27 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა ოლაფ შოლცის ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ოლაფ შოლცს, დაავიწყდა ჩართული მიკროფონი და ზელენსკის მეძავი უწოდა”. ავტორის თქმით, ინციდენტი კანცლერის გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც გერმანიიდან უკრაინაში ტანკების გაგზავნის შეუძლებლობის შესახებ იყო საუბარი.
შოლცის იგივე ფოტო, იმავე აღწერით 19 დეკემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმაც გამოაქვეყნა.
ინფორმაცია, თითქოს ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის მეძავი უწოდა სატირულია და ფოტო ამ შინაარსის აღწერით თავდაპირველად რუსულ ტელეგრამ-არხზე Империя очень зла – verysexydasha გამოქვეყნდა. ოლაფ შოლცის მსგავსი შინაარსის სიტყვები ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით ღია წყაროებში არ იძებნება. გარდა ამისა, კანცლერის ფოტო, რომელიც აღნიშნულ პოსტს ერთვის, 17 დეკემბერს, ვილჰემსჰავენში, თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის გახსნისას არის გადაღებული, სადაც შოლცს უკრაინაში ტანკების გაგზავნაზე არ უსაუბრია.
გერმანიის კანცლერის ფოტო აღწერით, თითქოს ოლაფ შოლცს დაავიწყდა, რომ მიკროფონი ჩართული იყო და ზელენსკის მეძავი უწოდა, თავდაპირველად, 18 დეკემბერს რუსულ ტელეგრამ-არხზე – Империя очень зла – verysexydasha გამოქვეყნდა.
იმავე დღეს, ანალოგიური პოსტი Империя очень зла-ზე დაყრდნობით, იუმორისტულმა ტელეგრამ-არხმა – Политический Юмор გამოაქვეყნა. ტელეგრამ-არხის სატირული შინაარსი აღწერაშიც ხაზგასმულია. პოსტები ჰეშთეგებით: #юмор #сарказм ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ ორივე არხს მენეჯერად @KirnossOff ჰყავს მითითებული, რაც ნიშნავს, რომ ტელეგრამ არხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ოლაფ შოლცის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში სატირულ აღწერასთან ერთად გავრცელდა, 17 დეკემბერს, კანცლერის ვილჰელმსჰავენში გამოსვლისასაა გადაღებული. ღონისძიებაზე ოლაფ შოლცმა გერმანიის პირველი თხევადი ბუნებრივი აირის სახელმწიფო ტერმინალი გახსნა. ჩრდილოეთ ზღვის პორტში, კერძოდ ვილჰელმსჰავენში ტერმინალის გახსნა მიზნად რუსული გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. შოლცს ღონისძიების გახსნაზე უკრაინაში ტანკების გაგზავნაზე არ უსაუბრია.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს ვერ გაუგზავნის, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან – Sueddeutsche.de ინტერვიუში განაცხადა და მიზეზები დაასახელა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა სურს თავიდან აირიდოს პირდაპირი დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის. გარდა ამისა, გერმანიაში ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება და მისი თქმით, ეს პოლიტიკა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.