ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო წვრთნებში მონაწილე ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა. 79 წლის ვალენტინა კონსტანტინოვსკაზე რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის მთავარი არხი, ფორმულა და მეგა TV და სხვები წერდნენ. TV პირველის ფეისბუქ გვერდზე 15 თებერვალს ფრონტზე მყოფი უკრაინელი ქალების შესახებ პოსტიც გამოქვეყნდა.
16 თებერვალს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდის “ლიდერი 41” ადმინისტრატორმა დავით თორდიამ პირად ფეისბუქ გვერდზე ორი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტებში ასაკოვანი ქალები იარაღით ხელში არიან გამოსახულნი, წარწერების მიხედვით, 121 და 93 წლის “უკრაინელი ბებოები” სამშობლოს დასაცავად ემზადებიან. ფოტოებზე TV პირველის ლოგოცაა დატანილი. თორდიამ პოსტების აღწერაში TV პირველის ფეისბუქ გვერდი მონიშნა, ერთ-ერთი პოსტის აღწერაში კი დაწერა: “პროპაგანდა ჩემი მოგონილია ბიძი.”
დავით თორდიას მიერ გამოქვეყნებული პოსტები სატირულია. პოსტებში გამოყენებული ფოტოებიდან რეალურად, ერთ-ერთი 2008 წლიდან ვრცელდება და გიორგიევსკის ლენტიან ბებოს ასახავს, მეორე კი 2014 წლიდან სხვადასხვა შინაარსით ვრცელდება. “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფოტოები სატირული აღწერით ტვ პირველის უკრაინის მხარდამჭერი პოსტების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა.
ფოტო, რომელსაც დავით თორდია “93 წლის უკრაინელ ბებოს” მიაწერს, ინტერნეტში 2008 წლიდან ვრცელდება.
ვებ-საიტის englishrussia.com-ის მიხედვით, სხვა ფოტოებთა ერთად, ასაკოვანი ქალის სურათიც რუსეთიდან ატვირთეს.
ფოტოს მაღალი რეზოლუციის მქონე ვერსიაში ჩანს, რომ ქალს სამოსზე წმინდა გიორგის ლენტი უკეთია, ლენტს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოდ იყენებენ და ის პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სიმბოლოა.
აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება უკრაინაში 2017 წლიდან აკრძალულია. ბევრი უკრაინელისთვის ლენტი რუსული აგრესიის სიმბოლოა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ პრორუსი აქტივისტები სწორედ ამ ლენტს იყენებდნენ.
რაც შეეხება მეორე ფოტოს, ის ინტერნეტში 2014 წლიდან ვრცელდება. ლიბანელმა ჟურნალისტმა Pierre Abi-Saab-მა ფოტო 2014 წლის ოქტომბერში ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე მომხმარებლის @Shiyoki87-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ფოტოს შემდეგი წარწერა აქვს: “ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ, ქურთები, ჩვენს მოხუცებს პატივს ვცემთ.”
ფოტო სხვადასხვა დროს განსხვავებული აღწერებითაც ვცელდებოდა, მაგალითად, 2018 წელს ირანული გამოცემის მიხედვით, ფოტოზე ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლოდ მზად მყოფი ირანელი ქალი იყო გამოსახული.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ მომხმარებელი David Tordia “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, მისი ფეისბუქ ანგარიშის მიხედვით, ის ფეისბუქ გვერდს “ლიდერი 41” მართავს. ლიდერი 41-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, გვერდის პარტნიორ საინფორმაციო ვებ-გვერდებს შორის lid.ge, tilisnews.ge და tvalsazrisi.ge არიან.
Tvalsazrisi.ge პრორუსული გამოცემაა, რომლის ერთ-ერთი ავტორიც “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილია.
ლიდერი 41-სა და დავით თორდიას მიერ მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტები და ყალბი ციტატები არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- უკრაინელი თუ რუსი ჟურნალისტი – ვინ თხოვს ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლებას?
- რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
- რა თქვა სააკაშვილმა საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის მართვასა და სოხუმზე სიმღერებზე?
- რა თქვა რეალურად სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?
- თაკო ჩარკვიანის სახელით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება
- ლიდერი 41 NDI-სა და IRI-ს ალტერნატიულ ეროვნულ ონლაინ გამოკითხვებს ქმნის
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.