24 აპრილს მოძრაობა ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემა ,,სოციალისტური პლატფორმის დროს” სტუმარმა, ყოფილმა მღვდელმა და ამჟამად ,,სოციალისტური პლატფორმის” წევრმა, მიხაილ ძიმისმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დააკანონეს. ძიმისი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია ზელენსკიმ აკრძალა და ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებაზე შესაბამისი კანონი მიიღო. გადაცემის წამყვანი, თემურ ფიფია აღნიშნავს, რომ იმავე კანონის მიღებისკენ საქართველოს სწორედ ის ხალხი მოუწოდებს, ვინც ახლა ე.წ. “აგენტების კანონს” აპროტეტსებს.
მტკიცება, თითქოს უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო ქორწინება კანონით დასაშვებია, დეზინფორმაციულია. უკრაინაში სამოქალაქო ქორწინება უკრაინის საოჯახო კოდექსით რეგულირდება. კოდექსით ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო ქორწინება დაუშვებელია.
უკრაინაში სამოქალაქო ქორწინებასა და ოჯახის სტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს უკრაინის საოჯახო კოდექსი არეგულირებს. ტერმინი ,,ოჯახი” კოდექსის მესამე მუხლითაა განმარტებული: ,,ოჯახი შედგება პირებისაგან, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, აკავშირებთ საერთო ცხოვრება, აქვთ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები.”
უკრაინის საოჯახო კოდექსის მეორე თავის 21-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი ოჯახის სტრუქტურას განსაზღვრავს. ,,ქორწინება არის ქალისა და კაცის ოჯახური კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო სტატუსის შესახებ აქტების რეესტრში,” – წერია კოდექსის 21-ე მუხლში. ასევე, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის თავისუფალ ნებას ეფუძნება.
უკრაინაში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი ცნობები აქამდეც გავრცელებულა, მათ შორის, მიხაილ ძიმისის მიერ ნათქვამი, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია აკრძალეს. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:
- რა ვიცით კანონპროექტზე, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას მიაწერენ?
- უკრაინაში მობილიზაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.