11 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა David Tordia გამოაქვეყნა სქრისშოტი წარწერით: ,,უკრაინაში მოზარდების მობილიზაციას იწყებენ.” პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში ომში მიჰყავთ 16 წლის ბავშვები და 70 წლის ბაბუები, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პოსტის ავტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს კითხვით, სად არიან ასეთ დროს და სად არის მათი დემოკრატია. პოსტის ავტორი ბოლოს წერს, რომ ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია.
აღნიშნულ ფოტოს მსგავსი აღწერით რუსულენოვანი მედიებიც (1, 2, 3, 4) ავრცელებენ.
ცნობა, თითქოს უკრაინაში ომში არასრულწლოვანები, 70 წლის მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიჰყავთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხს უკრაინის რამდენიმე კანონი არეგულირებს. კანონების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ქვედა ზღვარი 18 წელია, გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფალი არიან.
უკრაინაში თავდაცვასთან, მობილიზაციასა და სამხედრო ვალდებულებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მოქმედებს. მათგან ერთ-ერთია კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”. კანონი თავდაპირველად უკრაინის რადამ 1992 წელს მიიღო, ბოლო დამატება კი 2024 წლის 23 თებერვალს გამოიცა.
სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი კანონის მე-15 და 22-ე მუხლებშია გაწერილი. მუხლების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ქვედა ზღვარი 18 წელია. ასაკობრივი მაქსიმუმი სხვადასხვა წოდებისათვის სხვადასხვანაირია, მაგალითად, უფროსი ოფიცრისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი 65 წელია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წოდებებს შორის.
კანონში ,,სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ”, არ იყო მითითება, თუ რომელ ასაკობრივი კატეგორიას შეეხებოდა მობილიზაცია. 11 აპრილს უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა კანონის დამატებებს, რომლითაც განისაზღვრა, რომ მობილიზაციის პროცესი (აღრიცხვა, რეგისტრაცია) შეეხებათ 18-დან 60 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის უკრაინის მოქალაქეებს.
სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობები ასევე განსაზღვრულია უკრაინის კანონით ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”. ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პირი სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდება, თუ სამხედრო-სამედიცინო კომისია დაადგენს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო საქმის შესასრულებლად შეუსაბამოა.
2022 წლის 15 მარტს უკრაინის რადამ დაამტკიცა დამატებები, რომლებიც რამდენიმე კანონში სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს. ,,სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლში შევიდა დამატება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შესაძლოა, გამოიძახონ სამხედრო სამსახურში, თუმცა მხოლოდ მათი თანხმობით და იმსახურონ თავის საცხოვრებელთან ახლოს.
გასულ წელს უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო УНИАН-მა გამოაქვეყნა 15 კატეგორია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისას გაწვევას არ ექვემდებარება. УНИАН-ი წერს, რომ ჯანმრთელობის მიზეზით სამხედრო გაწვევა არ შეეხება I-III ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე პირებს, რომელთა ჯანმრთელობაც სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნით, შეუსაბამოა სამხედრო აქტივობისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი, ზოგიერთ შემთხვევაში, სამხედრო გაწვევის გადავადების საფუძველია.
რაც შეეხება ფოტოს, რომელსაც ფეისბუკ მომხმარებელი უკრაინაში მოზარდების მობილიზაციის საილუსტრაციოდ იყენებს, Ukrinform-ის ცნობით, იგი Іван Богун-ის კიევის სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებს ასახავს. ლიცეუმი ზოგადი საშუალო განათლების დაწესებულებაა სამხედრო-პროფესიული მიმთულებით.
უკრაინაში მობილიზაციის პროცესსა და სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ცნობები წარსულშიც გავრცელდა, მათი ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
- უცხოეთში მყოფი უკრაინელების მობილიზაციაზე ცნობები გაყალბებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვრცელდება
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მოზარდებს ომში უშვებენ
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულებისთვის ფრონტზე გასაწვევი ბუკლეტები რიგდება
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიშ David Tordia-ს პროფილის აღწერაში მითითებული აქვს, რომ ,,დეზინფორმაციასთან ბრძოლის დეპარტამენტში” მუშაობს. წარსულში სამუშაო ადგილად მითითებული ჰქონდა ,,ლიდერი 41”, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდი. მას წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია არასანდო ცნობები, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.