10 აპრილს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ-გვერდმა ლიდერი 41, მისმა ადმინისტრატორმა დავით თორდიამ, ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “მეგრელი კონსერვატორი” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2,) 9 აპრილს გამართული აქციიდან წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, ვიდეოები და ფოტოები გამოაქვეყნეს. პოსტების მიხედვით, ხარჩილავამ თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე იდგა. 3-წამიან ვიდეო-ფრაგმენტში ხარჩილავა ამბობს: “ლაზარე იდგა აქ 89-ში”.
3-წამიანი ნაწყვეტი, რომელშიც გია ხარჩილავა ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისი 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე იდგა, ვიდეომანიპულაციაა და სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ვიდეოს სრულ ვერსიაში ხარჩილავა ამბობს, რომ 9 აპრილს რუსთაველზე “ბევრი ლაზარე იდგა”, რაშიც სიმბოლურად ახალგაზრდობა იგულისხმება.
გია ხარჩილავას 3-წამიანი ვიდეო 9 აპრილს გამართულ აქციაზე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გაკეთებული კომენტარიდანაა (2:08:30) ამოჭრილი და მასში სრული ციტატა გაყოფილია, რაც მას აზრს უცვლის. ხარჩილავა 9 აპრილზე, როგორც იდეაზე საუბრობდა, ხოლო ლაზარე გრიგორიადისის სახელი მან სიმბოლურად ახსენა და არ უთქვამს, რომ გრიგორიადისი 1989 წლის აქციას პირადად ესწრებოდა. ხარჩილავამ “ლაზარე” ახალგაზრდობის სიმბოლოდ მოიაზრა.
სრული ციტატა | არასრული ციტატა |
გია ხარჩილავა: ლაზარე იდგა აქ 89-ში, ბევრი ლაზარე იდგა, დღეს ჩვენ ბევრი ლაზარე ვართ აქ. ანუ სიმბოლიკას აქვს მნიშვნელობა და აქ არ გამოვა თამაში და მინდა გითხრათ, რომ მე მონაწილე ვარ 9 აპრილის, თვითონ ვარ მონაწილე 9 აპრილის და მაშინ მარტონი ვიყავით და დღეს ცივილიზებული სამყარო ჩვენთან არის, ანუ მაშინ მარტო ახალგაზრდებს დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო გვიდგას გვერდით. | გია ხარჩილავა: ლაზარე იდგა აქ 89-ში. |
9 აპრილს პარლამენტის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით გამართული აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა 29 მარტს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იყო. გრიგორიადისს, რომელსაც 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, “აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
წყაროების შესახებ
David Tordia “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ფეისბუქ-გვერდსა და იმავე სახელწოდების ჯგუფს “ლიდერი 41-ს”, ასევე ჯგუფ “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს” მართავს.
დავით თორდიას წალენჯიხის მერთან და ასევე სხვა თემებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ვის გაშარჟებას ცდილობს ლიდერი 41-ის ადმინისტრატორი გიორგიევსკის ლენტიანი ბებოთი?
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ხაბეიშვილს თავზე სააკაშვილის ტატუ აქვს
- რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?
- არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?
მეგრელი კონსერვატორი ანონიმური ფეისბუქ-ანგარიშია, რომელიც საკუთარ იდენტობასა და პერსონალურ ინფორმაციას მალავს. ანგარიში “კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს” მხარდამჭერია და პარტიის ლიდერებისა და ტელევიზია “ალტ-ინფოს” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აზიარებს და აქვეყნებს. მეგრელ კონსერვატორს დეზინფორმაცია წარსულშიც გაურცელებია:
მეგრელ კონსერვატორს დეზინფორმაცია წარსულშიც გაურცელებია:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.