19 ოქტომბერს პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ თავის ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კრძალავს. პოსტს თან ერთვის უკრაინის რადაში კენჭისყრის შედეგების ვიდეოც. იგივე ინფორმაცია და ვიდეო 19 ოქტომბერს აქტიურად გაავრცელეს ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2,3,4,5,6). ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ-გვერდმა მართლმადიდებლური გვერდი.
21 ოქტომბერს იგივე შინაარსის პოსტი “კონსერვატიული მოძრაობის” კიდევ ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამაც გამოაქვეყნა.
მტკიცება, რომ რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კრძალავს, მანიპულაციურია. უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს. მოსალოდნელია, რომ კანონი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხება, რომელიც უკრაინაში ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის.
რა კანონპროექტი მიიღო უკრაინის რადამ პირველი მოსმენით?
19 ოქტომბერს რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი 8371, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა შესაძლებელი გახდეს ისეთი რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვა, რომელთა მართვის ცენტრი აგრესორ ქვეყანაში მდებარეობს.
კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ასევე გათვალისწინებული იქნება უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ უსაფრთხოების სამსახურის შენიშვნები. გარდა ამისა რადას საინფორმაციო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეორე მოსმენის დროს კანონპროექტი დამატებით მუშაობას საჭიროებს, რათა რელიგიური ორგანიზაციების რეგულირების პრინციპები მოქალაქეთა აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით იყოს მიღებული.
კანონპროექტი არსებითად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის პროცესს იწყებს.
აღსანიშნავია, რომ რომ უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს. მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). გარდა ამისა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის 2022 წლის გამოკითხვის თანახმად, უკრაინის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს სწორედ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – ПЦУ-ს მიაკუთვნებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2022 წელს ПЦУ-ს თავს გამოკითხულთა 54% მიაკუთვნებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – 4%. შესაბამისად, რადას მიღებული კანონპროექტი არ ებრძვის ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიას ან რელიგიას, არამედ კონკრეტულად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირს რუსეთის ფედერაციასთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვთან კავშირს უარყოფს, მას სრული ავტოკეფალია გამოცხადებული არ აქვს. ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, УПЦ МП-მ მოსკოვის საპატრიარქოსგან პოლიტიკური დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ დამოუკიდებლობა ეკლესიას უკვე 30 წელი აქვს, ხოლო სულიერი კავშირი არ გაუწყვეტია.
როგორია კანონპროექტის მოქმედების პრინციპი?
რადას მიერ მიღებული კანონპროექტის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი გამოცემის მიერ მომზადებულ ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვისთვის რთული და ხანგრძლივი პროცესი დაიწყება.
უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა (ДЕСС) უნდა დაადგინოს, რომ გარკვეული რელიგიური ორგანიზაციის მართვის ცენტრი რუსეთშია. რის შემდეგად ДЕСС ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, ეს მოცემულობა შეცვალოს, თუმცა თუ ცვლილება არ მოხდება, ДЕСС-მა იურიდიულ პირს სასამართლოში უნდა უჩივლოს და აკრძალვაზე გადაწყვეტილება უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს.
BBC აღნიშნავს, რომ ამ მექანიზმის განხორციელება რამდენიმე მიზეზის გამო რთული იქნება: პირველ რიგში სასამართლო პროცესები დიდხანს გაგრძელდება და კანონის მიღებიდან რეალურ აკრძალვამდე შესაძლოა წლები გავიდეს, გარდა ამისა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს ერთ იურიდიულ პირს. არსებობს ცალკეული ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგაც უნდა მოხდეს სარჩელების შეტანა: კიევის მეტროპოლია, ეპარქიები (რომელთა რაოდენობა 50-ზე მეტია) და ცალკეული სამრევლოები (რამდენიმე ათასი). მთლიანობაში ასეთი სახის იურიდიული პირების რაოდენობა უკრაინაში დაახლოებით 9 000.
შესაბამისად კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ არ აკრძალავს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და ჯერ რუსეთთან მისი კავშირები უნდა დამტკიცდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს.
კანონპროექტი სამოქალაქო პარტნიორობაზე
ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები უკრაინაში მართლმადიდებლობის “აკრძალვას” იუსტიციის საბჭოს მიერ “ჰომოსექსუალური ქორწინების” მხარდაჭერას მანიპულაციურად უკავშირებენ. მორგოშიაც და მარტინენკოც აღნიშნავენ, რომ უკრაინის პროდასავლური და ევროპული კურსი “მართლმადიდებლობის აკრძალვა და გარყვნილების დაკანონებაა”. ეს განცხადებები უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება. ინფორმაცია ამის შესახებ რადას დეპუტატმა ინა სოვსუნმა 19 ოქტომბერს გაავრცელა.
სამოქალაქო პარტნიორობა ორ ადამიანის შორის ურთიერთობის ოფიციალური აღიარებაა, რომლებსაც სურთ, ქორწინებაში მყოფი წყვილების მსგავსად ჰქონდეთ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. თუმცა, სამოქალაქო პარტნიორობა ქორწინება არ არის. სამოქალაქო პარტნიორობა ვრცელდება როგორც ერთი და იმავე, ასევე განსხვავებული სქესის წყვილებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო პარტნიორების ახლო ნათესავებთან გათანაბრებას, მათ ექნებათ ქონებრივი და მემკვიდრეობითი უფლებები და სოციალური დაცვის უფლება, თუმცა არ ექნებათ ბავშვის შვილად აყვანის უფლება.
სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი უკრაინის რადაში ინა სოვსუნმა 2023 წლის მარტში დაარეგისტრირა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერ პეტიციას 25 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. თავდაპირველად კანონპროექტს თავდაცვის სამინისტრო მხარს არ უჭერდა, თუმცა პოზიცია შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო სხვა მსგავს ინიციატივაზე მუშაობდა, თუმცა ამჟამად აღნიშნულ კანონპროექტს უჭერს მხარს.
მას შემდეგ რაც ომის ფონზე უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის გავლენების შემცირებაზე დაიწყო მუშაობა, კრემლის მედია უკრაინაში მართლმადიდებლობასთან ბრძოლის შესახებ არაერთ მანიპულაციურ და კონსპირაციულ გზავნილებს ავრცელებდა. ვრცლად გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალებს:
- რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?
- კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
- რას ებრძვის უკრაინის მთავრობა – მართლმადიდებლობას თუ რუსულ გავლენას ეკლესიაში?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.