როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1k
VIEWS

რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” FARA-ს ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებაზე არსებულ ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია ნახსენები.

24 ივლისიდან სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს FARA-ს დოკუმენტების თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების და პეტიციაზე მუშაობის სანაცვლოდ, გიული ალასანიასგან 11 500 დოლარი მიიღო. TV Imedi (12), POSTV (123), pia.ge, for.ge, და spnews.io საკუთარ მასალებში ამტკიცებდნენ, რომ მარგველაშვილს სააკაშვილის ლობიზმის სანაცვლოდ 11 559 დოლარი გადაუხადეს.

იმავე გზავნილს მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები დავით ქართველიშვილი და თამარ ჩიბურდანიძე, ასევე მოძრაობა “აი იას” და “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და სახელისუფლებო ექსპერტები (1234) ავრცელებდნენ.

Screenshot 2023 07 26 171751 როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის

მარგველაშვილის მიერ 11 500 დოლარის მიღებაზე ინფორმაცია ანტილიბერალურმა აქტორებმაც გაავრცელეს. მათ შორის არიან “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე (12) და დავით ნემსაძე.
Screenshot 2023 07 26 171759 როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის

ზემოთ დასახელებული გვერდების გარდა, რომლებიც გიორგი მარგველაშვილის მიერ თანხის მიღებაზე ინფორმაციას ავრცელებენ, “მითების დეტექტორმა” მარგველაშვილის დისკრედიტაციაში ჩართული 8 ფეისბუქ-გვერდი და 2 ფეისბუქ-ანგარიში გამოავლინა, რომლებმაც მისი დამცინავი პოსტები და გაშარჟებული ვიზუალები გამოაქვეყნეს. ეს გვერდები და ანგარიშებია: არ აგარევინებთ, საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First, სირცხვილის კორიდორი, პოლიტიკური სამარე N5, არქივი – Archive, publicist.ge, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები, ტერენტი გლდანელი (1, 2) და ჟურნალისტიკის მარგალიტები

მტკიცება, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ლობიზმის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურება მიიღო, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით არ დასტურდება. დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა თანხა კომპანია PR Newswire-ს პრეს-რელიზის გასავრცელებლად გადაუხადა, რომელიც მარგველაშვილის პეტიციას ეხებოდა.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც უცხოური ინტერესების გამტარებელ პირებს უცხოელ აქტორებთან (მთავრობებთან, ორგანიზაციებთან ან პირებთან) მათი ურთიერთობის, განხორციელებული აქტივობებისა და ამ აქტივობებთან დაკავშირებული ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაციის პერიოდულად გასაჯაროვებას ავალდებულებს.

დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია ნახსენები, 2023 წლის 31 მაისამდე ექვსთვიან პერიოდს ფარავს და FARA-ს სარეგისტრაციო განყოფილებამ ის 2023 წლის 6 ივნისს მიიღო. დოკუმენტის წარმდგენად ლობისტური კომპანია GP International/GlobalPoint International-ია დასახელებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, დაიქირავა

დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა 2023 წლის 9-10 თებერვალს კომპანია Cision-ის საკუთრებაში არსებულ PR Newswire-ს პრეს-რელიზის გასავრცელებლად 11 559 აშშ დოლარი გადაუხადა. დოკუმენტში აღნიშნული პრეს-რელიზის დასახელებაცაა მოცემული: “საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად კოალიციას უდგას სათავეში”.

პრეს-რელიზში დასახელებულ კოალიციაში ის ევროპელი პოლიტიკოსები იგულისხმებიან, რომლებიც მარგველაშვილის სახელით მომზადებულ პეტიციას შეუერთდნენ. პეტიციის ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს

აღსანიშნავია, რომ FARA-ს დოკუმენტში კომპანია Cision-ისთვის გადახდილი სხვა თანხაცაა მითითებული, კერძოდ, 2022 წლის 2-3 დეკემბერს სააკაშვილმა კომპანიას პრეს-რელიზის გასავრცელებლად 1 841 აშშ დოლარი გადაუხადა. აღნიშნული პრეს-რელიზის სახელწოდებაა: “ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნისას აწამეს და მოწამლეს”.

Screenshot 2023 07 26 171805 როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის

შესაბამისად, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ან მისი ინტერესების გამტარებელი სხვა აქტორისგან თანხა მიიღო. 

გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილი და გიული ალასანიაც გამოეხმაურნენ. მარგველაშვილმა გამოცემა  “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ამ ცნობებს “ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია” უწოდა. გიული ალასანიამ კი დაადასტურა, რომ დოკუმენტში მოყვანილი თანხა არა მარგველაშვილმა, არამედ კომპანიამ ინფორმაციის გასავრცელებლად მიიღო და აღნიშნული ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 სხვადასხვა ენაზე გაავრცელა

ანტიოპოზიციური ფეისბუქ-გვერდების დისკრედიტაციის კამპანია მარგველაშვილის წინააღმდეგ

FARA-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გარდა, ანტიოპოზიციურმა და პროსახელისუფლებო 8 ფეისბუქ-გვერდმა და 2-მა ფეისბუქ-ანგარიშმა მის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი, დამცინავი პოსტები და მარგველაშვილის გაშარჟებული ვიზუალებიც გამოაქვეყნეს.

მაგალითად, გია გაჩეჩილაძესა და ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულმა გვერდმა “არ აგარევინებთ” მარგველაშვილის მადისკრედიტირებელი სამი დასპონსორებული პოსტი (123) გამოაქვეყნა. სამივე პოსტი 100 დოლარზე ნაკლები თანხითაა დასპონსორებული. გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში მარგველაშვილის საუბარი ფილმიდან “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” შემდეგი ციტატითაა ჩანაცვლებული: “მე პატარა კაცი ვარ, რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვძახებ. იმიტომ კი არა, რომ მე ამის მჯერა, ან ჩემი აზრი არ გამაჩნია. არა, უბრალოდ ასე მოიტანა დროებამ “.

ასევე ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულმა გვერდმა საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First მარგველაშვილის კარიკატურაც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მარგველაშვილი მიწაზე ზის, ერთი ხელიდან კარტოფილს აგდებს, მეორე ხელში კი დოლარის კუპიურები უჭირავს.

Screenshot 2023 07 26 171813 როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის

ფეისბუქ-გვერდებმა სირცხვილის კორიდორი და პოლიტიკური სამარე N5, ასევე ფეისბუქ-ანგარიშმა ტერენტი გლდანელი გამოაქვეყნეს ვიზუალი, რომელზეც მარგველაშვილის ფოტო გაყიდვების ვებ-გვერდ mymarket.ge-ის ჩარჩოშია ჩასმული და წერია, რომ 11 500 დოლარად ქირავდება. ფეისბუქ-გვერდმა პოლიტიკური სამარე N5 “დათა თუთაშხიადან” პატარა მონაკვეთიც გამოაქვეყნა, რომელშიც კიკუს პერსონაჟის სახის ნაცვლად მარგველაშვილის სახეა ჩასმული, რომელიც ფილმში ფულის სანაცვლოდ შიშვლდება.
Screenshot 2023 07 26 171818 როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციისთვის
თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist