საქართველო და მსოფლიო

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” და მისი ონლაინ გამოცემის www.geworld.ge დამფუძნებელია შპს ისტორიული მემკვიდრეობა. შპს ისტორიული მემკვიდრეობა დააარსა ტარას გაგნიძემ. 2009 წელს ისტორიული მემკვიდრეობის დაფუძნებას იმჟამინდელი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. ისტორიული მემკვიდრეობის საზოგადოებრივი საბჭოს ერთ-ერთი წევრია ალექსანდრე ჭაჭია. 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის განმტკიცებისა და თანამშრომლობის, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ჭაჭია საპატიო ორდენით დააჯილდოვა.  ჭაჭია კრემლისტური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც დასავლური ღირებულებების  მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან შეუთავსებლობის ნარატივს ავითარებს. 

“საქართველო და მსოფლიო” კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ სხვადასხვა აქტორებს აერთიანებს: ევრაზიის ინსტიტუტს, ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირს, პრიმაკოვის რუსულ-ქართულ ცენტრს, ნიუსფრანტს, ონლაინ გამოცემა და ფეისბუკ გვერდ “პოლიტიკანოს” პროექტის ავტორს გიორგი მდივანს, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” პლატფორმაზე როგორც ავტორად, ასევე რესპონდენტად ხშირად გვევლინება. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ პრიმაკოვის ცენტრის “პოლიტიკანოს” წამყვანი ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ონლაინ პლატფორმა “სივრცეებშიც” გვხვდება ავტორად, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებს და ჰიბრიდური (სახელისუფლებო-კრემლისტური) სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა.

“საქართველო და მსოფლიო” წყაროდ ყველაზე ხშირად რუსულენოვან პროპაგანდისტულ პლატფორმებს ეყრდნობა. ყველაზე მეტად კი გამოცემის გვერდებზე სტრატეგიული კულტურის ფონდის (Fondsk.ru) მასალებს ვხვდებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სტრატეგიული კულტურის ფონდი საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობს და მჭიდრო კავშირშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა “სტრატეგიული კულტურის ფონდს” სანქციები დააკისრა. “საქართველო და მსოფლიო” ასევე ხშირად ეყრდნობა რუსეთის ხელისუფლების დაფუძნებულ РИА Новости-ს, პროპაგანდისტულ პლატფორმებს Взгляд-ი (vz.ru), Newsfront-ი, EADaily-ი, Russia Today, topwar.ru, Topcor.ru, tsargrad.tv, regnum.ru  და სხვები. აღსანიშნავია, რომ Царьград ТВ-ი, რომელსაც იუვენალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ადრეც ხშირად ეყრდნობოდა, რუსი ოლიგარქის კონსტანტინე მალოფეევის დაფუძნებულია. მალოფეევი რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეას უჭერს მხარს და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს აფინანსებდა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა იგი სანქცირებული პირების სიაში შეიყვანეს.  2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს “ევრაზიონისტული მოძრაობის” ლიდერი და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი იკავებდა. 

 

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist