21 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა თურქული საფრენი აპარატის- ბაირაქტარის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, რუსულმა მოძრავმა ელექტრონული ბრძოლის სისტემა “Красуха 4”-მა უკრაინელების მიერ მართულ ბაირაქტარებს მართვის სისტემა გაუთიშა, რის შედეგადაც საფრენი აპარატები მიწაზე ჩამოიყარნენ. ამ ფაქტის გამო კი ერდოღანმა ზელენსკის ბაირაქტარების გამოყენების შეჩერება სთხოვა და უკრაინის პრეზიდენტმა ერდოღანის სურვილის შესასრულებლად შესაბამისი ბრძანება გასცა.
მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსულმა “Красуха 4”-მა უკრაინაში ბაირაქტარები გააუნებელყო, რის შემდეგაც პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით უკრაინამ ამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შეწყვიტა, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. რეალურად, არცერთ მხარეს ან ოფიციალურ გამოცემას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ხოლო რუსული წყაროების მიერ იდენტური ინფორმაციის გავრცელებისას გამოყენებული დოკუმენტის ფოტო ყალბია.
მალხაზ ხაბაზი გამოქვეყნებულ პოსტში ბაირაქტარების გამოყენების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია რუსულ ენოვან საიტებსა და ტელეგრამის არხებზე გავრცელდა (1, 2, 3.). კონკრეტულად, მათ გაავრცელეს დოკუმენტის ფოტო, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრიანის გენშტაბის უფროსს ბაირაქტარების გამოყენების შეწყვეტის შესახებ თხოვნით მიმართავს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაცია stopfake-მა და ინტერნეტ გამოცემა Realist.online-მა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ფოტო ყალბია.
“დოკუმენტის” შესწვლისას დადგინდა, რომ მასში არაერთი შეცდომაა დაშვებული, რასაც პრეზიდენტის ოფისი ვერ დაუშვებდა. პირველ რიგში, გენშტაბის უფროსად ვალერი ზალუჟნია დასახელებული. რეალურად, ორგანოს სახელწოდებით “უკრაინის გენერალური შტაბი” ოფიციალურ კომუნიკაციაში “უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი” ეწოდება. შესაბამისად, დოკუმენტში გამოყენებულია ეს და შემოკლებული სახელები, რაც ოფიციალურ დონეზე დაშვებული არ არის. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ არც თურქეთის და არც უკრაინის ხელისუფლებას ან სხვა ოფიციალურ წყაროებს ბაირაქტარების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ამასთანავე, “Красуха 4”-ის მიერ უკრაინაში ბაირაქტარების განადგურების შესახებ ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა. რუსული სისტემის უკრაინაში ყოფნის შესახებ მთავარი ინფორმაცია მარტში გავრცელდა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა ერთ-ერთი ასეთი მოწობილობა კიევის მისადგომებთან ხელში ჩაიგდეს. Მოგვიანებით კი ის აშშ-ს დეტალური შესწავლისთვის გადაეცა.
2021 წელს მიცემულ ინტერვიუში კომპანია ბაიკარის (ბაირაქტარების მწარმოებელი) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჰალუკ ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ რუსულ ელექტრონული ბრძოლის სისტემებს მათ მიერ წარმოებული საფრენ აპარატებისთვის პრობლემების შექმნის შესაძლებლობა არ აქვთ. თავად დრონის შემქმნელი სელჩუკ ბაირაქტარი კი მის უპირატესობას იმით ხსნის, რომ ბაირაქტარების პროგრამული განახლებები მუდმივ რეჟიმში ხდება, რაც მას მოწინააღმდეგე სტრატეგიებთან ადაპტირების საშუალებას აძლევს.
ბაირაქტარების გამოყენება უკრაინამ ომის დაწყებისთანავე წარმატებით დაიწყო და არაერთი ვიდეოც გამოქვეყნდა. Ვიდეოებში მტრის დანაყოფებისა და ტექნიკის განადგურება იყო ასახული(1, 2, 3.). აპრილის თვეში მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნება პრაქტიკულად შეწყდა, თუმცა, ვიდეოების ნაკლებობა სავარაუდოდ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა. ამ ვარაუდს ის ფაქტიც ამყარებს, რომ მაისის თვეში კვლავ გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც თურქული დრონების დიდი მნიშვნელობის მქონე მისიები ჩანს. უფრო კონკრეტულად კი, კუნძულ ზმიინისთან ორი რუსული ხომალდი და თავად კუნძულზე განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემა “თორი” გაანადგურეს. “თორის” ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია დრონების განადგურებაა.
“Красуха 4”-ის მიერ აზერბაიჯანელების შეიარაღებაში არსებული ბაირაქტარების განადგურებაზე ინფორმაცია 2020 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ვრცელდებოდა. რუსულ ენოვანი წყაროების მიხედვით, ორი დღის მანძილზე ასეთი 9 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ეს ოფიციალურად კონფლიქტის არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. “Красуха 4”-ის” მიერ ბაირაქტარის სირიაში ჩამოგდებაზე რუსული საინფომაციო სააგენტო avia-pro წერდა, სააგენტო უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ინფორმაციების პირველ წყაროა. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაციაც მეტწილად ვარაუდებს ემყარება და ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
მითების დეტექტორის ლაბორატორა
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.