17 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა წიქარა კოლხი ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის რუსულ სიმღერაზე ცეკვავს. ვიდეო რუსეთის ქალაქ სოჭშია გადაღებული და მასში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ჩანს. ვიდეოს თან ახლავს წარწერა “პუტინი და ბუში, სოჩი. 2008 წელი”. პოსტის ავტორის კომენტარიც “ჩვენი დიდი შეშფოთებული მეგობარი თანაც 2008ში” იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის წელს ამერიკის პრეზიდენტი მტრული სახელმწიფოს პრეზიდენთან ერთად რუსულ ჰანგებზე ცეკვავდა.
პოსტი შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჯორჯ ბუში რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ესტუმრა და მისი ცეკვის ვიდეოც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაა გადაღებული. რეალურად, ვიდეო ომამდე რამდენიმე თვით ადრე, 2008 წლის აპრილშია გადაღებული, როცა ბუში რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
პოსტის ავტორი იმ დეტალით მანიპულირებს, რომ სოჭში გადაღებული ბუშის ცეკვის ვიდეო 2008 წლით თარიღდება და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ბუში რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია. რეალურად, ბუში სოჭში 2008 წლის 5-6 აპრილს იმყოფებოდა.
სოჭში ჩასვლამდე ბუში ბუქარესტში ნატოს სამიტს დაესწრო, სადაც ის საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას მხარს აქტიურად უჭერდა.
როგორც Euronews წერს, სოჭში გადაღებული ბუშის ცეკვის ვიდეო 2020 წელს კრემლმა ვლადიმირ პუტინის მმართველობის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ აშშ-ის ლიდერებიდან რუსეთს 2009 და 2013 წლებში მხოლოდ ბარაკ ობამა ეწვია. 2013 წლის შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტები რუსეთში ოფიციალური ვიზიტით აღარ ჩასულან.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.