გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.6k
VIEWS

24 იანვარს ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ საკუთარ ბლოგზე dilyana.bg სტატია, სახელწოდებით “Documents expose US biological experiments on allied soldiers in Ukraine and Georgia” (დოკუმენტები უკრაინასა და საქართველოში მოკავშირე ჯარისკაცებზე აშშ-ის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ააშკარავებს) გამოაქვეყნა. ინგლისურენოვან მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში 4 400, ხოლო საქართველოში 1 100 ჯარისკაცი პენტაგონს პოტენციურად მომაკვდინებელ ექსპერიმენტში ჰყავდა ჩართული, ხოლო მათი სიკვდილის შესახებ შეტყობინება უკრაინაში 24 საათში, საქართველოში კი 48 საათში უნდა ყოფილიყო აღრიცხული. აღნიშნულის მტკიცებულებად გაიტანჯიევა გაჟონილ დოკუმენტებს უთითებს. როგორც გაიტანჯიევა წერს, საქართველოში პენტაგონმა დაიწყო 5-წლიანი კვლევითი პროექტი “Arthropod-borne and zoonotic infections among military personnel in Georgia”, რომელიც საქართველოს სამხედრო პერსონალისგან სისხლის ნიმუშების აღებას და მათ 14 სხვადასხვა პათოგენის წინააღმდეგ ანტისხეულებზე შემოწმებას გულისხმობდა. ამასთანავე, მისი მტკიცებით, კვლევის შედეგები კვლევის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. გაიტანჯიევას მასალას თან ერთვის პროექტის ანგარიშის სკანირებული დოკუმენტები.

26 იანვარს გაიტანჯიევას მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსულენოვან strana.today-ზე გამოქვეყნდა.  გარდა ამისა, ფეისბუკის ანალტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ის მონაცემებით, იანვარ-მარტის პერიოდში გაიტანჯიევას მასალაზე დაყრდნობით იდენტური შინაარსის ინფორმაცია 11 რუსულენოვან საჯარო ჯგუფსა და გვერდზე გაზიარდა, მათ შორის: Страна.UA – Новости Украины, Едины и Непобедимы! Вместе мы Победим! Инна Иваночко, РУССКИЙ МИР (2 პოსტი), Срочные новости, Народный корреспондент, Закарпатские новости и не только, Русский Мир#история, политика,жизнь, ИНФОРМАЦИЯ ОТ РУСИЯ И ЗА РУСИЯ.

იდენტური ინფორმაცია 2 თებერვალს საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, 10 მარტს კი გააზიარა ფეისბუქ ანგარიშმა ფანტინა.

მტკიცება, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ჯარისკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რაც შესაძლოა, სასიკვდილო შემთხვევებით დასრულებულიყო, დეზინფორმაციაა. კვლევა მხოლოდ სისხლის ნიმუშების აღებას ითვალისწინებდა, რომლის მიზანი სამხედრო პერსონალში ინფექციების მიმართ ანტისხეულების არსებობის განსაზღვრა და შესაძლო ეპიდემიოლოგიური რისკ-ფაქტორების დადგენა იყო. ხოლო ჩანაწერი სიკვდილის შემთხვევების 48 საათში შეტყობინების შესახებ პროტოკოლურია, რომელიც ყველა კვლევისთვის არის შემუშავებული. ტყუილია ასევე ისიც, რომ კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი არ არის, რადგან აღნიშნული მონაცემები საჯაროა.

ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის მიზნები და უსაფრთხოება

“მითების დეტექტორმა” აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) გამოითხოვა. ცენტრის ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ კვლევა სახელწოდებით  Arthropod-borne and zoonotic infections among military personnel in Georgia 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა, რაც მიზნად ისახავდა სამხედრო პერსონალში ფეხსახსრიანებით გადამდები და ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) ინფექციების მიმართ ანტისხეულების არსებობის განსაზღვრასა და შემდგომ ამ ინფექციების გამომწვევებთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური რისკ-ფაქტორების დადგენას. აღნიშნული კვლევა წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა სახის გამომწვევებთან (პათოგენებთან) ჰქონდა შეხება ადამიანს წარსულში, ხოლო სამხედრო პერსონალი, NCDC-ის განმარტებით, საინტერესო პოპულაციაა იმ მხრივ, რომ ისინი ხშირად გადიან საველე წვრთნებს და შესაძლებელია სხვადასხვა გარემო პირობებში გადამდებ ზოონოზურ პათოგენებთან ჰქონდეთ შეხება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევები სხვადასხვა დაავადების მიმართ ანტისხეულების განსასაზღვრად სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს და ამაში უჩვეულო არაფერია. კვლევა სრულიად უსაფრთხოა და მასში მონაწილე ჯარისკაცები კვლევის მიზნების შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

“რაც შეეხება კვლევის უსაფრთხოებას, იგი კლასიფიცირდება, მინიმალური რისკის კვლევად, რადგან მოიცავდა მხოლოდ სისხლის აღებას აღნიშნული გამომწვევების წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულების განსასაზღვრად და კითხვარის შევსებას. ანუ რისკი იმაზე მეტი არ იყო, ვიდრე არის ექიმთან ჩვეულებრივი ვიზიტისას.” – აღნიშნავს NCDC.

კვლევის შედეგების და პროექტის ანგარიშის საჯაროობა

აღსანიშნავია, რომ კვლევა გასაიდუმლოებული არ არის და მისი შედეგები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი სამეცნიერო სტატიის სახით, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში არის გამოქვეყნებული. კვლევის ავტორები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევრები არიან. 

Screenshot 4 8 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

რაც შეეხება კვლევის ანგარიშის დოკუმენტებს, რომელსაც დილიანა გაიტანჯიევას მასალაში ვხვდებით, ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, მხოლოდ კოლაბორატორებისთვის ანუ პროექტში ჩართული პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რადგან ანგარიშში არსებული სამეცნიერო ინფორმაცია მათ ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია პროექტზე მომუშავე პირების პერსონალური ინფორმაცია და პროტოკოლური საკითხები. ბულგარელის ჟურნალისტისთვის ამ მასალებზე ხელმისაწვდომობა გაჟონილ სამსახურეობრივ დოკუმენტებზე მიუთითებს. ამ საკითხთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. გაჟონილ დოკუმენტებზე, სადაც კვლევითი პროექტის მონაწილეების კონტრიბუცია და ჰონორარები იყო მითითებული, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?

კვლევის ანგარიშის დოკუმენტის გვერდები, რომელსაც გაიტანჯიევა ავრცელებს:

Screenshot 5 8 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 6 6 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან გაჟონილ დოკუმენტებს კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტვ Zvezda-ს ეთერში ხშირად ჩნდება, ლუგარზე 2020 წლის კიბერთავდასხმამდეც აქვეყნებდა. 2018 წელს გაიტანჯიევამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტები და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს იმეილ კორესპონდენცია გამოაქვეყნა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

როგორ ჟონავდა დოკუმენტები ჯანდაცვის უწყებიდან ლუგარზე კიბერშეტევამდე?

როგორ ცდილობს კრემლი სკრიპალების საქმეში რუსული კვალის ლუგარის ლაბორატორიით გადაფარვას

რას ნიშნავს ჩანაწერი გარდაცვალების შემთხვევების 48 საათში შეტყობინების შესახებ?

დილიანა გაიტანჯიევა აპელირებს დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც მოხალისეების გარდაცვალების შემთხვევებზე შეტყობინება დროულად, სასურველია 48 საათში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი “მითების დეტექტორთან” წერილობით განმარტავს, რომ ეს არის სტანდარტული ჩანაწერი, რომელიც, რეგულაციების თანახმად, კვლევებისათვის შემუშავდა და ბიოეთიკის საბჭოს მოთხოვნით ყველა პროტოკოლში იწერება. 

“კვლევის ფარგლებში არანაირი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. განვმარტავთ – არავითარი ახალი მოწყობილობა, მკურნალობის მეთოდი ან წამალი არ ყოფილა გამოყენებული. ექსპერიმენტული კვლევები ჩვენს ცენტრში არ ტარდება და არც არასოდეს ჩატარებულა.” – აღნიშნულია წერილში. 

გაიტანჯიევას მასალაში თანდართული კვლევის ანგარიშის დოკუმენტი

Screenshot 7 7 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კვლევა უკრაინაში

დილიანა გაიტანჯიევა თავისი “საგამოძიებო” სტატიის მეორე ნაწილში უკრაინაზეც ლუგარის ლაბორატორიის მსგავსად წერს, რომ იქ საშიში ექსპერიმენტები ტარდება. Spread of the Crimean-Congo virus of hemorrhagic fever and hantaviruses in Ukraine and the potential need for differential diagnosis of patients with suspected leptospirosis უკრაინაში ჩატარებული კვლევის ინგლისური სახელწოდებაა, რომელზეც გაიტანჯიევა მიუთითებს. კვლევა ყირიმ-კონგოს ცხელებასა და ჰანტავირუსებს ეხება, რაზეც ანალოგიურად კვლევაში მონაწილეების სისხლის ნიმუშები მოწმდება, რათა გაიგონ წარსულში ჰქონიათ თუ არა მათ შეხება ამ დაავადებებთან. ინფორმაცია აღნიშნული კვლევითი პროექტის შესახებ უკრაინაში ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი.

უკრაინაში ჩატარებული კვლევის მიზნებისა და პროტოკოლის შესახებ ჩანაწერები პორტალ UkrLeaks-ზეა გამოქვეყნებული, რომელიც უკრაინის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ვასილი პროზოროვმა დააფუძნა. პროზოროვი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და უკრაინაზე კონსპირაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. პოზოროვის გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც დილიანა გაიტანჯიევა სიმულაციურ მტკიცებულებად იყენებს, უჩვეულო არაფერია. მასში ახსნილია კვლევის მიზნები და აღნიშნულია, რომ დაცული იქნება კვლევაში მონაწილე ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის ნიმუშების შემოწმების შემდეგ შედეგები მათ სამედიცინო ისტორიაში არ ჩაიწერება და უკრაინის სამხედრო კორპუსის გარეთ სისხლის ანალიზის შედეგები მესამე მხარეს იმ სახით არ გადაეცემა, რომ სამხედრო პერსონალის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი. კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მონაწილეებს შეუძლიათ, უარი ნებისმიერ დროს განაცხადონ. დოკუმენტში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამხედრო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, თხრილების გათხრა, ჯარისკაცებში დაავადების რისკს ზრდის და ეს კონკრეტული პოპულაცია სწორედ ამიტომ შეირჩა.

უკრაინაში ჩატარებული კვლევის დოკუმენტი, რომელსაც გაიტანჯიევა ავრცელებს:

Screenshot 8 6 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 9 6 გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

როგორც უკრაინული ლაბორატორიები, ასევე საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი, კრემლის სამიზნე ხშირად ხდება. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო, უკრაინა
წყარო

წყარო

გაი
გაიტანჯიევა დილიანა

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist