მტკიცება გაიმეორა. უწყების თანახმად, დოკუმენტების შესწავლამ ცხადყო, რომ მთავარი როლი მსგავსი პროექტების განხორციელებაში ორგანიზაცია –  EcoHealth Alliance-ს მიუძღვის. 

გამოქვეყნებული “მტკიცებულებების” პირველი ნაწილი ვირუსოლოგიურ კვლევებს ეხება და მასში ხუთი სხვადასხვა დოკუმენტია გამოქვეყნებული.

ვირუსოლოგიური კვლევები

პირველი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მტკიცებულების სახით გამაოქვეყნა, რეალურად, EcoHealth Alliance-ის პროექტის საგრანტო განაცხადის აპლიკაცია და გრანტის გაცემაზე დასტურია.

აღნიშნული დოკუმენტის პირველ გვერდზე განმარტებულია, რომ EcoHealth Alliance -მა მიიღო გრანტი პროექტისთვის – “ზოონოზური ვირუსის გაჩენის რისკის გაგება სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის ცხელ წერტილებში” ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.  დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი სამუშაო მიზნები და განხორციელების გზები. განმარტებულია, რომ კვლევა ხელს შეუწყობს ახალი ვირუსების გაჩენის რისკის განსაზღვრას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში და გააძლიერებს ქვეყნის კვლევით შესაძლებლობებს ადგილობრივი ინფექციური დაავადებების მეცნიერების საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, ახალ დაავადებათა მკვლევრები აშშ-დან, ტაილანდიდან, სინგაპურიდან და მალაიზიის სამი ძირითადი ადმინისტრაციული რეგიონიდან იმუშავებენ, რათა ახალი ვირუსების დროული იდენტიფიცირება და  მოსალოდნელი პანდემიის საფრთხისგან დასაცავად მოსახლეობის გაფრთხილება შეძლონ. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი პროექტის მონაწილე მთავარი ფიგურების ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება. აპლიკაციას თან ერთვის EcoHealth Alliance -ის პარტნიორი ორგანიზაციების თანხმობისა და პროექტის მხარდაჭერის წერილები.

Screenshot 3 10 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
დოკუმენტი 1 წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “სპეცოპერაციის ფარგლებში” მოიპოვეს, ორგანიზაცია – EcoHealth Alliance-ის ვებ-გვერდზეცაა ხელმისაწვდომი. პროექტი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და ინფორმაცია გრანატის გაცემის შესახებ NIH -ზეც არის გამოქვეყნებული. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, EcoHealth Alliance -ის სპეციალისტები 2015 წლიდან სწავლობენ ღამურების პოპულაციის მრავალფეროვნებას, ეძებენ კორონავირუსების ახალ შტამებს და ცხოველებიდან მათი გადაცემის მექანიზმებს. მათი თქმით, ეს ყველაფერი კორონა ვირუსის გავრცელებასთანაა კავშირში. 

აღსანიშნავია,რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე EID ცხელი წერტილი და  SARS პანდემიის წარმოშობის კერაა. გარდა ამისა, მაღალია ახალი გრიპის შტამების განმეორებითი აფეთქებისა და ისეთი საშიში ვირუსული პათოგენების გავრცელება, როგორიცაა ნიპაჰ ვირუსი. ეს კი რეგიონში ველური ბუნების მრავალფეროვნებითა და სწრაფად მზარდი დემოგრაფიითაა გამოწვეული.  გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსების კლინიკური გამოვლინებები და პანდემიის გამოწვევის პოტენციალი უცნობია, “EcoHealth Alliance” მუშაობს ამ დაავადების გავრცელების რისკის გამოვლენაზე, დროული რეაგირების მიზნით. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც ორგანიზაციის მიერ ვირუსის შექმნას ადასტურებს. 

EcoHealth Alliance -ის და ვუჰანის ვირუსოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლობა

COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, EcoHealth Alliance სკანდალში გაეხვა. კომპანია ხუთი წლის განმავლობაში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ატარებდა კვლევას ღამურებზე, რომელსაც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებდა.  2020 წელს გრანტის დაფინანსება შეწყდა. ერთი წლის შემდეგ, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა EcoHealth Alliance-ის კვლევის დეტალური ანალიზი და დაასკვნა, რომ შესწავლილი ვირუსები  ევოლუციური თვალსაზრისით შორს იყო SARS-CoV–თან და ვერ იქნებოდა COVID-19 პანდემიის წყარო. აღსანიშნავია, რომ კირილოვს კომპანიის ჩინეთთან თანამშრომლობა არ უხსენებია და ბრალდებები მხოლოდ აშშ-ის მისამართით გათქვა. ამ ფაქტზე ინსაიდერიც წერდა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  ამერიკელი მწარმოებლების მაღალი მზადყოფნა ახალი კორონა ვირუსის ვაქცინის შესაქმნელად ასევე ეჭვის შემცველია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვაქცინის პრეპარატები წინასწარ შეიმუშავეს, მაგრამ ვირუსის სპეციფიკის გამო სწრაფად ვერ გამოიტანეს ბაზარზე, რაც შემდეგში “ვაქცინაციის დაბალი ეფექტურობითა და მრავალი გვერდითი რეაქციით გამოიხატა”. Აქვე აღსანიშნავია, რომ რუსული ვაქცინა სპუტნიკი პირველი რეგისტრირებული ვაქცინაა კოვიდის წინააღმდეგ.

რა არის – Event 201?

თავდაცვის სამინისტრო ახალი კორონა ვირუსის გაჩენას, 2019 წლის 18 ოქტომბერს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მხარდაჭერით გამართულ  ღონისძიება –Event-201- საც უკავშირებს. უწყება ამტკიცებს, რომ ღონისძიების ფარგლებში, მოქმედებები მანამდე უცნობი კორონავირუსის ეპიდემიის კონტექსტში განხორციელდა,რაც კოვიდის წარმოშობაზე ეჭვს ბადებს. იმიტაციაზე, მონაწილეებს შეექმნათ პრობლემები, რომლებიც თეორიულად შეიძლება ახალი ვირუსების გავრცელების გამო წარმოიშვას. წარსულში Event-201-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ბრიტანულმა ორგანიზაციამ, FullFact-მა გადაამოწმა. ასეთი ტიპის მოდელირებები კოვიდპადემიამდეც ტარდებოდა, მაგალითად Clade X-ი, რომლის ფარგლებშიც გამოგონებული ვირუსის გავრცელების თეორიული შემთხვევა იყო განხილული. Event-201-ის შემთხვევაში მოდელირებისთვის კორონავირუსი იქიდან გამომდინარე აირჩიეს, რომ უახლოეს წარსულში მსოფლიოში MERS და SARS კორონავირუსები გავრცელდა. 

ვირუსოლოგიური კვლევების ნაწილში თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ოთხი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მეორე დოკუმენტი პროექტის – “ღამურებით გამოწვეული ზოონოზური დაავადების რისკის განსაზღვრა” საინფორმაციო პრეზენტაციაა.

Screenshot 4 8 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
დოკუმენტი 2 წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პროექტში იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, სომხეთისა და საქართველოს კვლევითი ცენტრები მონაწილეობდნენ. საქართველოდან პროექტის პარტნიორი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – ლუგარის ლაბორატორია იყო. 

პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ ღამურები მთელ მსოფლიოში ზოონოზურ ვირუსულ საფრთხეებს ატარებენ და რადგან ამ დაავადებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მეტი ძალისხმევაა საჭირო რეგიონში ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის, რისკის შეფასებისა და ინფორმაციის გაზიარების გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 25-ზე მეტი რეგიონალური მეცნიერი ვირუსული ნიმუშების აღება, ბიოუსაფრთხოება და ცივი ჯაჭვის ნიმუშის ტრანსპორტირება-შენახვაში. შეგროვდა ღამურების 2700 -ზე მეტი კლინიკური ნიმუში. 

ინფორმაცია პროექტის შესახებ კვლევითი ცენტრების ვებ-გვერდზეც არის განთავსებული. მათ შორის, NCDC-ზე. 

Screenshot 5 7 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
Screenshot 6 5 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მესამე დოკუმენტი დასავლეთ აზიის ღამურის კვლევის ქსელის საინფორმაციო პრეზენტაციაა. დასაწყისში აღნიშნულია, რომ ღამურებს უფრო მეტი ზოონოზური დაავადება გადააქვთ ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი კვლევა, რათა ამ დაავადების ადამიანებზე გადადების რისკები გამოვლინდეს. 

Screenshot 7 4 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
დოკუმენტი 3 წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
Screenshot 8 3 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ბოლო ორი დოკუმენტი (1, 2) კი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის მიერ კორონა ვირუსის შექმნაში მონაწილეობას ადასტურებს, უწყებამ ადრეც გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში, იგივე დოკუმენტები როგორც ახალი მტკიცებულებები თავდაცვის სამინისტროს ტელგრამ-არხზე განთავსდა

Screenshot 9 4 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო:რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

დოკუმენტებში მოცემულია ინფორმაცია USAID-ის პროექტ PREDICT-ზე, რომელსაც თავდაცვის სამინსიტრო კოვიდის გავრცელებას უკავშირებს.

რა არის პროექტი PREDICT?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო COVIS-19-ის გავრცელებას USAID-ის პროექტს, PREDICT-ს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ ამ თეორიის გასამტკიცებლად გამოაქვეყნა, პროექტის საინფორმაციო ბროშურაა, რომელიც ინტერნეტში მარტივად იძებნება.

PREDICT-ი USAID Emerging Pandemic Threats-ის პროგრამის პროექტია, რომელიც 2009 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი ცხოველიდან ადამიანზე გადამდები, პანდემიაში გადაზრდის პოტენციალის მქონე ვირუსების გამოვლენის გლობალური შესაძლებლობების გამტკიცება იყო. PREDICT-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურად ეპიდკონტროლის გამტკიცებისთვის და ფილოვირსების (ებოლას ვირუსის ჩათვლით), გრიპის ვირუსების, კორონავირუსების ჯგუფებიდან ცნობილი და ახლად აღმოჩენეული ვირუსების დიაგნოსტირებაში ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებაში. 2020 წლის 1 აპრილს პროგრამა PREDICT-ს დაფინანსება გაუხანგრძლივდა, რათა Covid-19-ზე რეაგირების გაძლიერებაში მიეღო მონაწილეობა და პარტნიორების  ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა გაემტკიცებინა.

ცდების ჩატარება უკრაინის მოქალაქეებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე

დოკუმენტების მეორე ფაილში – “ცდების ჩატარება უკრაინის მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე”  ხუთი “მტკიცებულებაა” ატვირთული. 

დოკუმენტებში საუბარია პრეპარატის – “C60 ფულერენის” გამოყენებაზე ჩონჩხის კუნთების დაღლილობის შესამცირებლად. პირველ დოკუმენტში განმარტებულია, რომ ომის მიმდინარეობისას დავალებების მუდმივი შესრულება სამხედრო პირებში შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს, რაც კუნთების დაღლილობით გამოიხატება. ამას კი თანდევს კუნთების ტკივილის მგრძნობელობის განვითარება.  ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტარას შევჩენკოს კიევის ეროვნულ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სამხედრო ინსტიტუტის ცენტრმა დაიწყო კვლევა თემაზე: „C60 ფულერენების გამოყენების ტექნოლოგია ჩონჩხის კუნთების დაღლილობის შესამცირებლად”.

ფაილში სამი განკარგულებაა ატვირთული, რომელიც სამხედრო პირებზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე გასცემს ბრძანებას. დოკუმენტის თანახმად, ექსპერიმენტის ჩატარება ტარას შევჩენკოს უნივერისტეტის ბაზაზე არსებული  კვლევითი ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. დოკუმენტი 2022 წლით თარიღდება, თუმცა, არცერთ მათგანზე არ არის არც ხელმოწერა, არც ბეჭედი და არც დაწესებულების ლოგო თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

Screenshot 10 2 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს Screenshot 11 1 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს

წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია  C60 ფულერენის კვლევის შესახებ, რომელიც ჩონჩხის კუნთების დაღლილობის შესამცირებლად ჩატარდა, ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზეც იძებნება.  დოკუმენტში “სამეცნიერო კვლევითი სამუშაო კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში 2022 წლის შედეგები და 2023 წლის ამოცანები” აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე სახის ანომალია ან C60 ფულერენების ზემოქმედებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდა, ცდების ჩატარების გასაგრძელებლად რეკომენდაცია გაიცა. 

Screenshot 12 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: science.knu.ua

კვლევებმა დაადასტურა, რომ “C60 ფულერენი” უფრო ეფექტურად ამცირებს ჩონჩხის კუნთების დაღლილობას ვირთხებში ვიდრე ცნობილი ეგზოგენური ანტიოქსიდანტები. ამ დასკვნის შემდეგ, პრაქტიკული კლინიკური კვლევების ჩასატარებლად რეკომენდაცია გაიცა, რომლის ითვალისწინებს ЗСУ -ს გამძლეობისა და საბრძოლო შესაძლებლობების დონის ასამაღლებაში C60 ფულერენის გამოყენებას. 

Screenshot 13 1 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: science.knu.ua

გარდა ამისა, მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე იძებნება ინფორმაცია კვლევაზე, რომლის თანახმად პრეპარატ “ფულერენ C 60” ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას. ექსპერიმენტი თაგვების ჯგუფზე ჩატარდა. დასკვნები აჩვენებს, რომ  “C60 ფულერენების” გამოყენება შესაძლებელია კიბოს სამკურნალო თერაპიაშიც.

“აშშ-ის ექსპერიმენტები აივ-ინფექციებზე სამხედრო პირებში”

კირილოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში აივ-ინფექციებზე ექსპერიმენტებს 2019 წიდან ატარებს, მათ შორის სამხედრო პირებზეც.  იგულისხმება  პროგრამა – პრეზიდენტის გადაუდებელი გეგმა შიდსისგან განთავისუფლებისთვის (PEPFAR) და მასში შემავალი პენტაგონის აივ/შიდსის პრევენციის პროგრამა (DHAPP). ბრიფინგის აღნიშნული ნაწილი ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – The Insider– მა გადაამოწმა. 

რეალურად, კირილოვის დასახელებული არცერთი პროექტი  არ მოიცავს ექსპერიმენტების ჩატარებას. პროგრამა შემოიფარგლება აივ-ინფექციაზე ტესტირებით, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებზე. პროგრამის მიზანია თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება , ჩანაწერების წარმოება, პრეზერვატივებზე გამარტივებული წვდომა, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ აივ-ინფექციებს დამღუპველი გავლენა აქვს სამხედროებზე მთელს მსოფლიოში. იწვევს ფიზიკურ და ემოციურ დაქვეითებას ინფიცირებულებზე, ასევე, საფრთხეს უქმნის სხვა სამხედრო პერსონალსაც, ამიტომ, მნიშვნელოვანია შემთხვევების დროული აღმოჩენა და შესაბამისი სერვისების მიწოდება.

DHAPP უკრაინა მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, რათა მოხდეს აივ-ის შემთხვევების  დროული აღმოჩენა სამხედრო პირებში და სამხედრო მონაცემთა ბაზის ინტეგრირება ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრთან. სამხედრო პერსონალში აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ გაიზარდა აივ-ტესტირებაზე მიმართვიანობა, განსაკუთრებით კი ნებაყოფლობითი კონსულტაციისა და ტესტირების დროს ჯარისკაცებს შორის გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში.

ფარმბიოტესტის კვლევები რუბეჟნოეში

ბრიფინგზე ასევე აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებული ლუჰანსკის რეგიონში – რუბეჟნოეს დასახლებულ პუნქტში –  სამედიცინო ცენტრ – ფარმბიოტესტის შენობა გამოიკვლიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ ცენტრის ბაზაზე ტარდებოდა სერიოზული გვერდითი ეფექტების მქონე მედიკამენტების კლინიკური კვლევები: ლეიკემიის, ფსიქიკური აშლილობის, ნევროლოგიური დაავადებების, ეპილეფსიისა და სხვა საშიში დაავადებების. ფარმბიოტესტის საქმიანობაზე რუსეთის თავდაცვამ დეზინფორმაცია 2022 წლის აგვისტოშიც გამოაქვეყნა.  რუსმა სამხედროებმა მაშინაც “საიდუმლო დოკუმენტები” აღმოაჩინეს, რომლებიც  „არარეგისტრირებული ნარკოტიკების“ დონბასის მაცხოვრებლებზე გამოცდას “ადასტურებდა.” ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, ფარმბიოტესტის ლაბორატორიაში იყო ნაპოვნი: ორი ბრძანება კლინიკური კვლევებისთვის, ბრძანების ორი დანართი დეტალური ინფორმაციით ტესტების შესახებ და ტესტებში მონაწილე ადამიანების სია. რეალურად, გამოქვეყნებულ მასალებში მოცემული იყო ინფორმაცია რუტინულ ნარკოლოგიურ ტესტებზე, რომლებიც  მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში ტარდება და გასაიდუმლოებული არ არის. კვლევებმა გადამოწმების ყველა ეტაპი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო ცენტრის ზედამხედველობით გაიარა.უკრაინაში მიმდინარე ყველა კვლევაზე დეტალური ინფორმაცია უკრიანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – “ინფორმაცია კლინიკური კვლევების შესახებ უკრაინაში” არის ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულში გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებზე რაიმე სახის საშიში ექსპერიმენტები ტარდებოდა. კრემლის აქტორები ამის შესახებ დეზინფორმაციას წარსულშიც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ:

რიფტის ველის ცხელების ეპიდემია

მესამე ფაილში – “რიფტის ველის ცხელების ეპიდემია”, ზოონოზური დაავადებების სახელმძღვანელოების სერიის გარეკანი და წიგნის ფრაგმენტია ატვირთული. 

Screenshot 14 1 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

სახელმძღვანელო გაყიდვების ონლაინ პლატფორმა – ebay – ზე 50 დოლარად იყიდება. 

Screenshot 15 1 კრემლის "20 000 დოკუმენტი", რომელიც აშშ - ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
წყარო: ebay.com

აშშ – ის ბიოლოგიურ პროგრამებში ჩართული პირები და კომპანიები

კარენ სეილორსი და Labyrinth Global Health

გარდა დოკუმენტებისა, ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტული პირების სახელები გამოაქვეყნა, რომლებიც მათი თქმით, ბიოლოგიური იარაღის შექმნაში მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, თუმცა საჯაროდ არ ჩანდნენ.  მათ შორისაა – კარენ სეილორსი, Labyrinth Global Health-ის აღმასრულებელი დირექტორი და Metabiota პროგრამების ყოფილი დირექტორი ცენტრალურ აფრიკაში. Labyrinth Global Health -ის საქმიანობას სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროგრამებს კრემლი წარსულშიც უკავშირებდა. მტკიცებულებად კი ეყრდნობოდა წერილს, რომელიც სამინისტროს განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს მეთაურმა სერგეი მორგუნმა “ლაბირინთ უკრაინის” დირექტორს კარენ სეილორსს მისწერა. წერილში საუბარი იყო  USAID-ის პროგრამაზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემის და მისი მდგრადობის განახლებას უკავშირდება, ასევე “ლაბირინთ უკრიანასთან” პარტნიორობასა და სამხედროების ვაქცინაციაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-ბილოგიურ საქმიანობას უკრაინისა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პარტნიორობას უკავშირებდა. 

Labyrinth Global Health უკრაინაში ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა ინიციატივის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. უკრაინაში ორგანიზაციის ოფისი კიევში მდებარეობს და სხვადასხვა პროგრამას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც უჭერს მხარს.

კოლინ ჯონსონი და პროექტი UP – 8 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახელებული მეორე პირი – კოლინ ჯონსონია, ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარი, პროექტ UP – 8 – ის კურატორი, რომელიც უკრაინაში ყირიმ-კონგოს ცხელების და ჰანტავირუსების გამომწვევი აგენტის დიაპაზონის შესწავლას ითვალისწინებდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯონსონი ხელმძღვანელობდა უკრაინელი სამხედროებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღების პროცესს და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის აშშ-თან თანამშრომლობას კურირებდა.

პროექტ UP – 8 – ს ვირუსის გავრცელებასთან კავშირი არ აქვს. რეალურად, ის მიზნად ისახავდა უკრაინის მთავრობის დახმარებას ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, ტკიპებით გამოწვეული ინფექციების,  აგრეთვე მღრღნელების მიერ გავრცელებული ჰანტავირუსის დაკვირვებაში. წარსულში,  ამის შესახებ განმარტება აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომაც გააკეთა.  სააგენტოს თანახმად, პროექტი UP-8 უკრაინული და ამერიკული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციების ყველა შესაბამისი წესის დაცვით განხორციელდა და არცერთ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა. 

ლუის ფონ თაიერი და კომპანია Battelle

მესამე პირი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს  ლუის ფონ თაიერია –  კომპანია Battelle-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. აღსანიშნავია, რომ კომპანია Battelle-ის ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან კავშირზე კრემლი ადრეც ავრცელებდა ცნობებს.  წარსულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინული საწარმოების თანამშრომლების ყველა მონაცემის განადგურების შესახებ, რომლებიც თანამშრომლობდნენ მეტაბიოტას აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან და Battelle-ის მემორიალურ ინსტიტუტთან

EUvsDisinfo -ს თანახმად, გამოქვეყნებული დოკუმენტები გაყალბებული იყო. 

აშშ უკრაინის ლაბორატორიებთან 2005 წლიდან თანამშრომლობს

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობასთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერების მიზნით 2005 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებსა და სამხედროებზე ცდების ჩატარებას არ გულისხმობს. 2005 წელს ამოქმედებული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებული უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა.

ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist