25 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა Davit Tordia ლაზარე გრიგორიადისის ტატუს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, “ეშმაკი დეტალებშია” და გრიგორიადისის ტატუ მსოფლიოს ახალი წესრიგის მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს და ნიშნავს, რომ იგი გლობალისტების დავალებას ასრულებს. აღწერაში ნათქვამია ისიც, რომ “სოროსის” არასამთავრობოები და “ნაცტელევიზიები” ლაზარეს პოპულარიზებას სწორედ ამიტომ ცდილობენ. პოსტს თან ერთვის ლაზარეს ტატუს და ყოვლისმხედველი თვალის ფოტოები. ავტორის მიხედვით, ტატუ სწორედ ამ სიმბოლოსა და გამოთქმებს Annuit cœptis (ის მხარს უჭერს ჩვენ წამოწყებულ საქმეს) და Novus ordo seclorum (ახალი მსოფლიო წესრიგი) განასახიერებს.
მტკიცება, თითქოს ლაზარე გრიგორიადისის ტატუ მსოფლიოს ახალი წესრიგისა და გლობალისტების მხარდამჭერ მესიჯებს ატარებს, კონსპირაციულია. რეალურად, ტატუ ცნობილი ანიმე Attack on Titan-ის მთავარ პერსონაჟს უკავშირდება.
25 აპრილს “მთავარი არხის” გადაცემაში სტუმრობისას ლაზარე გრიგორიადისმა თავისი ტატუს მნიშვნელობა თავად ახსნა. მისი თქმით, მან ტატუ საყვარელი ანიმეს, Attack on Titan (AOT)/ტიტანებზე შეტევა, მთავარი პერსონაჟის, ერენ იეგერის გამო გაიკეთა.
თავად ამ პერსონაჟს თვალების ქვედა ნაწილში ტატუ არ აქვს, თუმცა ანიმეს სიუჟეტის მიხედვით, მას ტიტანად ქცევა შეუძლია, ხოლო როცა ამ მდგომარეობიდან გამოდის, მის სახეზე ნაიარევის მსგავსი წითელი ხაზები ჩნდება.
ერენ იაგერთან დაკავშირებული ტატუების სხვა მრავალი ვერსიაც არსებობს.
Attack on Titan-ის მანგა 2009 წლიდან 2021 წლამდე გამოიცემოდა, ხოლო მასზე დაყრდნობით შექმნილი ანიმეს პირველი სეზონი 2013 წელს გამოვიდა, ბოლო სეზონი კი 2023 წელს დასრულდა. AOT მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მანგად და ანიმედ ითვლება.
რაც შეეხება ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლიკას, მისი წარმოშობა ქრისტიანობას უკავშირდება და ეს სიმბოლო ღმერთის ყოვლისმხედველობას და ადამიანებზე მზრუნველობას და დაკვირვებას გამოხატავს. ვინაიდან ეს სიმბოლო ერთდოლარიან კუპიურაზეა ორ ლათინურ ფრაზასთან ერთადაა გამოსახული, მას სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შესახებ, ხშირად უკავშირებენ.
რეალურად, წარწერა Annuit cœptis ნიშნავს “ის მხარს უჭერს ჩვენ წამოწყებულ საქმეს” – ეს წარწერა ყოვლისმხედველ თვალთან ერთან კომბინაციაში გამოხატავს იდეას, რომ ღმერთი ამერიკელი ხალხის მიერ წამოწყებული საქმეს მხარს უჭერს. ხოლო წარწერა novus ordo seclorum (ახალი მსოფლიო წესრიგი) 1776 წელთან (აშშ-ს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი) კომბინაციაში აშშ-ის ახალი ერის დასაწყისზე მიანიშნებს. შესაბამისად აშშ-ის დიდ ბეჭდის რევერსზე გამოსახულ სიმბოლოს დეტალების მნიშვნელობა დაკავშირებულია არა რაიმე ფარულ განზრახვასთან, არამედ აშშ-ის ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესთან.
ვრცლად ამ სიმბოლოებთან, ერთდოლარიან კუპიურასთან და ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
წყაროს შესახებ
დავით თორდია“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანგარიშია, რომელის მიერ გავრცელებული სხვადასხვა შინაარსის დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
- ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კაბინეტში დაიდგა?
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ხაბეიშვილს თავზე სააკაშვილის ტატუ აქვს
- ვის გაშარჟებას ცდილობს ლიდერი 41-ის ადმინისტრატორი გიორგიევსკის ლენტიანი ბებოთი?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.