ამტკიცებს თუ არა ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ ერთნაირსქესიანი მშობლების შვილების აბსოლუტური უმრავლესობა ჰომოსექსუალია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ერთნაირსქესიანი მშობლები
161
VIEWS

21 თებერვალს ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა თავის საავტორო გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია” განაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ჰომოსექსუალი მშობლების მიერ აღზრდილი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანად” ყალიბდება. 

გიორგი ახვლედიანი: “ყველა საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ჰომოსექსუალურ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანად ყალიბდება. მათ უმეტესობას ადრეული ასაკიდანვე აქვს სქესობრივი კავშირი მშობლებთან, რაც მათი ფსიქიკის დაზიანებას იწვევს და სუიციდისკენ მიდრეკილებას აჩენს.  

ერთნაირსქესიანი მშობლები

გიორგი ახვლედიანი ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ აღზრდილ შვილებთან დაკავშირებით ღია წყაროებით კვლევები იძებნება, თუმცა ისინი არ ადასტურებს, რომ მშობლების სექსუალური ორიენტაცია შვილების აბსოლუტურ უმრავლესობაზე მსგავს გავლენას ახდენს. კვლევების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მშობლებს შვილების გენდერულ იდენტობაზე გავლენა არ აქვთ. 

გიორგი ახვლედიანი ამტკიცებს, რომ “ყველა საერთაშორისო კვლევის” მიხედვით ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ გაზრდილი შვილების აბსოლუტური უმრავლესობა ჰომოსექსუალია. ღია წყაროებით მოძიებული კვლევებიდან ახვლედიანის მტკიცებას, მათ შორის, მშობლებთან სქესობრივი კავშირის შესახებ, მხოლოდ ოჯახის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებლის, მკვლევარ პოლ კამერონის ნაშრომები იმეორებს, თუმცა, აღნიშნული კვლევების ვალიდობა საეჭვოა.

კონკრეტულად, კამერონის მიერ 2006 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, “ჰომოსექსუალებისა და ტრანსსექსუალების შვილები მეტად მიდრეკილნი არიან, ჰომოსექსუალები იყვნენ”. აბსტრაქტის მიხედვით, დასკვნა სამი სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად არის მიღებული. ფსიქოლოგი ვარაუდობს, რომ მშობლების სექსუალური ორიენტაცია მათ შვილებზე გავლენას ახდენს. მშობლების მიერ ძალადობასა და მშობლებთან სექსუალური კავშირის სურვილზე კამერონი კიდევ ერთ კვლევაშიც საუბრობს

აღსანიშნავია, რომ პოლ კამერონის მტკიცებები და კვლევა შემდგომში მრავალჯერ გააკრიტიკეს. მაგალითად, მკვლევარ ტოდ მორისონის კომენტარების მიხედვით, კამერონის კვლევის მეთოდოლოგია სადავოა, ასევე, კვლევა შეიძლება გააკრიტიკონ, როგორც “ანტიჰომოსექსუალური დღის წესრიგის ფსევდომეცნიერული გამოვლინება”. წარსულში კამერონი სხვადასხვა უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული – მათ შორის, ნებრასკის უნივერსიტეტთან, ლუისვილის უნივერსიტეტსა და უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 1980-იან წლებში LGBTQ+ პირების მხარდამჭერი პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც “ყველაზე საშიშ ანტიგეი ხმას ამერიკის შეერთებულ შტატებში”. 1983 წლის 2 დეკემბერს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ის “ფსიქოლოგთა ეთიკური პრინციპების პრეამბულის დარღვევის გამო” წევრობიდან გაათავისუფლა. 1984 წლის 19 ოქტომბერს ნებრასკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც იგი ემიჯნება სექსუალობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაზე პოლ კამერონის ინტერპრეტაციებს მის ნამუშევრებსა და განცხადებაში. 1985 წელს ამერიკის სოციოლოგიურმა ასოციაციამ (ASA) მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც კამერონი მუდმივად არასწორად წარმოადგენდა და ინტერპრეტირებდა სოციოლოგიურ კვლევას ჰომოსექსუალიზმისა და ლესბოსელების შესახებ, ასევე, გეი და ლესბოსელი პირებისთვის უფლებების შეზღუდვაზე საკუთარი კამპანიის სასარგებლოდ კვლევის შედეგებს ამახინჯებდა. 1996 წელს კამერონის მიერ კვლევების დამახინჯება დაგმო კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციამაც. 2013 წელს კამერონი რუსეთში იმყოფებოდა, დუმის წარმომადგენლებს შეხვდა, “ტრადიციული ოჯახის ღირებულებების” დაცვაზე ისაუბრა და ამტკიცებდა, რომ LGBTQ+ პირთა ⅓ პედოფილიას უჭერს მხარს.   

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო კვლევებს, რომლებიც არსებულ თემაზე არსებობს, ისინი განსხვავებულ მიგნებებს გვთავაზობს. კერძოდ, 2019 წელს გამოქვეყნდა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კვლევა, რომელიც მხოლოდ ლესბოსელი მშობლების შვილების შემთხვევებს სწავლობდა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ლესბოსელი მშობლების შვილები ჰეტეროსექსუალებად შედარებით ნაკლებად იდენტიფიცირდებიან, თუმცა, მაჩვენებელი “აბსოლუტურ უმრავლესობასთან” ახლოსაც არაა. კერძოდ, კვლევა 1986 წლიდან დაიწყო და 76 ადამიანს ჩასახვიდან სრულწლოვან ასაკამდე აკვირდებოდა. შედეგების მიხედვით, ლესბოსელი წყვილის 76 შვილიდან მდედრობითი სქესის 70% და მამრობითი სქესის 90% იდენტიფიცრდება, როგორც ჰეტეროსექსუალი. კვლევის შედეგები შედარებულია 25 წლის პირების მაჩვენებლებს, რომლებმაც ოჯახის ზრდის ეროვნულ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა – აღნიშნულ კვლევაში ჰეტეროსექსუალად მდედრობითი პირების 88% და მამრობითის 98% იდენტიფიცირდებოდა. კვლევის ავტორი, ნანეტ გარტრელი ვარაუდობს, რომ მიზეზი მშობლების აღზრდის მეთოდია, რადგან ისინი არ განსჯიან საკუთარ შვილებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, მეტად თავისუფალი იყვნენ საკუთარი თავის ძიებაში. მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც კვლევა დაიწყო, არსებობდა მრავალი სპეკულაცია ლესბოსელი მშობლების შვილების მენტალურ ჯანმრთელობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. გარტრელი ასევე არის ლესბოსელი წყვილების შვილების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული კვლევის თანაავტორი – კვლევის მიხედვით, ერთნაირსქესიანი მშობლების 25 წლის შვილებსა და სხვა პირებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეინიშნა. გარტრელის სიტყვებით, მისი ნაშრომები გამოწვევის წინაშე აყენებს ძველ “სტერეოტიპებსა და შიშებს”, რომ ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ გაზრდილ ბავშვებს ფსიქოლოგიური ზიანი მიადგებოდათ და მათი დიდი ნაწილი ჰომოსექსუალი იქნებოდა. კვლევის ავტორი ამბობს, რომ ამ შიშებს საფუძველი არ აქვს. 

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ლესბოსელი და გეი მშობლების შვილების განვითარება ჰეტეროსექსუალი მშობლების შვილების განვითარებას შეადარეს, ბავშვის განვითარება არ არის დაკავშირებული მათი მშობლების სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან. იმავე შედეგებს იმეორებს 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდა. გარდა ამისა, არსებობს ნაშრომები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ერთნაირსქესიანი მშობლები გავლენას არ ახდენენ შვილების გენდერულ იდენტობაზე. აღნიშნული კვლევის ავტორი კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რეიჩელ ფარია. მისი სიტყვებით, მიღებული შედეგებით ივარაუდება, რომ “ლესბოსელი და გეი მშობლების მიერ შვილად აყვანილი ბავშვების გენდერული განვითარება ტიპური გზით მიმდინარეობს და ჰეტეროსექსუალი წყვილების მიერ შვილად აყვანილი ბავშვების მსგავსია”. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევა, რომელსაც ოქსფორდის სოციოლოგიის დეპარტამენტის დოქტორი, დენი მაზრეკაი ხელმძღვანელობდა, ასკვნის, რომ ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ გაზრდილი შვილები სკოლაში უკეთ სწავლობენ. ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ნაწილში ასევე საუბარია იმაზე, რომ ერთნაირსქესიანი მშობლების შვილებს უკეთესი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან. 

“მითების დეტექტორმა” გიორგი ახვლედიანის მიერ გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიაში” გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist