2022 წლის 27 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Eduard Jishkariani-მა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას შესახებ პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “გადახდილია დონორების ფულით.” აღწერის მიხედვით, ფოტოზე ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით უკრაინის პირველი ლედია გამოსახული. ტექსტში ნათქვამია, რომ გერმანელები ზელენსკას დასცინიან, რადგან ის ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე დონორებისგან მიღებულ ფულს ძვირადღირებული ნივთების შეძენაში ხარჯავს.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტოზე არა ოლენა ზელენსკა, არამედ ამერიკელი ბიზნესმენი რიჩარდ ჰართია გამოსახული. ხოლო ნარატივი იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დონორების ხარჯზე მდიდრდებიან, დასავლეთში მოსახლეობაში ანტიუკრაინული განწყობების გასაღვივებლად ბოლო დროს მიზანმიმართულად ვრცელდება.
ორიგინალი ფოტოს ყველაზე ადრინდელი ვერსია თავის ოფიციალურ ინსტაგრამ ანგარიშზე ამერიკელმა ბიზნესმენმა რიჩარდ ჰართმა 2022 წლის 16 აპრილს შემდეგი აღწერით “PulseChain-ის მოლოდინში” გამოაქვეყნა.
PulseChain ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალი კრიპტოვალუტაა. 2019 წელს რიჩარდ ჰართმა ახალი ტიპის კრიპტოვალურა HEX შექმნა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჰართის ქონება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ტვიტერის ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ჰარტი 10 მილიონი დოლარის ღირებულების საათებს, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულ Rolex-სა და 3 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანებს ფლობს.
-
პროგრამულად დამუშავებული ფოტოს გავრცელება
ოლენა ზელენსკას პროგრამულად დამუშავებული ფოტო სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა. ფოტოს სხვადასხვა ქვეყანაში უცხოურენოვანი ანგარიშები აქვეყნებდნენ. გაყალებებული ფოტო ფაქტების ანალიტიკოსმა გერმანულმა გამოცემა dpa-მ, ამერიკულმა Reuters-მა და ავსტრალიურმა AAP Fact-Check-მაც შეისწავლეს.
ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოურენოვანი ფეისბუქ ანგარიშები უკრაინის მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახების მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ ყალბ ინფორმაციას აქვეყნებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეს ადამიანები ომისა და დასავლური ფინანსური დახმარების ფონზე მდიდრდებიან, რაც მიზნად დასავლეთში მოსახლეობაში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ისახავს.
“მითების დეტექტორმა” უკრაინის მთავრობის წევრების ქონების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულშიც შეისწავლა, ვრცლად იხილეთ:
- FORBES უკრაინის სახელით უკრაინის უმდიდრეს ადამიანებზე გაყალბებული მონაცემები ვრცელდება
- რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.