რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

12.4k
VIEWS

19 ივნისს ფეისბუკ-მომხმარებელმა დავით თორდიამ გამოაქვეყნა რუსეთის “პირველი არხის” სიუჟეტის ფრაგმენტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქონებას ეხება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ზელენსკი “ჩვეულებრივი ღატაკი სკოლის მასწავლებელი იყო”, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მილიარდერი გახდა. რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ზელენსკი და მისი ოჯახის წევრები იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, აშშ-ში, ისრაელში, რუსეთსა და საქართველოში უძრავ ქონებას ფლობენ.

zelenki რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?

გავრცელებული პოსტი უკრაინის პრეზიდენტის ქონებასთან დაკავშირებით მცდარ მტკიცებას შეიცავს. ვოლოდიმირ ზელენსკის მთლიანი ქონება არა რამდენიმე მილიარდად, არამედ დაახლოებით 20-30 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რომელიც დიდწილად ზელენსკის მიერ ჩამოყალიბებული კომპანიასთან Kvartal 95-თან არის დაკავშირებული. ზელენსკის ქონებისა და შემოსავლების უდიდესი ნაწილი წარსულში გასართობ ინდუსტრიაში საქმიანობას უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტის ბოლო, 2020 წლის დეკლარაციის თანახმად, მისმა წლიურმა ხელფასმა 336 000 გრივნა შეადგინა (28 000 გრივნა თვეში – 2020 წლის დოლარის საშუალო კურსით დაახლოებით 1 041 დოლარი), 2020 წელს ზელენსკიმ ჰონორარის სახით 4.6 მილიონი გრივნა მიიღო, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვით 13.4 მილიონი გრივნა.  იმავე დეკლარაციის თანახმად, ოლენა ზელენსკას ხელფასმა Kvartal 95-ში 952 900 გრივნა შეადგინა. უძრავი ქონების გაქირავებიდან მისი შემოსავალი 2.44 მილიონი გრივნა იყო, ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი  203 639 გრივნა, სადაზღვევო კომპანიისგან მიღებული შემოსავალი 33 922 გრივნა და ჰონორარი 1 000 გრივნა.

უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე ვოლოდიმირ ზელენსკის გასართობ ინდუსტრიაში წარმატებული კარიერა ჰქონდა. მისი ქონების და ასევე შემოსავლების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ფეისბუქზე გავრცელებული პოსტი კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზელენსკიმ ქონება პრეზიდენტად გახდომის შემდეგ დააგროვა, რაც, თავის მხრივ, კორუფციაზე მიანიშნებს.

1997 წელს ზელენსკიმ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი Kvartal 95 ჩამოაყალიბა, რომლის საფუძველზეც რამდენიმე წლის შემდეგ იმავე სახელწოდების კომპანია შეიქმნა. Kvartal 95-ში ზელენსკი 25%-იან წილს ფლობს, რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მის პარტნიორს გადაეცა, თუმცა, გამოცემა Forbes-ის თანახმად, სავარაუდოა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ეს წილი კვლავ ზელენსკის დაუბრუნდება. გასართობ ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტებიდან ზელენსკის ჰონორარი დეკლარილებულია და ხელმისაწვდომია. Kvartal 95-ს ეკუთვნის პოპულარული კომედიური სერიალები Вечірній квартал (“საღამოს კვარტალი”), Свати (“მეუღლის მშობლები”) და Слуга народу (“ხალხის მსახური”). მათგან “ხალხის მსახური” ყველაზე ცნობილი სერიალია. ამ სერიალში ზელენსკი ისტორიის მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი გახდება და ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას იწყებს. სერიალი ამერიკულ სტრიმინგ სერვისზე ნეტფლიქსზე 2017-2021 წლებში იყო განთავსებული და კომპანიამ სერიალის დისტრიბუციის უფლებები განმეორებით 2022 წლის მარტში შეიძინა. სერიალის დისტრიბუციიდან წლიური შემოსავალი დაახლოებით 30 მილიონი დოლარად არის შეფასებული, საიდანაც Forbes Ukraine-ის შეფასებით ზელენსკის წილი 11 მილიონი დოლარია.

Forbes Ukraine-ის შეფასებით, ზელენსკის ქონება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია, (დამატებით Forbes US-ის შეფასებით, ზელენსკის ქონება 30 მილიონ დოლარს არ აჭარბებს). ზელენსკის მთლიან ქონებას 25 მილიონ დოლარად აფასებს საიტი Celebrity Net Worth-იც. პრეზიდენტის მთავარ შემოსავლის წყაროდ Forbes-იც და Celebrity Net Worth-იც სწორედ Kvartal 95-ს ასახელებს.

უძრავი ქონება, რომელსაც ზელენსკი ფლობს Forbes-ის მიერ 4 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამ ქონებაში შედის 2 ბინა, რომელსაც სრულად ზელენსკი ფლობს, კიდევ 2 ბინა, რომლის თანამფლობელიცაა, კომერციული უძრავი ქონება და პარკინგის 5 ადგილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2019 წელს ზელენსკი იტალიაში ვილას ფლობდა, თუმცა მისი დეკლარაციის თანახმად, ვილა, ასევე მიწის ნაკვეთი და საქართველოში სასტუმროების 5 ნომერი ზელენსკიმ 2020 წელს გაყიდა. უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ასევე დეკლარირებულია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ორგანიზაციამ “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტი” (OCCRP) Pandora Papers-ზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ზელენსკი და მისი ახლო წრე ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, კვიპროსში და ბელიზში ოფშორული კომპანიების ქსელს ფლობენ. OCCRP ასევე აღნიშნავს, რომ ამ ოფშორული კომპანიების ლონდონში ძვირადღირებული ქონება იყო შეძენილი. როგორც OCCRP-ის სტატიიდან იკვეთება, ოფშორული კომპანიები 2019 წლამდე, ზელენსკის პრეზიდენტად გახდომამდეა ჩამოყალიბებული და ამასთანავე Kvartal 95-თან არის დაკავშირებული. ასევე ამ სტატიიდან არ ჩანს, რომ ზელენსკი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ოფშორული კომპანიების საქმიანობაში ან ძვირადღირებული უძრავი ქონებით ვაჭრობაში. Pandora Papers-ის მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა უარყო, რომ ოფშორული კომპანიები ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში მედიასაშუალებებთან დაკავშირებულ ბიზნესისთვის დამახასიათებელი იყო საზღვარგარეთ კომპანიების ჩამოყალიბება და ეს პოლიტიკური გავლენისგან თავის არიდების საშუალებას ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ არც ОCCRP-ის გამოძიება არ მიუთითებს იმაზე, რომ ზელენსკი მილიარდიან ქონებას მალავს.

ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით მისი ქონების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გავრცელდა. დისკრედიტაციის კამპანია ზელენსკის ქონებას რამდენიმე ასეულ მილიონამდე და მილიარდამდე აზვიადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ქონება მან პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კორუფციული გზებით დააგროვა. სხვადასხვა დროს უკრაინის პრეზიდენტის ქონებასთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებები სხვადასხვა მედიამ და ფაქტების გადამოწმების სააგენტომ, მათ შორის Forbes-მა, Reuters-მა, Factcheck.org-მა, PolitFact-მა და StopFake-მა გადაამოწმეს.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist