14 მარტს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში “უცნობი მსოფლიო ამბები” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების ყოფილი ინსპექტორისა და კრემლის პროპაგანდისტი ექსპერტის – სკოტ რიტერის ინტერვიუ გავიდა. მან თბილისში “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა და კრემლის ნარატივები გაიმეორა.
რიტერის ინტერვიუში სამი მანიპულაციური გზავნილი გამოიკვეთა:
- მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ამერიკული FARA-ს პირდაპირი ასლია.
- აშშ საქართველოს რუსეთის დესტაბილიზაციისთვის კრიზისის შესაქმნელად იყენებს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
- ამერიკა საქართველოს მიუღებელ ღირებულებებს ახვევს თავს.
სკოტ რიტერის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობს, რუსულ პროპაგანდისტულ მედიებშიც (RT на русском, rg.ru, ura.news, iz.ru, ria.ru) გაშუქდა. სკოტ რიტერის ინტერვიუს სრული ვერსია 11 მარტს იუთუბ-არხზე U.S. Tour of Duty გამოქვეყნდა.
-
ე.წ “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ამერიკული FARA-ს პირდაპირი ასლია
სკოტ რიტერი გავრცელებულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონი “უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის” შესახებ ამერიკული FARA-ს ანალოგია. იგივეს ამბობდნენ კანონპროექტის ავტორები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ანალოგიური ნარატივი ვრცელდებოდა რუსულ მედიაშიც. კანონი რომ ამერიკულია, ამ გზავნილს ავრცელებდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია იმედიც.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამოყოფილმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” თანახმად, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირი, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ფონდებიდანაა, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო. მეორე ინიცირებული კანონპროექტის “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ” თანახმად კი, აგენტად რეგისტრაცია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უწევდა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობა ჯარიმით ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. “ხალხის ძალის” თანახმად სწორედ ეს კანონი იყო FARA-ს ანალოგი.
რაც შეეხება ამერიკულ FARA-ს, ამ თემაზე East West Management Institute- მა ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) და არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მიერ მომზადდდა. ანალიზში აღნიშნულია, რომ ამერიკული კანონი ორგანიზაციას აგენტად რეგისტრაციას მხოლოდ მაშინ ავალდებულებს, როდესაც სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით მოქმედებს. ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი მახასიათებლები, რაც აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA) “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტისგან განასხვავებს.
- FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
- აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA მათ უცხოურ აგენტად რეგისტრაციას არ ავალდებულებს.
- აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია.
აშშ-ში კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონი ადაპტირდა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.
მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ და შემდეგ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს 6-9 მარტს საპროსტესტო აქციები მოჰყვა. 9 მარტს მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.
-
აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კრიზისის შესაქმნელად იყენებს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს
სკოტ რიტერი ამტკიცებს, რომ აშშ-ს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის გახსნა სურს”, რათა უკრაინიდან ყურადღება გადაიტანოს. მისი თქმით, აქციებზე ამიტომაც ყვირიან ახალგაზრდები – “სოხუმი, სოხუმი”. მან დასძინა, რომ თუ საქართველოს რუსეთთან ომი მოუწევს, წინააღმდეგობისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს და ბრძოლის შემთხვევევაში ვერ გადარჩება, რაც შიშების დათესვას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ სკოტ რიტერი ამ შემთხვევაშიც კრემლის პროპაგანდისტების მარგარიტა სიმონიანის და ვლადიმერ სოლოვიოვის მანიპულაციურ გზავნილს იმეორეობს. რეალურად, 9 მარტის საპროტესტო აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერედვიდან, ცხინვალიდან არის და მისი ცხოვრების მიზანი იქ დაბრუნება და ოკუპანტების განდევნაა. ყველა უნდა დაბრუნდეს გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, ერედვში, აღნიშნა ფავლენიშვილმა. ამის შემდეგ მან სოხუმის სკანდირება დაიწყო და აქციის სხვა მონაწილეებიც შეუერთდნენ. Dfrlab – ის თანახმად, ვიდეოს ეს ნაწილი სიმონიანთან და სოლოვიოვთან ერთად პროპაგანდისტულმა მედიამ (Tsargrad TV) მანიპულაციურად გაავრცელეს იმ მოსაზრების გასამყარებლად, თითქოს მომიტინგეების რეალური, მიზანი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა იყო.
გზავნილებს, თითქოს ამერიკა და დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს “ხალხის ძალის” წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვადასხვა პლატფორმებიც ხშირად ტირაჟირებენ. მაგალითად, მოძრაობა “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა 2022 წლის ივლისში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში შეხვდა და ელჩმა მას “მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
აშშ-ის ელჩმა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ უარყვეს მტკიცება, თითქოს აშშ-ის საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველში, 23 ივნისი, 2022 წელი: „განცხადებები, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ან მეორე ფრონტის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.”
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა, დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს, რომლის თანახმადაც აშშ-ს საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ სურს.
„ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენ ეს არ გვსურს. თუკი შემიძლია, რამე გავაკეთო, რათა გავაქარწყლო ეს არასწორი ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია, დიდი სიამოვნებით: შეერთებული შტატების მიზანია ამ ომის დასრულება. ამ პლანეტაზე არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც დღესვე შეუძლია ომის დასრულება. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. (Valium) მოვუწოდებ მას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, სანამ სხვა უდანაშაულო უკრაინელები დაიღუპებიან“, – განუცხადა კარენ დონფრიდმა გამოცემა „ნეტგაზეთს“, 2022 წლის 17 ივნისს.
2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბაც ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს.
ნარატივი, რომ აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებს, წლებია ვრცელდება და “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშებში “ანტიდასავლური პროპაგანდა” ყოველწლიურად ხვდება. 2020 წლის ანგარიშში ამ თემაზე სხვადასხვა პრორუსი აქტორების მხრიდან 47 სხვადასხვა ციტატა მოხვდა.
-
ამერიკა საქართველოს მიუღებელ ღირებულებებს ახვევს თავს
სკოტ რიტერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მოსახლეობას თავს ახვევს ისეთ ღირებულებებს, რაც აშშ-სთვის მისაღებია, თუმცა ქართველებს არ მოსწონთ, მაგალითად, მრავალფეროვნების პატივისცემა. მისი თქმით, ამერიკაში ძალიან ლიბერალური მიდგომაა ლგბტქი თემის მიმართ, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს უცხოა და აშშ ცდილობს მათთვის მიუღებელი ტრადიციების საქართველოში დამკვიდრებას.
პროპაგანდისტული გზავნილი, რომ დასავლეთი ჰომოსექსუალობას, პედოფილიასა და გარყვნილი ცხოვრების წესს თავს გვახვევს და ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ეკლესიას ასევე წლებია ვრცელდება. მიზანი იდენტობის დაკარგვის საფრთხით მანიპულირებაა, რაც საზოგადეობის გარკვეული ჯგუფების მოწყვლადობაზეა გათვლილი და რუსეთის სამხედრო აგრესიიდან ფოკუსის სხვა თემებზე გადატანას ისახავს მიზნად.
სკოტ რიტერის შესახებ
სკოტ რიტერს კრემლის მედია დასავლელ ექსპერტად წარმოაჩენს და უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის განსამტკიცებლად ხშირად ეყრდნობა. სკოტ რიტერი ამტკიცებდა, რომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას, რომლის კადრების მსოფლიოს არაერთ მედიაში მოხვდა, დადგმული იყო. რიტერი ხშირად ჩნდება რუსეთის სამთავრობო არხებსა და სხვადასხვა ფეისბუკ-გვერდებზე, ასევე მის კომენტარებს სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის საელჩოები აზიარებენ.
სკოტ რიტერი 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების წამყვანი ინსპექტორი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი ამერიკის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა.
რიტერი არაერთხელ გაეხვა ონლაინ სექს სკანდალში, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ. პირველ ჯერზე, 2001 წელს, მან 6 თვე ციხეში გაატარა. 2009 წელს რიტერი კიდევ ერთხელ დააკავეს ანალოგიური ბრალდებით და 2011 წელს 6 მუხლით გაასამართლეს. მას 1.5-დან 5.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი 2014 წელს თავდებით გაათავისუფლეს.
სკოტ რიტერზე მითების დეტექტორმა არაერთი სტატია მოამზადა. ვრცლად იხილეთ:
- კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს
- 3 დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაზე რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებზე ვრცელდება
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია