14 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა “ქართველი კავკასიელი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ბუნდოვნად ჩანს პარლამენტის შენობაზე გაკრული პლაკატები. ავტორი აღწერაში ამტკიცებს: “Სტეფან ბანდერას ფოტოები პარლამენტის კედლებზე!! Პროცესი ზუსტი ანალოგია უკრაინის დაკოპირებული!”
იმავეს ამტკიცებდა თბილისში საპროტესტო აქციების გაშუქების დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია ZVEZDA NEWS-ის ჟურნალისტი. ვიდეო მათ ვებ-საიტზე აღარ იძებნება, თუმცა მონაკვეთი, რომელშიც ის ამბობს, რომ პარლამენტის კედლებზე სტეპან ბანდერას ფოტოებია გაკრული, ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება (1;2).
მტკიცება, თითქოს პლაკატებზე უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი სტეპან ბანდერაა გამოსახული, დეზინფორმაციულია. რეალურად, პლაკატებზე ქართული ოცნების წევრების, ამბროსი ხელაიასა და ტიციან ტაბიძის ფოტოებია დაბეჭდილი.
ვიდეოში ბუნდოვნად ჩანს პლაკატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შენობაზე არის გაკრული. თუმცა, ჩანს, რომ ერთ-ერთ პლაკატზე საქართველოს გერბია გამოსახული, ხოლო 3 პლაკატზე გამოსახულება განსხვავებულია.
რეალურად, ბანერზე, რომელსაც ცისფერი ფონი აქვს, პოეტი ტიციან ტაბიძეა გამოსახული. ბანერები პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა დაბეჭდეს და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული.
სტეპან ბანდერა ასევე არ არის გამოსახული მეორე ბანერზე. მასზე დაბეჭდილია კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაიას ფოტო და ციტატა: “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას”.
მესამე ბანერი ასევე ეკუთვნის “ევროპულ საქართველოს”. მსგავს ბანერებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან გამოსახული.
წყაროს შესახებ
ანგარიში ქართველი კავკასიელი პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიში: სიდონია კავკასიელი, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშები პერიოდულად იცვლიანს სახელებსაც. ერთ-ერთი ანგარიშის URL მისამართში იზაბელა ხომერიკია მითითითებული. ამ ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.