27-29 აპრილს ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2) კადრები გავრცელდა, რომელშიც გერმანიის პარლამენტის შენობაზე – რაიხსტაგზე აღმართული საბჭოთა კავშირის დროშა ჩანს. ფეისბუკ-მომხმარებლები ვიდეოს შემდეგი აღწერით ავრცელებენ: “ბერლინში, უცნობმა გმირებმა რაიხსტაგის სახურავზე გამარჯვების დროშა აღმართეს, სანამ შოლცს სძინავს, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები სოციალურ ქსელებში კადრებს ავრცელებენ.”
ზოგიერთი ფეისბუკ-ანგარიში აღნიშნული ვიდეოდან იმავე აღწერით სქრინშოტს ავრცელებს.
მტკიცება, თითქოს რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა აღიმართა, დეზინფორმაციაა. გავრცელებული კადრები 2023 წლიდან ვრცელდება და მაშინ ბუნდესტაგმა გერმანული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Correctiv-ს დაუდასტურა, რომ რაიხსტაგზე კვლავინდებურად მხოლოდ გერმანიის და ევროპის დროშები ფრიალებს.
ვიდეო კადრები, რომელშიც რაიხსტაგზე აღმართული საბჭოთა კავშირის დროშა ჩანს, 2023 წლის 8-9 მაისსაც ვრცელდებოდა და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ნაციზმზე გამარჯვების თარიღს უკავშირებდნენ. სოციალურ ქსელში წელსაც იდენტური ვიდეო გავრცელდა. კადრები უკრაინულმა სააგენტო УНІАН-მა და გერმანულმა Correctiv-მა გასულ წელს გადაამოწმეს.
Correctiv ბუნდესტაგს დაუკავშირდა. ბუნდესტაგის პრესსპიკერმა ბირგიტ ლანდსკრონმა ორგანიზაციას განუმარტა, რომ რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა არ აღმართულა და სახურავზე კვლავინდებურად ფრიალებს გერმანიის და ევროპის დროშები.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Correctiv – ის წარმომადგენელი გასული წლის 8 მაისს რაიხსტაგის შენობასთანაც მივიდა, თუმცა შენობის სახურავზე საბჭოთა დროშა არ ჩანდა. დროშა ასევე არ ჩანდა იმავე დღეს უწყების ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ კადრებსა და საიტზე დაყენებული ვებკამერის სურათებში.
გარდა ამისა, 2023 წლის 8 მაისს, ბერლინში მზიანი ამინდი და ტემპერატურა 19 გრადუსი იყო, გავრცელებულ კადრებში კი ქურთუკებში ჩაცმული ხალხი ჩანს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიდეო 2023 წლის 8 მაისსაა გადაღებული. ასევე, ვიდეოში გამოსახულ მცენარეებს თითქმის არ აქვთ ფოთლები, თუმცა მაისის თვეში ეს ხეები გამწვანებული იყო, რაც იმაზე მეტყველებს , რომ ვიდეო სხვა სეზონზეა გადაღებული.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს Zhanna Marutyan დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.