კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

819
VIEWS

26 თებერვალს რუსულენოვან მედიაში rusnext.ru, eer.ru, everything.kz, cont.ws, სოციალურ ქსელში livejournal და ფეისბუქზე გავრცელდა თითქმის იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დაფუძნებულ ამერიკულ ლაბორატორიებში საშიში ბიოლოგიური იარაღის შექმნა მიმდინარეობს, 2022 წლის თებერვალში კი კიევსა და ოდესაში სწორედ ორი ამერიკული ლაბორატორიის გახსნა იგეგმებოდა, რასაც რუსეთის “სპეციალურმა ოპერაციამ” შეუშალა ხელი. 

ბიოლოგიურ იარაღზე ისაუბრა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა პოლიტილოგმა იგორ ნიკულინმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა 2005 წელს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში უნდა განხორციელებულიყო იმ ტექნიკის პროფილაქტიკა, რომელიც პოტენციურად ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოდგებოდა. ნიკულინის განცხადებები კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში Россия 24-სა და RT-ზე გავიდა. Россия 24-ს სიუჟეტი ქართულენოვანმა ფეისბუქ გვერდმა “ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV” გააზიარა.

უკრაინის ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით რუსულ ენაზე ვიდეო youtube-ზე ბლოგერმა ფსევდონიმით ალექს ბრეჟნევმა ანგარიშზე “АМЕРИКА Наизнанку” გამოაქვეყნა. ავტორი ვიდეოში ამტკიცებს, რომ პენტაგონის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები შესაძლოა, უკრაინაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული. მას მაგალითად მოჰყავს 2011 წელს უკრაინაში დაფიქსირებული ქოლერას შემთხვევები, ასევე 2017 წელს ვირუსული ჰეპატიტის გავრცელება. ალექს ბრეჟნევი ასევე ამბობს, რომ პენტაგონის ლაბორატორიებში უკრაინაში მხოლოდ ამერიკელები მუშაობენ და უკრაინელებს მათ საქმიანობასთან შეხება არ აქვთ.

Screenshot 11 4 კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებScreenshot 12 4 კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებScreenshot 14 4 კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებScreenshot 13 4 კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ

რუსულენოვან მედიასა და სოციალურ ქსელში უკრაინაში ფუნქციონირებად ლაბორატორიებთან დაკავშირებით 4 დეზინფორმაცია ვრცელდება: 1) გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობს, უსაფუძვლოა და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება; 2) ტყუილია თითქოს 2005 წლის შეთანხმებამ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას დაუდო საფუძველი, რადგან, რეალურად დოკუმენტი ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის საჭირო ცოდნის, პათოგენებისა და ტექნოლოგიების გავრცელების შეაჩერებას ითვალისწინებდა. 3) უკრაინაში ქოლერას და ვირუსული ჰეპატიტის გავრცელებას ლაბორატორიებთან კავშირი არ აქვს, რადგან აღნიშნული დაავადებები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება; 4) უკრაინაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით მოდერნიზებულ ლაბორატორიებში არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ უკრაინის მოქალაქეებიც მუშაობენ და ლაბორატორიები უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

  • კიევის და ოდესას ლაბორატორიებს ბიოლოგიურ იარაღთან კავშირი არ აქვთ

რუსულენოვანი მედიის მიხედვით, გავრცელებულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ კიევისა და ოდესის ლაბორატორიების გახსნა 2022 წლის თებერვლის ბოლოს იგეგმებოდა, ხოლო რუსეთის “სამხედრო ოპერაციამ” ამ ლაბორატორიების გახსნა შეაჩერა. აღნიშნული ნარატივი კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რათა უკრაინაში წამოწყებული ომი გაამართლოს და ლეგიტიმური მიზეზი მოუძებნოს. რეალურად 2019 წელს ბილოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მხარდაჭერით კიევსა და ოდესაში ორი ლაბორატორია აშენდა. გარდა ამისა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის უსაფრთხოების მე-2 დონემდე არაერთი ლაბორატორია გაუმჯობესდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა უკრაინაში მიმართულია საშიში პათოგენებისა და ტოქსინებისგან ქვეყნის დაცვისკენ, რათა უკრაინამ ისინი დროულად აღმოაჩინოს და რეაგირება მანამ მოახდინოს, სანამ ისინი საფრთხეს გამოიწვევენ.

დოკუმენტში, რომელზეც რუსულენოვანი მედია მიუთითებს, აღნიშნულია, რომ კიევისა და ოდესის ლაბორატორიებში არ მიმდინარეობს ბიოლოგიური საქმიანობა, რადგან შესაბამისი აღჭურვილობის ინსტალაციისთვის და შენობის გამართვისთვის, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს ჯანდაცვის ადგილობრივი და მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან, ჯერ კიდევ რამდენიმე თვე და დამატებითი ფინანსებია საჭირო. პროცესი კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო გახანგრძლივდა. დოკუმენტი 2021 წლის 29 ივლისით არის დათარიღებული და აღნიშნულია, რომ კიევისა და ოდესის ლაბორატორიების სრულფასოვნად გამართვას კიდევ 7 თვე დასჭირდება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოს დასრულება 2022 წლის თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა ეს არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რომ ისინი ბიოლოგიური იარაღის შექმნის საფრთხეს ქმნიან, რადგან ამაზე ცნობები არც აღნიშნულ და არც სხვა დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებშუ უკრაინაში სხვა მოდერნიზებული ბიოლოგიური ლაბორატორიები უკვე ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ კრემლის კონტროლირებად მედიაში ასევე გავრცელდა დოკუმენტის ფოტოები, რომელიც გამოყენებული იყო სიმულაციურ მტკიცებულებად უკრაინაში ფუნქციონირებად ლაბორატორიებში არსებული საფრთხის შესახებ, რეალურად კი დოკუმენტში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე არაფერია ნათქვამი. ვრცლად ამ საკითხზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა.

  • 2005 წელს აშშ-მა და უკრაინამ შეთანხმებას ბიოლოგიური საფრთხის შეკავების შესახებ მოაწერეს ხელი

პოლიტოლოგი იგორ ნიკუნილი, რომელსაც რუსული მედია ხშირად ციტირებს, როგორც გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის ყოფილი წევრი, მოსკოვის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლექტორი და რუსეთში მონარქიის მხარდამჭერია. მისი განცხადებით, 2005 წელს უკრაინასა და აშშ-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომელმაც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას დაუდო სათავე. სინამდვილეში კრემლი უკვე დიდი ხანია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინაში საიდუმლო ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები ფუნქციონირებს, რაც ერთი მხრივ, წარსულში უკრაინაში ამერიკის საელჩომ უარყო, მეორე მხრივ, კი რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამ მტკიცებას ფაქტებით გაამყარებდა. 

2005 წელს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც საბჭოთა ეპოქის დროს გაჩენილი ბიოტერორიზმის საფრთხის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. შეთანხმება ითვალისწინებს იმ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელების შეჩერებას, რაც შესაძლოა, ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის იყოს გამოყეებული. შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში, კერძოდ ოდესაში, ხარკოვში, ლვოვში, კიევში, ხერსონში, ვინიციასა და დნეპრის რეგიონში ადგილობრივი ლაბორატორიები მოდერნიზდა. ლაბორატორიების შესახებ ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს გვერდზე არის განთავსებული. აღნიშნული ლაბორატორიების მოდერნიზაცია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა, თუმცა ისინი მუშაობენ უკრაინის მთავრობის დაქვემდებარებაში, უკრაინული კანონმდებლობის ქვეშ და ამასთანავე უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ადგილობრივი ლაბორატორიების გასაუმჯობესებლად ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა 2005 წლიდან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს. ლაბორატორიებმა კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 

აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) ნან-ლუგარის პროგრამის ნაწილია. სენატორების სემ ნანისა და რიჩარდ ლუგარის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 1991 წელს დამტკიცა, მიზნად ისახავს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებას და ადგილობრივი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას. ნან-ლუგარის პროგრამა 2012 წლამდე რუსეთშიც მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პროგრამიდან გასვლა გადაწყვიტა, 2013 წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის იარაღის გავრცელების პრევენციაზე ახალი ორმხრივი ხელშეკრულება დაიდო, რომელიც საბოლოოდ 2015 წელს რუსეთმა შეაჩერა.

უკრაინაში მოქმედი ლაბორატორიების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის დეკონსტრუირება ასევე მოახდინეს სხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Stopfake.org, snopes.com, factcheck.org და ევროკავშირის სტრატკომმაც EUvsDisinfo.

  • ქოლერა და ვირუსული ჰეპატიტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ვრცელდება და ლაბორატორიის საქმიანობას არ უკავშირდება

2011 წელს მარიუპოლში ქოლერას 33 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები სხვა ქვეყნიდან იყო იმპორტირებული.  ვლოგერი ალექს ბრეჟნევი ამტკიცებს, რომ ქოლერა უკვე დიდი ხანია მსოფლიომ დაამარცხა და მისი უკრაინაში გამოჩენა საეჭვოა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ქოლერა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაში ფიქსირდება. მაგალითისთვის, დაავადება 2010-2014 წლებში ევროკავშირის/ევროპის ეკონიკური სივრცის წევრ 9 ქვეყანაში დაფიქსირდა. ქოლერა დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღების შედეგად არის გამოწვეული. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურისროსპოტრებნადზორის” განცხადებით, რუსეთში ასევე არის ქოლერას ინდივიდუალი შემთხვევები, რისი ინდენტიფიცირება და იზოლაციაც სწრაფად ხდება.

რაც შეეხება ვირუსულ ჰეპატიტს, მისი გავრცელება უკრაინაში ასევე არ არის გასაკვირი, რადგან ის გლობალური დაავადებაა და მსოფლიო მასშტაბით ასობით მილიონი ადამიანის ინფიცირებას იწვევს. ჰეპატიტი შესაძლოა გამოიწვიოს ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, ტოქსინებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან სამედიცინო მდგომარეობამ, ასევე ჰეპატიტი ხშირად გამოწვეულია ვირუსით. 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ჯანმრთელობის ასამბლეამ 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ელიმინაცია დაისახა მიზნად, რაც B და C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით შემცირებას გულისხმობს.

  • უკრაინაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით მოდერნიზებულ ლაბორატორიებში არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ უკრაინის მოქალაქეებიც მუშაობენ

კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ვიდეოში ალექს ბრეჟნევი ავრცელებს, არის მტკიცება, თითქოს უკრაინაში ამერიკულ ბოლოგიურ ლაბორატორიებში მხოლოდ ამერიკელები მუშაობენ და არა უკრაინელები. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ლაბორატორიებს აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა ისინი აშშ-ს არ ეკუთვნის და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ამიტომ ლაბორატორიებში უკრაინის მოქალაქეები არიან დასაქმებული. აშშ-ის საელჩოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება არაერთი კვლევითი პროექტი, სადაც უკრაინელი და ამერიკელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist