დეზინფორმაცია, თითქოს ყარაბაღიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური სომხების ჩასახლება იგეგმება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

322
VIEWS

25 სექტემბერს პროსახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდმა ლიდერი 41 გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყარაბაღიდან გამოყვანილ სომხეთის 40 000-მდე მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქეების სახლებში დაასახლებენ. გვერდის მტკიცებით, ჩასახლებას სომეხი ლობისტები და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლობირებენ. ინფორმაცია ლიდერი 41-ის PR მენეჯერმა, David Tordia-მ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც გამოაქვეყნა.

dezinphormatsia thithqos qharabaghidan okupirebul aphkhazethshi ethnikuri somkhebis chasakhleba igegmeba დეზინფორმაცია, თითქოს ყარაბაღიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური სომხების ჩასახლება იგეგმება

ინფორმაცია, რომ ყარაბაღიდან გამოყვანილი სომხების დასახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადება მიგრანტებთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობის ან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან არ გაკეთებულა. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქალაქეების განსახლებაზე ინფორმაციას უარყოფს საქართველოში სომხეთის საელჩო. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოში სომხეთის საელჩოს დაუკავშირდა. 26 სექტემბერს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც უარყოფენ, რომ ყარაბაღიდან გამოყვანილი ეთნიკური სომხების ქვეყნის ფარგლებს გარეთ განსახლება იგეგემება და გავრცელებულ ცნობებს “იაფფასიან სპეკულირებას” უწოდებენ. 

“სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე ბოლო სამხედრო თავდასხმის შედეგად სომხეთში გადაყვანილი სომხების – სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სხვა ადგილებში განსახლების შესაძლო ზრახვებთან დაკავშირებით. სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში უარყოფს მსგავს გამოგონილ ყალბ ამბებს და გმობს მათ გავრცელებას და ამ თემით იაფფასიან სპეკულირებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღისა და სომეხი ხალხისთვის ამ რთულ დროს”. – წერია განცხადებაში. 

ინფორმაცია, რომ მოსახლეობის ყარაბაღიდან აფხაზეთში ჩასახლება იგეგმებოდა, 2022 წელსაც გავრცელდა. ნოემბერში საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ ისაუბრა. შამბას ვარაუდით, 50 000 ეთნიკური სომეხის აფხაზეთში ჩასახლებაზე ყალბი ინფორმაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა მათი “შიდა ერთიანობის დასანგრევად” გაავრცელეს.   

  • ყარაბაღის კაპიტულაცია

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში “ანტიტერორისტულ ღონისძიებებს იწყებდა” და ტერიტორია დაბომბა. მომდევნო დღეს ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას დათანხმდნენ. მთიან ყარაბაღში 120 000-მდე ეთნიკური სომეხი ცხოვრობს – აზერბაიჯანის განცხადებით, მათი, როგორც “თანასწორი მოქალაქეების” რეინტეგრაცია სურთ. თუმცა, კაპიტულაციის შემდეგ სომხეთის მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დარჩენის შემთხვევაში, ისინი, შესაძლოა, ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.  

ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებით, რეგიონში მცხოვრებ, დაახლოებით, 120 000 ეთნიკურ სომეხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დარჩეს საკუთარ სახლში, “ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში”. თუმცა, მისივე სიტყვებით, სომხეთმა ყარაბაღიდან წამოსული მოქალაქეების მისაღებად მზადება დაიწყო და შეუძლია, 40 000-მდე ოჯახი მიიღოს.   

მოქალაქეების პირველი ჯგუფი, 2 906 ადამიანი, ყარაბაღიდან სომხეთში 24 სექტემბერს ჩავიდა. რეგისტრირებულებიდან 1 000-მდე ადამიანი მის მიერ არჩეულ საცხოვრებელ ადგილზე მივიდა, 1 100-ს კი საცხოვრებელი ფართი მთავრობამ გადასცა.

წყაროს შესახებ 

“ლიდერი 41” მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდია, რომელსაც მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტები და ყალბი ციტატები არაერთხელ გაუვრცელებია. David Tordia-ს პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ ის “ლიდერი 41-ზე” მუშაობს. 

dezinphormatsia thithqos qharabaghidan okupirebul aphkhazethshi ethnikuri somkhebis chasakhleba igegmeba1 დეზინფორმაცია, თითქოს ყარაბაღიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური სომხების ჩასახლება იგეგმება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist