როგორ ხდება უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების და გაუქმების პროცესის ინიცირება?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4.4k
VIEWS

25 აპრილს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის “არათუ გაუქმებას, პროცესის წამოწყებასაც 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.” 26 აპრილს კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერების ინიცირებას წევრი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა და კონკრეტული, მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, რაც, მისი თქმით, არ არსებობს. მსგავსი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმაც, რომლის თანახმადაც ასეთი გადაწყვეტილება “პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია.”

აღნიშნული განცხადებები აქტიურად გააშუქეს პროსახელისუფლებო მედიამ და ანგარიშებმა (1,2,3,4,5).

uvizo mimosvlis meqanizmis shecherebis da gauqmebis protsesi როგორ ხდება უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების და გაუქმების პროცესის ინიცირება?

მტკიცება, თითქოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ინიცირებას ან დროებით შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც რეგულაციის ტექსტიდან ჩანს, პროცესის ინიცირებისათვის მხოლოდ ერთი ქვეყნის მხრიდან ევროკომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის წარდგენა ან თავად ევროკომისიის გადაწყვეტილებაა საჭირო. 

როგორ ხდება უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების და გაუქმების პროცესის ინიცირება?

ევროპარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებული რეზოლუცია 1806 განსაზღვრავს ევროკავშირთან არაწევრი, მესამე ქვეყნებისათვის უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების პროცედურებსა და კრიტერიუმებს. რეგულაციის მე-8 მუხლის მიხედვით, შეჩერების მექნიზმის ინიცირება ხდება ევროკომისიის ან ევროკავშირის წევრი ნებისმიერ ქვეყნის მხრიდან ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე, თუ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე გარემოება დგას:

  1. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მესამე ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც უარი ეთქვათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე ან რჩებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ.
  2. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მესამე ქვეყნიდან და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია
  3. მესამე ქვეყანასთან მოქალაქეების დაბრუნებაზე თანამშრომლობა შემცირებულია
  4. გაზრდილია რისკი ან გარდაუვალი საფრთხის წინაშეა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საჯარო პოლიტიკა ან შიდა უსაფრთხოება, განსაკუთრებით სისხლის სამართლის დანაშაულების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის გამო, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან.

ევროკომისია გააანალიზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დასაბუთებას და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს, რომ საჭიროა უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, ან იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე კომისიას ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უბრალო უმრავლესობა (ამ შემთხვევაში 15 ქვეყანა) მიმართავს, ის მიიღებს შემდეგ ზომებს:

  • გამოსცემს აქტს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების შესახებ 9 თვის განმავლობაში
  • ამ დროის განმავლობაში კომისია გაზრდის კომუნიკაციას მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება განაპირობა
  • იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები არ შეიცვლება, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება გახანგრძლივდება კიდევ 18 თვით
  • ამ ვადის გასვლამდე ევროკომისია ევროპარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, რომელიც შეიცავს რეგულაციაში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადებას, იმისათვის რომ აღნიშნული მესამე ქვეყანა გადავიდეს იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ

აქტი ძალაში შედის ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უბრალო უმრავლესობის (15 წევრი) მხარდაჭერით. (რეგულაცია 182/2011, მუხლი 5(1)).

შესაბამისად, მტკიცება, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის ინიცირებას ან დროებით შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც რეგულაციის ტექსტიდან ჩანს, პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი ქვეყნის მხრიდან ევროკომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის წარდგენა ან თავად ევროკომისიის გადაწყვეტილება. მაგალითისათვის, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა ვანუატუს, ხოლო გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთს და, ნაწილობრივ, ბელარუსს.

არსებობს თუ არა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი?

რაც შეეხება სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, აღსანიშნავია საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მზარდი სტატისტიკა, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკომისიის არაერთ ანგარიშშია ხაზგასმული. მაგალითად, მეექვსე ანგარიშში, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი 5-დან 7%-მდეა გაზრდილი. ასევე, 87%-ით იყო გაზრდილი საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით განსაზღვრული დროის გავლის შემდეგ რჩებოდნენ.

ამჟამად მოქმედი კრიტერიუმებით, მნიშვნელოვან ზრდად ითვლება 50%-ზე მეტით ზრდა იმ ადამიანთა რიცხვისა, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე ან უარი ეთქვათ ევროკავშირში შესვლაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა 50%-ზე მეტით ზრდა, როდესაც დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია (3-4%).

uvizo mimosvlis meqanizmis shecherebis da gauqmebis protsesi1 როგორ ხდება უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების და გაუქმების პროცესის ინიცირება?

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, იზრდება იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ინიცირება და მოიცავს შემდეგ გარემოებებსაც:

  • მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკის აცდენა ევროკავშირის პოლიტიკისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ეს იწვევს ევროკავშირში ჩამსვლელთა რაოდენობის მატებას
  • ინვესტორის მოქალაქეობის სქემის მოქმედება, როდესაც მოქალაქეობა მიენიჭება მესამე ქვეყანასთან რეალური კავშირის გარეშე, წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის ან გადახდის სანაცვლოდ
  • ჰიბრიდული საფრთხეების არსებობა და უსაფრთხოების კანონმდებლობასა და პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ხარვეზები

ცვლილება ასევე ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, განსაკუთრებით როდესაც ეს უკავშირდება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს ან საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების დარღვევებს. ცვლილების ტექსტის მიხედვით, ვინაიდან ეს გავლენას მოახდეს მთლიანად ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე, ამ საფუძველზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ინიცირება ევროკომისიის პრეროგატივა იქნება. ცვლილებას ევროპული საბჭო ევროპარლამენტთან განიხილავს, რა დროსაც მოხდება დოკუმენტის საბოლოო ტექსტზე შეჯერება. გარდა ამისა, იზრდება უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადებიც, 9-დან 12 თვემდე და 18-დან 24 თვემდე. ცვლილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზრდად ჩაითვლება 30%-ით იმ პირთა რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვათ ევროკავშირში შესვლაზე ან უკანონოდ იმყოფებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხოლო თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბლად ჩაითვლება თუ ის 20% ან ნაკლებია.

25 აპრილს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც უცხოეთის აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ეხება და ევროკომისიას მოუწოდებს, ამ კანონის მიღების შემთხვევაში შეაფასოს მისი გავლენა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, აღნიშნულია, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებთან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist