დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებისთვის მავნე აქტორები ხშირად ოფიციალურ დოკუმენტებს იყენებენ, რათა ინფორმაციის სანდოობის განცდა შექმნან. ამ მიზნით გამოიყენება როგორც გაყალბებული, ასევე, ავთენტიკური, თუმცა არასწორი კონტექსტით ან მანიპულაციურად გავრცელებული დოკუმენტები.
ბოლო წლების განმავლობაში, დეზინფორმაცია, რომელიც, ერთი შეხედვით, ოფიციალურ დოკუმენტებს ეყრდნობა, მეტწილად კორონავირუსისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვრცელდება, თუმცა ოფიციალურ წერილებსა თუ დოკუმენტებს ასევე ავრცელებენ სხვადასხვა პოლიტიკური და საჯარო ფიგურების დისკრედიტაციის მიზნითაც. “მითების დეტექტორის” ფაქტების გადამოწმების ბაზაში გამავრცელებლებს შორის არიან როგორც ქართული, ისე რუსულენოვანი ფეისბუქ პროფილები და მედიები.
გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტები
გაყალბებული დოკუმენტები პროგრამულად დამუშავებული, ავთენტიკურ დოკუმენტებს მიმსგავსებული ვიზუალებია. მსგავსებას მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, ტოვებს ნამდვილობის შთაბეჭდილებას და შესაბამისად, მკითხველში ზრდის გავრცელებული ინფორმაციისადმი სანდოობას. ყალბი დოკუმენტების ამოცნობა და გადამოწმება დოკუმენტის დეტალებსა და ასახულ ინფორმაციაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი.
2022-2023 წლებში აქტიურად ვრცელდებოდა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები.
მაგალითად:
- დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის არმიის დანაკარგების შესახებ
- ზელენსკის მიერ ჰანტერ ბაიდენის METABIOTA-ს ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან კავშირის შესახებ არსებული ჩანაწერების განადგურების ბრძანება
- ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით სამოქალაქო ობიექტებში სამხედრო ტექნიკის განთავსებისა და მოსახლეობისევაკუაციის აკრზალვის ბრძანება
- ყალბი განცხადება ვინიცის ეპარქიის სახელით, თითქოს უკრაინის ვინიცის ეპარქიამ – УПЦ КП (კიევის საპატრიარქო) მართლმადიდებელი მრევლი სასიკვდილო ცოდვისთვის ოფიციალურად დალოცა.
- უკრაინის ელჩების ლატვიასა და ლიეტუვაში – ბეშტა პეტროსა და ოლექსანდრ მისჩენკოს სახელით განცხადებები მიმალვაში მყოფი წვევამდელების მოძიებასა და ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
- გაყალბებული აპლიკაციის ფორმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის პოლონეთში საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად
- 18-60 წლის უკრაინელების დეპორტის შესახებ თხოვნა უკრაინის პრეზიდენტისგან პოლონეთის პრეზიდენტს
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციი მიმართვა გენშტაბის უფროსს ბაირაქტარების გამოყენების შეწყვეტის შესახებ
- უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის დამზადების “მტკიცებულება”
ეს დეზინფორმაციები ძირითადად რუსული მედიის, კრემლის პროპაგანდისტების, რუსულ და ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების საშუალებით გავრცელდა. ჩამოთვლილი დოკუმენტები პროგრამულად იყო დამუშავებული და ძირითადად უკრაინის, უკრაინის ოფიციალური პირების, არმიისა და ეკლესიის რეპუტაციის ჩრდილქვეშ დაყენებას ისახავდა მიზნად.
დოკუმენტების სიყალბეზე ძირითად შემთხვევებში შემდეგი დეტალები მიუთითებდა:
1. ტექსტში დაშვებული გრამატიკული შეცდომები
უკრაინული არმიის დანაკარგების შესახებ დოკუმენტში რუსიზმები იყო გამოყენებული, ბაიდენის შესახებ ინფორმაციის განადგურების “ბრძანებაში” – არასწორად იყო გამოყენებული უკრაინული სიტყვები. მსგავსი შეცდომები იყო ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით გავრცელებულ განცხადებაშიც. ასეთი შეცდომები აჩენს ეჭვს, რომ ორიგინალი ტექსტი ან რუსულ ენაზე იყო შედგენილი, ან შემდგენელმა უკრაინული კარგად არ იცოდა.
2. არასწორი ნუმერაცია ან შტრიხკოდის არასწორი განთავსება
მაგალითად, ბაიდენის ბიოლაბორატორიებთან კავშირის შესახებ მასალების განადგურებაზე ბრძანებას არასწორი ნუმერაცია ჰქონდა – დოკუმენტში ნახსენები აბრევიატურა კონკრეტულ განკარგულებაზე მიუთითებდა თუმცა განკარგულებაში ის პუნქტი, რომელიც გავრცელებულ დოკუმენტში ეწერა, საერთოდ არ იძებნებოდა.
სხვა შემთხვევაში, მაგალითად უკრაინის დანაკარგების შესახებ დოკუმენტის სიყალბეზე კი მიანიშნებდა ის დეტალი, რომ შტრიხკოდი არასწორ ადგილას იყო დატანილი.
3. არასწორი სახელწოდებები
გაყალბებულ დოკუმენტში, რომლითაც თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრიანის გენშტაბის უფროსს ბაირაქტარების გამოყენების შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართავდა, არასწორი ოფიციალური სახელწოდება იყო გამოყენებული. რეალურად, ორგანოს სახელწოდებით “უკრაინის გენერალური შტაბი” ოფიციალურ კომუნიკაციაში “უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი” ეწოდება. ოფიციალურ კომუნიკაციაში შემოკლებული სახელები ოფიციალურ დონეზე დაშვებული არ არის.
ასევე, 2023 წელს ეკლესიის მიერ მიერ მართლმადიდებელი მრევლის სასიკვდილო ცოდვისთვის ოფიციალურად დალოცვის დოკუმენტში არასწორი სახელწოდებაა მითითებული: УПЦ КП (კიევის საპატრიარქო), რომლის სახელითაც გავრცელდა დოკუმენტი, დამოუკიდებელი ფორმით 2018 წლის 15 დეკემბრიდან ოფიციალურად აღარ არსებობს და ის ПЦУ-ში, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანდება.
4. ფოტოშოპის კვალი
ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით გავრცელებულ დოკუმენტში Stopfake.org-მა სურათის ავთენტიკურობა Fotoforensics ონლაინ ინსტრუმენტის მეშვეობითაც შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დოკუმენტი ფოტოშოპში არის დამუშავებული.
5. შეუსაბამობა ბლანკსა და ხელმოწერაში
უკრაინის დანაკარგების შესახებ დოკუმენტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკითაა შედგენილი, თუმცა მასზე ვალერი ზალუჟნის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ხელმოწერაა. ხოლო, განცხადება, რომელიც თითქოს უკრაინის ეკლესიის მიერ მართლმადიდებელი მრევლის სასიკვდილო ცოდვისთვის ოფიციალურად დალოცვას ადასტურებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს (УПЦ КП – 2018 წლის 15 დეკემბერს გაერთიანდა ПЦУ-სთან) ბლანკშია მომზადებული, თუმცა ხელს მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი აწერს – ტექსტში რიგი შეცდომები და შეუსაბამობაა, რომელიც საბაზისო საეკლესიო წესების არცოდნასა და განცხადების სიყალბეზე მეტყველებს.
გარდა ფორმაში დაშვებული შეცდომებისა, გაყალბებული დოკუმენტების ტექსტში ასევე გვხვდება ფაქტობრივი უზუსტობები და ლოგიკური შეუსაბამობები.
ზემოთ ჩამოთვლილი ყალბი დოკუმენტების შესახებ იმ ოფიციალურმა ორგანოებმაც გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლის სახელითაც დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
მსგავსად გაყალბებული დოკუმენტები ვრცელდებოდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებითაც, მაგალითად:
2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალი ზელანდიის მთავრობა გამაფრთხილებელ წერილებს უგზავნიდა მოსახლეობას და ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში 6 თვე პატიმრობით ან 15 000 დოლარის ჯარიმით ემუქრებოდა. გავრცელებული დოკუმენტის ნამდვილობა გამოცემა The Spinoff-თან თავად ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო.
არასწორ კონტექსტში გავრცელებული ავთენტიკური დოკუმენტები
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან და ზოგადად ჯანდაცვასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაში გამოყენებული დოკუმენტები უფრო ხშირად ნამდვილი იყო, თუმცა ვრცელდებოდა არასწორი კონტექსტით და მანიპულაციური შინაარსით.
მაგალითად:
- ესპანურენოვანი დოკუმენტი, რომელიც თითქოს ამტკიცებდა, რომ ესპანეთმა “მოსახლეობისთვის ქიმიური აეროზოლური შესხურების გამოყენება ოფიციალურად აღიარა”, – თანდართული დოკუმენტი სინამდვილეში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს 2022 წლის დადგენილებას წარმოადგენდა ზედაპირების დეზინფექციის შესახებ და ამისთვის გამოყენებული ნივთიერებები ესპანეთში წლებია ავტორიზებულია, ხოლო ნივთიერებები ადამიანებისთვის არ შეუსხურებიათ. პოსტებში გავრცელებული დეზინფორმაცია და დოკუმენტის შინაარსი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა.
- დოკუმენტი, რომელიც თითქოს ამტკიცებდა, რომ ამერიკის მთავრობა და ფარმაცევტული კომპანიები კორონა ვირუსის წამლის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდნენ, ასევე მალავდნენ რნმ ვაქცინის გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ინფორმაციას.2022 წელს ანტივაქსერებმა გაავრცელეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული ულტრამემარჯვენე პლატფორმის Project Veritas-ის მიერ გასაჯაროებული სამხედრო დოკუმენტები ადასტურებდა.სინამდვილეში დოკუმენტში მოყვანილი ცნობები ახალი კორონავირუსის შექმნაში ენტონი ფაუჩის და ამერიკის სახელმწიფო ორგანოების ჩართულობას არ ამტკიცებდა, არც ის ჩანდა, რომ რომელიმე ოფიციალური ორგანო კორონა ვირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისგან ინფორმაციას მალავდა.
- ლუგარიდან გაჟონილი დოკუმენტების მანიპულაციური გავრცელება – 2020 წელს ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს გაჟონილი დოკუმენტები ამტკიცებდა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC) დავალებით, საქართველოში წამლების გამოცდა და მოსახლეობის გენეტიკური მასალის შეგროვება ბიო-ბანკში ხდებოდა. დოკუმენტების ფოტოები კრემლთან და ჰეზბოლასთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან იყო აღებული, რაც, სავარაუდოდ, ლუგარის ლაბორატორიაზე 2020 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად იყო მოპოვებული. თუმცა, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ბიოლოგიური მასალის მოთხოვნის ამსახველ დოკუმენტს საქართველოსთან კავშირი არ აქვს და მას კრემლი 2017 წელს პროპაგანდისტული მიზნებით იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა რამდენჯერმე განხორციელდა, რის შედეგადაც გაჟონა როგორც სხვადასხვა დოკუმენტმა, ასევე ოფიციალურმა კორესპონდენციამ თანამშრომლებს შორის. გაიტანჯიევა გაჟონილ მასალებს სიმულაციურ მტკიცებულებებად იყენებდა, თუმცა, რეალურად, ეს მასალები არ ადასტურებდა კრემლის დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
- 5G-ის საშუალებით ნანო-ჩიპირებული ადამიანი-პოკემონების დისტანციურად მართვის პატენტი – 2022 წელს ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს მიხედვით, დოკუმენტი “5G-ის საშუალებით ნანო-ჩიპირებული ადამიანი-პოკემონების დისტანციურად მართვის პატენტი” იყო. ასევე აღნიშნული იყო, რომ პატენტი ფაიზერს ეკუთვნის და ის 5G სიხშირის საშუალებით ვაქცინირებული ადამიანების დისტანციურად მართვას გეგმავს. დოკუმენტის ტექსტი თანდართულ შინაარსს არ შეესაბამებოდა. პოსტში წარმოდგენილი პატენტი არა “ფაიზერს,” არამედ ისრაელში დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის Ehrlich Group-ის დირექტორს ეკუთვნის. თავად დოკუმენტი აღწერს არა ვაქცინირებული ადამიანების მართვის მექანიზმს, არამედ ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების მოკვლევის სისტემას, რომელიც მომავალი პანდემიის შემთხვევაში გამოსაყენებლად შეიქმნა. ფოტოზე მოცემული ნომრით კი პატენტის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება გახდა შესაძლებელი.
- არიზონის გუბერნატორის განკარგულება არასწორი შინაარსით – 2021 წელს კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ბლოგერმა გამოაქვეყნა არიზონას გუბერნატორის განკარგულება. პოსტის ავტორი წერდა, რომ არიზონის გუბერნატორის აღმასრულებელი ბრძანებით, სკოლებში კოვიდ ვაქცინები, ნიღბები და ტესტები აკრძალულია. გუბერნატორმა მართლაც გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ნებისმიერი სტუდენტი უნდა დაუშვან, იმისდა მიუხედავად, აცრილი არიან თუ არა ისინი. თუმცა, აღნიშნული ბრძანებით არც აცრა, პირბადის ტარება და კოვიდ19-ის ტესტის გაკეთება არ შეზღუდულა.
ყალბი დოკუმენტების გამოყენება ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ
გაყალბებული დოკუმენტების საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე ქართველი პოლიტიკოსებიც არაერთხელ აღმოჩნდნენ.
2019 წელს ელენე ხოშტარიას შესახებ Facebook გვერდმა “აზიმუტი” გაავრცელა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ისნტიტუტის (МГИМО) რექტორის წერილი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სადიპლომო ხარისხი აღნიშნულ ინსტიტუტში სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვის ხელმძღვანელობით დაიცვა. “აზიმუტმა” დოკუმენტი გამოაქვეყნა წარწერით “გავრილოვი ელენე ხოშტარიას ლექტორი ყოფილა…”
გარდა იმისა, რომ თავად წერილის ავთენტურობაც ეჭვის ქვეშ დადგა, მისი შინაარსი მანიპულაციურად ვრცელდებოდა. გავრცელებული წერილი მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სტუდენტი იყო, როდესაც სინამდვილეში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ანატოლის ძეა, ხოლო წერილში მითითებული გავრილოვი – ვიქტორის. ამასთან, წერილს არც ადრესატი ჰყავს და მასზე არც გაგზავნის თარიღია მითითებული და არც ნომერი, ხოლო МГИМО-ს პროფესორი სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვი ღია წყაროებში არ იძებნება.
2020 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც გავრცელდა დეზინფორმაცია. ფეისბუკ გვერდმა ექვთიმე ბიძინაშვილი გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით: ,,დამადასტურებელი დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ”. ფოტოზე წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის აღწერიდან ირკვევა, რომ ის წარმოადგენს მოსკოვის მე-4 ფსიქიატრიული დაწესებულების ცნობას. დოკუმენტის მიხედვით, პაციენტ ბიძინა ივანიშვილს ხმები ჩაესმოდა და ჰალუცინაციებს უჩიოდა.
დოკუმენტი გაყალბებული იყო და ამაზე მიუთითებდა შემდეგი: მასში მითითებული ქვეყნის სტატუსი და გერბი 1991 წელს არ გამოიყენებოდა; დოკუმენტს დართული აქვს გერბი, რომელიც რეალურად 1993 წლის 30 ნოემბრიდან გამოიყენება; ტექსტში დაშვებული იყო გრამატიკული და ბეჭდური შეცდომები.
2023 წელს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს FARA-ს დოკუმენტების თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების და პეტიციაზე მუშაობის სანაცვლოდ, გიული ალასანიასგან 11 500 დოლარი მიიღო. TV Imedi, POSTV, pia.ge, for.ge, და spnews.io საკუთარ მასალებში ამტკიცებდნენ, რომ მარგველაშვილს სააკაშვილის ლობიზმის სანაცვლოდ 11 559 დოლარი გადაუხადეს. ამ შემთხვევაში, დოკუმენტები ავთენტიკური იყო, თუმცა არ ადასტურებდა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ან მისი ინტერესების გამტარებელი სხვა აქტორისგან თანხა მიიღო.
როგორ გადავამოწმოთ?
დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოყენებული ყალბი, ან არასწორი თუ მანიპულაციური კონტექსტით გავრცელებული დოკუმენტების გადამოწმება შეიძლება შემდეგი დეტალების ანალიზით
- დოკუმენტის ფორმა და შინაარსი;
- შტრიხკოდები, ნუმერაცია, გერბი, სახელწოდებები;
- გრამატიკული შეცდომები;
- ფაქტობრივი მონაცემების სისწორე;
- ხელმოწერა და ხელმომწერი;
გარდა ამისა, დოკუმენტის სინამდვილის გადამოწმებისთვის შეიძლება:
- დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ღია წყაროებით გადამოწმება;
- პროგრამული დამუშავების კვალის აღმოჩენა (მაგ. Fotoforensics-ის, InVid Forensic-ის საშუალებით);
- საჯარო ორგანოებთან დოკუმენტის ავთენტურობის გადამოწმება.
იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტი ავთენტიკურია, საჭიროა მისი გულდასმით გაცნობა და გავრცელებულ ინფორმაციასთან დოკუმენტის რეალური შინაარსის შედარება.