რუსული Военный Арсенал-ი, ბულგარული Arms Watch და სხვანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

786
VIEWS

სექტემბერ-ოქტომბერში ლუგარის ლაბორატორია რუსული მედიის (იუთუბ არხი Military Arsenal, Svpessa.ru ) და კრემლთან დაკავშირებული ქართული წყაროების (“საქართველო და მსოფლიო”, ბექა ვარდოსანიძე, ფბ ანგარიში ლაშა მოდებაძე) ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის წინააღმდეგ მათ ამ პერიოდში მათ შემდეგი ახალი ბრალდებები გაავრცელეს:

  1. Military Arsenal – Военный Арсенал (წყარო: დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch), ბექა ვარდოსანიძესაქართველო და მსოფლიო (წყარო: Svpessa.ru, დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch), ლაშა მოდებაძე (წყარო: დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch): ლუგარის ლაბორატორია EcoHealth Alliance-თან კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობდა; COVID-19-მა ლუგარის ცენტრიდან “გაჟონა,” ვინაიდან ლაბორატორიაში 2017 წლიდან ღამურებისა და კორონავირუსების შესახებ პროექტი მუშაობს.
  2. Military Arsenal (წყარო: დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch), საქართველო და მსოფლიო (წყარო Svpessa.ru, დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch): საქართველოში ახალი ლაბორატორია VSL-2 აშენდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს;
  3. Military Arsenal (წყარო: დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch),  საქართველო და მსოფლიო (წყარო: Svpessa.ru, დილიანა გაიტანჯიევა – Arms Watch): ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტში ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ და გაურკვეველ ვითარებაში ტულარემიით დაინფიცირდნენ.
  4. საქართველო და მსოფლიო (წყარო: Svpessa.ruArms Watch), ლაშა მოდებაძე (წყარო: Arms Watch): ლუგარის ლაბორატორიის ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტები უცნობი მიზეზით დაიღუპნენ
  5. ლაშა მოდებაძე (წყარო Arms Watch): აშშ კავკაკავკასიური წარმოშობის ადამიანების ბიოლოგიურ მასალას აგროვებს, რაც შესაძლოა ეთნიკური ბიო-იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ; ლუგარის ცენტრის 12 თანამშრომლიდან ღამურების კვლევის პროექტში მონაწილე 7 თანამშრომელი, ადრე ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობდა.

რუსულ იუთუბ არხზე გამოქვეყნებული ვიდეო არაერთ ქართულ ფეისბუქ ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის ლევან ვასაძის მხარდამჭერთა ჯგუფში, ასევე ჯგუფში “კორონაფია და საქართველო როგორც საექსპერიმეტო ქვეყანა”“ანტი-მასონობა, “ანტიქრისტეს” ახლაი მსოფლიო წესრიგი, ანტი-ეკუმენიზმი”,“ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილის მხარდამჭერები”, ასევე ჩეხურ ფეისბუქ ჯგუფში Trikolóra Hnutí Občanů(მოქალაქეთა სამფეროვანი მოძრაობა) და ფეისბუქ გვერდზე “დედოფალი”, ვიდეო საკუთარ ფეისბუქ გვერსზე ბექა ვარდოსანიძემაც გააზიარა. ბექა ვარდოსანიძის პოსტები გააზიარა ფეისბუქ ანგარიშმა გაბრიელ მიქალაძემ, რომელიც ანტივაქსერულ პოსტებს ხშირად ავრცელებს. ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსს ასევე დაუკავშირა ანგარიშმა Tsotne Kverselava-მაც.

რუსული მედიების და კრემლთან დაკავშირებული ქართული წყაროების მიერ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები 5 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს.

დეზინფორმაცია N1:  ლუგარის ლაბორატორია EcoHealth Alliance-თან კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობდა; COVID-19-მა ლუგარის ცენტრიდან “გაჟონა,” ვინაიდან ლაბორატორიაში 2017 წლიდან ღამურებისა და კორონავირუსების შესახებ პროექტი მუშაობს.

რუსული იუთუბ არხი Military Arsenal ვიდეოში კოვიდ-19-ის წარმოშობას ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს და მტკიცებულებად Arms Watch-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტები მოჰყავს. ამავე წყაროს ეყრდნობა რუსული გამოცემა Svpessa.ru, რომლის მასალა შემდგომ გამოცემა საქართველო და მსოფლიო-ს აქვს გამოქვეყნებული. Arms Watch-ზე ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას სტატია წარმოადგენს ლაშა მოდებაძის პოსტების წყაროსაც, ხოლო ბექა ვარდოსანიძეს პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტები ჰყავს საკუთარ პოსტებში მოყვანილი. Arms Watch-ის მასალებში, რომელზე დაყრდნობითაც ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიას კავშირი აქვს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან, საუბარია ლუგარის ლაბორატორიასა და EcoHealth Alliance-ის თანამშრომლობაზე და ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე მიმდინარე კვლევებზე. მტკიცებები ლუგარის ლაბორატორიის კოვიდის შექმნაში მონაწილეობაზე დილიანა გაიტანჯიევას 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ სტატიებს ეფუძნება. 2020 წლის 30 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში გაიტანჯიევას მოყვანილი ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ღია წყაროებში ხელმისაწვდომი არ იყო. დოკუმენტებში საუბარი იყო ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებში ზოონიური პათოგენების შესწავლის პროექტზე. ამ და ამავე წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიებში საუბარი იყო ლუგარის ლაბორატორიასა და EcoHealth Alliance-თან თანამშრომლობის შესახებ, რაზეც ყურადღება უკანასკნელ პერიოდში მას შემდეგ გაამახვილეს, რაც EcoHealth Alliance-ის ვუჰანის ლაბორატორიასთან თანამშრომლობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდა. როგორც გაიტანჯიევას სტატიაში, ასევე იუთუბ ვიდეოში, ონლაინ გამოცემებსა და ფეისბუქ პოსტებში ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კოვიდ-19-ის გავრცელებას მანიპულაციურად უკავშირებენ.

"
რეალურად, დოკუმენტები ასახავდა პროექტს, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრის (ISTC) და საქართველოსა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანამშრომლობით ხორციელდებოდა და ღამურებში ზოონური პათოგენების შესწავლას გულისხმობდა. თავად პროექტი გასაიდუმლოებული არ ყოფილა და მის შესახებ ინფორმაცია როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ISTC-ს ანგარიშებში გამოქვეყნდა. რაც შეეხება კონფიდენციალურ დოკუმეტებს, რომლებიც გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა, ის  თანამშრომლების ხელფასს და პირად ინფორმაციას შეიცავდა, რაც პერსონალური მონაცემებია და საჯარო არ ყოფილა. ეს დოკუმენტი კი კორონავირუსის შექმნის არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან მეცნიერების მიერ კვლევის ჩატარებაში ანაზღაურების მიღების ფაქტს ადასტურებს. თავად კვლევის შედეგები ღამურებში ზოონური დაავადებების შესახებ კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი სპეციალისტისა და ვირუსოლოგის, ლელა ურუშაძის სადისერტაციო ნაშრომშია მოცემული. აღნიშნული კვლევა 2012 და 2014 წლებში ჩატარდა. მსგავსი კვლევები ღამურებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში, მათ შორის რუსეთშიც ხორციელდება.

რაც შეეხება EcoHealth Alliance-ს და მათ თანამშრომლობას ლუგარის ლაბორატორიასთან, EcoHealth Alliance ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ადამიანებისა და ცხოველების ახალი ვირუსული დაავადებებისაგან დაცვაა. ორგანიზაცია პანდემიების თავიდან ასარიდებლად მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კვლევაში მონაწილეობს. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში მათ დასავლეთ აზიაში ღამურების კვლევის პროექტი წამოიწყეს, რომლის მიზანიც რეგიონში ღამურების და მათთან დაკავშირებული კორონავირუსების კვლევა იყო. აღსანიშნავია, რომ ღამურები სხვადასხვა ტიპის კორონავირუსის მატარებლები არიან და  ფაქტი, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებში აღმოჩენილი კორონავირუსების კვლევა მიმდინარეობდა, არ ნიშნავს იმას, რომ კვლევა კონკრეტულად კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსს შეეხებოდა და რაიმე კავშირი აქვს კოვიდ-19-ის პანდემიასთან. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დაავადების გამოწვევა მხოლოდ 7 კორონავირუსს შეუძლია, რომელსაც მეცნიერები Covid-19-ის აღმოჩენამდე, გაცილებით ადრე იკველევდნენ. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონში ღამურების და მათთან დაკავშირებული ვირუსების მრავალფეროვნების შესწავლა წარმოადგენდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგები ღამურების უსაფრთხოდ დაჭერაში და არა-სასიკვდილო სინჯების აღებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მკვლევრების ქსელი, რომლებიც ზოონურ დაავადებებს იკვლევდნენ და ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ჩარჩოს გამოყენებით იმუშავებდნენ ზოონური პათოგენების ადამიანებზე გადაცემის პრევენციისათვის საუკეთესო გზების შემუშავებაზე.

პროექტის აღწერის მიხედვით, მასში ჩართული იყვნენ ლუგარის ცენტრის მკვლევრები, დოქტორები ქეთი სიდამონიძე, ლელა ურუშაძე და მათი გუნდი. კვლევა სტანდატრების და ბიოუსაფრთხოების მკაცრი დაცვით ჩატარდა. ქართველი მეცნიერების ჯგუფმა სპეციალური მომზადება გაიარა ბიოუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებში.

შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მტკიცება, რომ შესაძლოა კოვიდ-19 ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილიყო და EcoHealth Alliance-ის ვუჰანის ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევის საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირება მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება.

დეზინფორმაცია და მანიპულაციური ცნობები ლუგარის ცენტრში ღამურებზე მიმდინარე კვლევაზე და კოვიდ-19-ის გავრცელებასთან მის კავშირზე 2020 წლიდან ვრცელდება. ლუგარის ლაბორატორიასა და კრონავრუსთან კავშირის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებზე მეტი ინფორმციისათვის იხილეთ მითების დეტეტორის მასალები:

EcoHealth Alliance-ასთან მიმართებით ბრალდებები ვუჰანის ლაბორატორიაში ვირუსის გამდიდრებაზე ჩატარებულ კვლევებსაც უკავშირდებოდა, რაც მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ბრალდებაა. ვრცლად იხილეთ:
რას იკვლევდა EcoHealth Alliance ვუჰანში და აქვს თუ არა კავშირი Covid-19-ის გავრცელებასთან?

დეზინფორმაცია N2: საქართველოში ახალი ლაბორატორია VSL-2 აშენდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს

Military Arsenal-ის ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში იგეგმება ახალი ლაბორატორიის VSL-2-ის  აშენება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. ამავე ინფორმაციას იმეორებენ Svpessa.ru და მასზე დაყრდნობით საქართველო და მსოფლიო. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის წყაროს კვლავ Arms Watch წარმოადგენს.

Arms Watch-ზე დილიანა გაიტანჯიევას ავტორობით 2020 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მან ლუგარის ცენტრიდან გაჟონილი ელექტრონული წერილები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, აშშ გეგმავს საქართველო ბიოლოგიური კვლევებისათვის უდიდეს ოკეანისგაღმა ცენტრად აქციოს და ამისათვის ახალი ლაბორატორიის აშენება იგეგმება. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსულ იუთუბ ვიდეოში და ასევე ინტერნეტ გამოცემებში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალ ლაბორატორიაზე კონტროლი არ ექნება. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამდე, 2020 წლის სექტემბერში ლუგარის ლაბორატორიაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც ლაბორატორიიდან გაჟონილ დოკუმენტებს გაიტანჯიევასთან ერტად ლაშა მოდებაძის ყალბი ანგარიშიც აზიარებდა.

ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი სამხედრო ექიმებისა და CDC–ის წამყვანი სპეციალისტების 16-კაციანი ბრიგადისათვის საქართველოში ახალი ლაბორატორიის აშენება იგეგმება, რომელიც საქართველოს იურისდიქციას არ დაქევემდებარება, დეზინფორმაციაა. ლუგარის ლაბორატორიის მიმდებარედ ახალი ლაბორატორიის აშენება ნამდვილად იგეგმება, თუმცა მისი აშენება არა ამერიკელი ექსპერტების მოსათავსებლად, არამედ ლაბორატორიის საქმიანობის გაფართოებიდან გამომდინარე გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ მოცემული ლაბორატორია, ისევე როგორც თავად ლუგარის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაქვემდებარებაში იქნება.

მითების დეტექტორი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრში განმარტეს, რომ წლების განმავლობაში ლაბორატორიაში განხორციელებული საქმინაობების (B და C ჰეპატიტები, უსაფრთხო სისხლის პროგრამა, COVID-19-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვ.) მასშტაებების ზრდის შესაბამისად, არსებული (BSL-2) სივრცე საკმარისი აღარ არის. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი, იმავე ტიპის ლაბორატორიის აშენება, რომელსაც სტაბნდარტულად დაავადებათა კონტროლის ცენტრი განკარგავს.

დეზინფორმაცია N3: ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტში ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ და გაურკვეველ ვითარებაში ტულარემიით დაინფიცირდნენ

Military Arsenal-ის ვიდეოში, ისევე, როგორც საქართველო და მსოფლიოს და მისი სტატიის წყაროს, Svpessa.ru-ს მასალებში ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც ქართველი სამხედროები მონაწილეობდნენ და გაურკვეველ ვითარებაში ტულარემიით დაინფიცირდნენ. ინფორმაციის წყაროს კვლავ Arms Watch-ში გამოქვეყნებული დილიანა გაიტანჯიევას მასალა წარმოადგენს.

Arms Watch-ზე 2020 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალაში გაიტანჯიევა წერს, რომ სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სამხედროებზე ტულარემიის კვლევითი ექსპერიმენტები ტარდებოდა და მასში ახსნილი არაა, როგორ დაემართათ ჯარისკაცებს ტულარემია და რატომ მონაწილეობდნენ ისინი პროექტში.

მტკიცება, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევის შემდგომ, ჯარისკაცები გაურკვეველ ვითარებაში ტულარემიით დაინფიცირდნენ, დეზინფორმაციაა. ინფორმაციის გადასამოწმებლად მითების დეტექტორი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრში განმარტეს, რომ 2013-2016 წლებში ლაბორატორიაში ხორციელდებოდა აშშ-ს თავდაცვის საფრთხოს შემცირების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “GG-19 – ტულარემიის ეპიდემილოგია და ეკოლოგია საქართველოში,” რომელიც არა ადამიანების დასნებოვნებას, არამედ ტულარემიის ეპიდემიოლოგიის შესწავლას, დაავადების გამომწვევისა და გავრცელების არეალის დადგენასა  (მღრღნელებში, ტკიპებსა და რწყილებში) და ქვეყანაში მოცირკულირე შტამების გენეტიკური დახასიათებას ისახავდა მიზნად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევაში ნამდვილად მონაწილეობდა 500-მდე წვევამდელი სამხედრო, თუმცა მათი მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და ისინი არა ექსპერიმენტულ, არამედ სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ჯანმრთელი ადამიანების საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდნენ. კვლევის ფარგლებში საკონტროლო ჯგუფისგან მოხდა მხოლოდ სისხლის ნიმუშების აღება და მათი სეროლოგიური მეთოდებით შესწავლა. შესაბამისად, საკონტროლო ჯგუფი ტუალრემიით ვერ დაინფიცირდებოდა.

დეზინფორმაცია N4: ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების დამზადება მიმდინარეობს, რომლის გამოცდის ფარგლებშიც ადამიანები გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ

C ჰეპატიტთან დაკავშირებული დეზინფორმაციები ქართულ და რუსულ მედიაში 2018 წლიდან ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმი იგორ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობაზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება, რომელთა გამოც არაერთი ადამიანი გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტული პრეპარატის წარმოება ხდება, რომელიც 80 000 დოლარი ღირს, ქართველი მოსახლეობისათვის კი უფასოა. სხვადსხვა დროს მოცემულ ინფორმაციას ავრცელდებდნენ 1 каналРоссия-24РЕН ТВ“Звезда” НТВ , სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვანმა ვებ-გვერდი და ქართულენოვანი  საქინფორმი.

მოცემული ბრალდება დეზინფორმაციაა, რადგან ლუგარის ლაბორატორია  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში მონაწილეობს და არა უშუალოდ მკურნალობის პროცესში.

ვრცლად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა და ამ პროცესში ლუგარის ლაბორატორიის როლის შესახებ, იხილეთ სტატიები:

დეზინფორმაცია N5: პენტაგონის ლაბორატორიიდან გამოჟონილი მონაცემების მიხედვით, ლუგარში ადამიანებზე ექსპერიმენებს ატარებენ და ბილიოგიური იარაღის შექმნას ცდილობენ

მტკიცება, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის წარმოებისათვის გამოუიყენება დეზინფორმაციაა. მსგავსი ტიპის ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერებულა როგორც ქართველი პრო-რუსული აქტორების, აგრეთვე თავად რუსეთის მხრიდანაც. მაგალითისათვის, 2020 წლის 26 მაისს რუსეთის მთავრობამ ლუგარის ცენტრს ბიოლოგირი იარაღის წარმოებაში და ამით ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაში დასდო ბრალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 27 მაისის განცხადებით, ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის შესაძლებლობა უარყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუგარის ცენტრი დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციების დაქვემდებარებაშია და ნებისმიერ კვლევას და საქმიანობას საქართველოს შესაბამისი უწყებები უწევენ კოორდინაციას.

მნიშვენლოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ გავრცელებული კონსპირაციები დეტალურად იხილეთ შემდეგ მასალებში:

წყაროების შესახებ

თუ წინა წლებში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი TV Zvezda-სთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა, კრემლისტური მედია “საქართველო და მსოფლიო” და ყალბი ფეისბუკ ანგარიში ლაშა მოდებაძე იყვნენ ჩართული, ბოლო დროს ამ მიმართულებით ლევან ვასაძის პარტია “ერთან” დაკავშირებული ბლოგერი ბექა ვარდასანიძეც გააქტიურდა. ასევე გამოჩნდნენ ახალი რუსული წყაროები (Military Arsenal, „Свободная пресса“), რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაზე გაიტანჯიევას ვერსიას იმეორებენ.

Military Arsenal

რუსულენოვანი YouTube არხი Military Arsenal 2018 წლის 29 ოქტომბერს შეიქმნა. არხის აღწერის მიხედვით, იგი რუსეთში და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და შეიარაღების კუთხით არსებულ სიახლეებს აშუქებს. არხს 570 ათასი გამომწერი ჰყავს და ჯამში 421,109,797 ნახვა აქვს დაგროვებული. არხს აღწერაში Алексей Петров-ის Facebook ანგარიში აქვს მიბმული, რომელიც სავარაუდოდ არხის მოდერატორია.

არხზე ძირითადად ანტიდასავლური ნარატივების შემცველი ვიდეოები ქვეყნდება, აგრეთვე, ხშირად ვრცელდება დეზინფორმაციები საქართველოსა და უკრაინის შესახებ. მაგალითისათვის, 2021 წლის 17 ოქტომბერს, არხმა გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი სათაურით: „სასწრადოდ! საქართველო და უკრაინა რუსულ ყირიმში საბოტაჟს აწყობენ.“ მასალა ამტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნატო-ს სასწავლო ბაზაზე ქართველი და უკაინელი ჯარისკაცების ამ მიზნისათვის გადამზადება მიმდინარეობს.

"

Svpessa.ru

„Свободная пресса“ რუსულენოვანი ონლიან მედიასაშუალებაა, რომელიც 2008 წლის 1 ნეომბრიდან ოპერირებს. საიტზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა ტიპის სიახლეები, ბლოგები და ექსპერტთა მოსაზრებები პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ თემებზე. გამოცემას სარედაქციო საბჭოსთან ერთად, სხვა დამოუკიდებელი კონტრიბუტორი ჰქავს. „Свободная пресса“-ს კოლუმნისტებს შორის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი და მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი არიან.

"

Arms Watch

ვებ-გვერდი Arms Watch დილიანა გაიტანჯიევას მიერაა დაფუძნებული. Whois Lookup-ის მიხედვით, გვერდის რეგისტრაციის ქვეყნად ბულგარეთია მითითებული, დროდ კი 2019 წლის 27 მარტი. გვერდი საგამოძიებო ჟურნალისტიკას ეძღვნება და აქვეყნებს კონსპირაციულ მასალებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა შეიარაღება, შეიარაღებული კონფლიქტები, თავდაცვა და უსაფრთხოება.

გვერდის მისიაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტმა ვებ-გვერდის შექმნა შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში სახელმწიფო ლიდერებისა და იარაღით მოვაჭრეებს შორის გაფორმებული საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩაგდების შემდეგ გადაწყვიტა.

ვებ-გვერდზე პირველი პოსტი 2019 წლის 14 ივნისაა გამოქვეყნებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიების აბსოლუტური უმრავლესობა თავად დილიანა გაიტანჯიევას მიერაა მომზადებული.

Arms Watch-ს აქვს საკუთარი FacebookInstagram და Twitter გვერდები, სადაც გვერდზე განთავსებული მასალები რეგულარულად ზიარდება. ანგარიშებზე ასევე ზიარდება თავად გაიტანჯევას პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ   ანგარიშებს თავად დილიანა გაიტანჯიევა მართავს.

"

დილიანა გაიტანჯიევას პროფილი ვრცლად იხილეთ აქ.
“საქართველო და მსოფლიოს” პროფილი ვრცლად იხილეთ აქ

ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე

ბექა ვარდოსანიძე ლევან ვასაძესთან და მის პარტია “ერთან” დაკავშირებული ბლოგერია, რომელიც ხშირად აზიარებს დეზინფორმაციას კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ვარდოსანიძე აქტიურად აშუქებს ანტივაქსერების მიერ გამართულ აქციებსაც. “მითების დეტექტორს” მიეს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია:

ფეისბუქ ანგარიში ლაშა მოდებაძე

ლაშა მოდებაძე სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია, რომლის პროფილზეც პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ მოიპოვება. ანგარიში ხშირად ავრცელებს შეთქმულების თეორიებს მსოფლიო ელიტების მმართველობის და სხვა კონსპირაციები შესახებ, ასევე დეზინფორმაციას კორონავირუსზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ლაშა მოდებაძე წარსულშიც აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

გაი
გაიტანჯიევა დილიანა

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist