21 ივლისს ფეისბუკ-გვერდზე Я люблю Санкт-Петербург გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთში უკრაინელმა ლტოლვილებმა საიდენტიფიკაციო ნომრის (PESEL) მისაღებად, სტეპან ბანდერა ტერორისტად უნდა აღიარონ და დაეთანხმონ მტკიცებას, რომ ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში უკრაინელი ნაციონალისტები არიან დამნაშავე. პოსტს თან ერთვის პესელის მისაღები დოკუმენტის ნიმუში, რომელზეც ჩანს, რომ პერსონალურ მონაცემებთან ერთად ამ ორი საკითხის შესახებაც არის კითხვები:
- მიიჩნევთ თუ არა, რომ სტეპან ბანდერა ტერორისტია? კი/არა
- ვაღიარებ უკრაინელი ნაციონალისტების პასუხისმგებლობას ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში პოლონელების მკვლელობაზე. კი/არა
ინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა ლტოლვილებმა პოლონეთში საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად ხელი უნდა მოაწერონ მტკიცებას, რომ სტეპან ბანდერა ტერორისტია და ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში უკრაინელი ნაციონალისტები არიან დამნაშავე, ტყუილია.
Я люблю Санкт-Петербург – ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი გაყალბებულია და ავთენტიკური ვერსია პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ატვირთული. ანკეტაში ბანდერასთან და ვოლინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული კითხვები არ გვხვდება.
26 მარტს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა ცვლილებას კანონში „უკრაინის მოქალაქეების დახმარების შესახებ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით“. კანონი უკრაინის მოქალაქეების პოლონეთში ყოფნის ლეგალიზაციის პრინციპებს განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეები, ვინც უკრაინა რუსეთის აგრესიის შედეგად დატოვა, პოლონეთში 18 თვით ლეგალურად შეძლებენ დარჩენას და შეუძლიათ მიიღონ საიდენტიფიკაციო ნომერი (პესელი), რაც მათ პოლონეთის შრომის ბაზარზე აძლევს წვდომას. უკრაინელებს საშუალება აქვთ პოლონეთის ტერიტორიაზე დაიწყონ ბიზნესი და ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში იმავე წესებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეები. გარდა ამისა, შეუძლიათ მიიღონ სოციალური და ფინანსური დახმარება. მათთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა იმავე წესებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეებისთვის.
საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად უკრაინელმა ლტოლვილებმა ანკეტა უნდა შეავსონ, რომელიც პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, უკრიანელებისთვის სპეციალურად გამოყოფილ გრაფაშია ხელმისაწვდომი. ოფიციალურ ვერსიაში არსად არის აღნიშნული, რომ მათ პესელის მისაღებად სტეპან ბანდერას ტერორისტად აღიარება და ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში უკრაინელი ნაციონალისტების ბრალეულობაზე თანხმობის გაცხადება სჭირდებათ. ეს კითვები “Я люблю Санкт-Петербург”-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ჩამატებული.
ანკეტაში მოცემული კითხვები პესელის მიმღები პირისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება. ფეისბუკ-გვერდის Я люблю Санкт-Петербург-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ორი სხადასხვა გვერდის ამონარიდებია შეერთებული, ხოლო ბანდერასა და ვოლინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული საკითხები ჩამატებულია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.