ვინ არის პოლ მაკჰიუ და როგორ აშუქებს POSTV ტრანსგენდერებზე არსებულ კვლევებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

69
VIEWS

27 თებერვალს ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა POSTV-ის გადაცემა ,,ლიბერალიზმის ანატომიაში” გენდერულ უმცირესობებზე, კერძოდ, ტრანსგენდერებზე ისაუბრა და თქვა, რომ ტრანსგენდერობა განკურნებადი მენტალური დაავადებაა, ბიოლოგიურად სქესის შეცვლა არ არსებობს და საზოგადოება, რომლის შექმნაც მსოფლიოს მილიარდერ ოჯახებს უნდათ, ტრანსგენდერებისგან უნდა იყოს გამოძერწილი. გადაცემის წამყვანი ასევე ამბობს, რომ საზოგადოების გადაგვარების საუკეთესო საშუალება ,,მასობრივი ტრანგენდერიზაციაა” და “ამერიკელ ლგბტ ლობისტებს” ამაზე უკეთესი არაფერი გამოუგონიათ. ნათქვამის გასამყარებლად გიორგი ახვლედიანი ამერიკელი ფსიქიატრის, პოლ მაკჰიუს კვლევებს იშველიებს. 

გიორგი ახვლედიანი: ,,მან [პოლ მაკჰიუ] ექვსი წიგნი და სულ მცირე, 125 სამედიცინო სტატია მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ ტრანსგენდერიზმი არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც განკურნებადი დაავადებაა, ხოლო, სქესის შეცვლა არის მხოლოდ თავის მოტყუება, რადგან ბიოლოგიურად ეს გამორიცხულია. დოქტორ მაკჰიუს ბოლო კვლევის შედეგები ,,ტრანსგენდერიზმის” აპოლოგეტებისათვის, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი უნდა იყოს. კვლევა აჩვენებს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი ტრანსგენდერ ადამიანებში, რომლებმაც გაიარეს სქესის გადაკეთების ოპერაცია 20-ჯერ აღემატება თვითმკვლელობის მაჩვენებელს არატრანსგენდერებში. ასეთივე უმნიშვნელოვანესი სტატისტიკა გამოვლინდა ბავშვებთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ ბავშვების 70-80%, რომელიც გარდატეხის ასაკში გამოხატავდნენ ტრანსგენდერულ სურვილებს, დროთა განმავლობაში, სპონტანურად კარგავენ ყველანაირ ინტერესს სქესის გადაკეთების მიმართ.”

ტრანსგენდერები

გიორგი ახვლედიანი ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს: 1) ის 2014 წელს პოლ მაკჰიუს მიერ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრობს და არაფერს ამბობს მეცნიერის მოწინააღმდეგეებზე. ,,ლიბერალიზმის ანატომიაში” მოყვანილ ცნობებს სამეცნიერო წრეებში არ იზიარებენ; 2) შვედეთში ჩატარებული მცირემასშტაბიანი კვლევა ამბობს, რომ ტრასგენდერებში, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, თვითმკვლელობის რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში, თუმცა არ ასკვნის, რომ გაზრდილ რისკს ოპერაციები განაპირობებს; გარდა ამისა, კვლევების თანახმად, ტრანსგენდერებში, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, გადაწყვეტილებას მხოლოდ 1% ნანობს. 3) ევროპაში სქესის შეცვლის ოპერაცია ტრანზიციის საბოლოო ეტაპად განიხილება და მხოლოდ გრძელვადიანი შეფასების შედეგად ხდება, ასევე ოპერაციის ქვედა ზღვარი, უმეტესად, 18 წელია. 

  • რამდენად სარწმუნოა პოლ მაკჰიუს მოსაზრებები?

პოლ მაკჰიუ არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი, ასევე წლები მთავარი ფსიქიატრი იყო ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში. მაკჰიუ თავის ნაშრომებში ტრანსგენდერობას მენტალურ დაავადებას უწოდებს და ამბობს, რომ მისი განკურნება შესაძლებელია, ასევე სექსუალური ორიენტაცია, გარკვეულწილად, არჩევანია. ის ეწინააღმდეგება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციების ჩატარებასაც. პოლ მაკჰიუს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ხშირად ეწინააღმდეგებიან როგორც სამეცნიერო წრეებში, ასევე უფლებადამცველები. მაგალითად, 2017 წელს ორგანიზაცია Human Rights Campaign (HRC)-მა ვებგვერდი შექმნა ,,პოლ მაკჰიუს უსარგებლო მეცნიერების გამოსააშკარავებლად”. HRC ასევე წერს შემთხვევაზე, დროსაც ვანდერბილტის უნივერსიტეტის ლგბტ+ ადამიანების ჯანმრთელობის 600-მდე ექსპერტმა წერილი გამოაქვეყნა და გენდერთან დაკავშირებით მაკჰიუს პოზიცია დაგმო. აღსანიშნავია, რომ მაკჰიუს მოსაზრებები სქესსა და გენდერზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან თავად მისმა კოლეგებმაც გააკრიტიკეს. მათი თქმით, პოლ მაკჰიუს ერთ-ერთი ნაშრომში მოყვანილია სამეცნიერო მტკიცებები, თუმცა არ არის ყოვლისმომცველი მიმიმოხილვა, ასევე ის არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ლიტერატურაში, სადაც გამოქვეყნებადე მკაცრ განხილვას გაივლიდა. 

გიორგი ახვლედიანი გადაცემაში იმოწმებს მედიაში გამოქვეყნებულ პოლ მაკჰიუს სტატიას, რომელიც სამეცნიერო კვლევას არ წარმოაგდგენს. Wall Street Journal-ში 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში პროფესორი მისთვის დამახასიათებელ იდეებს კიდევ ერთხელ იმეორებს. 

  • რას ამტკიცებს შვედეთში ჩატარებული კვლევა?

,,ლიბერალიზმის ანატომიაში” მოყვანილი მტკიცება, თითქოს ტრანსგენდერ ადამიანებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 20-ჯერ აღემატება დანარჩენ ადამიანებში თვითმკვლელობის რიცხვს, შვედეთის უნივერსიტეტის 2011 წლის კვლევას ეყრდნობა. პოლ მაკჰიუსაც ეს კვლევა მოჰყავს თავის სტატიაში. ,,შვედეთის სამეფოს ინსტიტუტის” კვლევაში მონაწილეობა 324-მა ტრანსგენდერმა მიიღო. კვლევის მიხედვით, ტრანსგენდერებში სუიციდის შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში, თუმცა კვლევა არ ასკვნის, რომ თვითმკვლელობის რისკის ზრდას უშუალოდ სქესის შეცვლა იწვევს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებში ფსიქიკური დაავადებები, ზოგადად, უფრო ხშირია და სქესის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამსუბუქებს გენდერულ დისფორიას, არ არის საკმარისი და საჭიროა ფსიქიკური დაავადების იდენტიფიცირება და მკურნალობა, როგორც სქესის შეცვლის ოპერაციამდე, ისე მის მერე.

  • რა გავიგეთ სხვა კვლევებით ტრანსგენდერი ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის ცვლილებაზე?

ღია წყაროებში არაერთი კვლევა არსებობს, რაც ამტკიცებს, რომ სქესის შეცვლის ოპერაციები არ არის პირდაპირ კავშირში ტრანსგენდერი ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მაგალითად, იელისა და შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ფსიქიატრებმა 2005-2015 წლებში 2000-ზე მეტი გენდერული დისფორიის (შეუთავსებლობა სქესსა და გენდერს შორის) მქონე შვედი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ჰორმონალურმა ან ქირურგიულმა მკურნალობამ მათი მენტალური ჯანმრთელობა, პირიქით, გააუმჯობესა. ფსიქიატრები ასევე მიუთითებენ, რომ მინიმალური განსხვავებაა იმ ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის სიმძიმეს შორის, ვინც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიულ ოპერაციას მიმართა და ვინც – არა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში საშუალოდ 700 000-ზე მეტი სუიციდის შემთხვევაა. ტრანსგენდერებში სუიციდის ერთიანი მსოფლიო სტატისტიკა არ იძებნება და მას ქვეყნები დამოუკიდებლად ატარებენ. ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია The Trevor Project-მა, რომელიც ლგბტქი+ ადამიანებში სუიციდის პრევენციას ემსახურება, 2021 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, ტრანსგენდერ და არაბინარულ ახალგაზრდებში, რომლებმაც ნაცვალსახელი ან სქესის მარკერი ოფიციალურ დოკუმენტებში გადაიკეთეს, სუიციდის მცდელობების შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 

რაც შეეხება ტრანსგენდერებს, რომლებმაც სქესის შეცვლის ოპერაცია სრულწლოვანების დროს გაიკეთეს, მხოლოდ, დაახლოებით, 1% ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას. 2021 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა 27 კვლევასა და 7928  ტრანსგენდერზე დაკვირვებას აერთიანებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ, მაგალითად ევროპაში სქესის შეცვლის ოპერაციების გაკეთების ქვედა ზღვარი უმეტესად 18 წელია. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში კი სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას, მსურველის სქესობრივი მომწიფებულობით განსაზღვრავენ. რაც შეეხება ჰორმონალურ თერაპიას, მისი დაწყების ასაკობრივი ზღვარი, ძირითადად, 16-18 წლით განისაზღვრება, თუმცა არასრულწლოვნებში ინდივიდუალური მიდგომა არსებობს, ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, გენდერულ ტრანზიციაში საბოლოო ეტაპად განიხილება და მხოლოდ გრძელვადიანი შეფასებისა და კონსულტაციების შემდეგ ხდება.

გიორგი ახვლედიანი რამდენჯერმე იმეორებს ტერმინს ,,ტრანსგენდერიზმი”, რომელიც გენდერული უმცირესობის შეურაცხყოფისთვის ფართოდ გამოიყენება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია კი ტრანგენდერობას განმარტავს, როგორც ,,ქოლგა ტერმინს” იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატულება და ქცევა არ შეესაბამება ბიოლოგიურ სქესს. 

გადაცემაში ,,ლიბერალიზმის ანატომია”, რომელიც ტელეკომპანია Postv-ის ეთერით გადის, ხშირად გავრცელებულა შეცდომაში შემყვანი ცნობები, რაც ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. წაიკითხეთ მასალები ვრცლად:

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist