სთხოვა თუ არა ზელენსკიმ დუდას 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების პოლონეთიდან დეპორტაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

142
VIEWS

11 ივლისს კრემლისტური მედიის – ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” სტუმარმა,  „კონსერვატიული მოძრაობის“ ხაშურის ოფისის ხელმძღვანელმა –  გიორგი კიკნაძემ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი სამხედრო დანაკარგები აქვს, ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს ხალხის მობილიზებას და მათ ქუჩაში დასდევენ, რათა ჯარში წაიყვანონ. კიკნაძე ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს – ანჯეი დუდას მიმართა, რომ პოლონეთში მყოფ 18-60 წლამდე უკრაინელების დეპორტაცია დაიწყონ.

გიორგი კიკნაძე: “ჯერ ცოცხალ ძალაზე ვიძახი, 80% განადგურებულია, ამ 80%-დან 60% გარდაცვლილია, აქ არის 100 000 ადამიანის გარდაცვალებაზე… ხედავთ თქვენ, რომ კი არ აჩვენებენ ეს მეინსტრიმული, ლიბერალური მედიები, მაგრამ ჩვენს ტელეგრამ არხებზე – ალტ ინფოს არხებზე რომ იდება რუსული და უკრაინული ვიდეომასალები, ხო ხედავთ, რომ ქუჩაში დასდევენ ხალხს, რომ წაიყვანონ ჯარში. ვიღაცა ზღვაში ხტება, რომ ჩაყვინთოს და დაემალოს. (Xanax) აგერ ზელენსკიმ მიმართა დუდას და დეპორტი გაუკეთეთ პოლონეთში თუ არის 18-იდან 60-წლამდე, პარალელურად იძახიან, რომ ყველა ქალი, 18-60 წლამდე ვინც არის, უნდა ჩართონ.”

Screenshot 20 სთხოვა თუ არა ზელენსკიმ დუდას 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების პოლონეთიდან დეპორტაცია?

მტკიცება, თითქოს ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პოლონეთში მყოფი  18 დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების პოლონეთიდან დეპორტი სთხოვა, დეზინფორმაციაა. მსგავსი ინფორმაცია არც ზელენსკის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში და არც სხვა სანდო ღია წყაროებში არ იძებნება. რუსულ მედიებში ადრე ანალოგიური, ყალბი მტკიცება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის – დმიტრო კულებასა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – ზბიგნევ რაუს კომუნიკაციაზე ვრცელდებოდა. აღნიშნული მტკიცება პოლონეთის უსაფრთხოების სამთავრობო ცენტრმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე უარყო.  

გარდა ამისა, მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს უკრაინაში 18-60 წლამდე ყველა ქალი ომში უნდა ჩართონ. 1 ოქტომბრიდან უკრაინაში გარკვეული პროფესიის ქალები სამხედრო სამსახურში უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა, საომარი მდგომარეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების დროს ისინი მონაწილეობას მხოლოდ ნებაყოფლობით მიიღებენ.

ღია სანდო წყაროებში არსად იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ დუდას 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების პოლონეთიდან დეპორტი სთხოვა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ,19 მარტს პრეზიდენტ ზელენსკიმ განკარულება გასცა, რომლის მიხედვით უკრაინიდან 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცებს ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. დოკუმენტის მიხედვით, ეს კანონი არ ეხებათ მათ, ვინც ქვეყანას სამუდამოდ ტოვებს (უნდა იყოს დოკუმენტურად დამტკიცებული), სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად არის მიჩნეული;  მათ, ვისაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები; სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი; არიან მარტოხელა მშობლები და ზრდიან არასრულწლოვან შვილს.

რაც შეეხება ქვეყანაში დაბრუნების სავარაუდო ვალდებულებას, 2022 წლის აპრილში უკრაინაში განიხილეს კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი კაცების ქვეყანაში დაბრუნების რეგულირებას ეხებოდა. იგი ითვალისწინებდა  თავისუფლების აღკვეთას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (10 წლით თავისუფლების აღკვეთა). ამ კანონით დაზარალებულებს ქვეყანაში დასაბრუნებლად 15 დღე ექნებოდათ. ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ მაშინ განაცხადა, რომ მისი პარტია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს მათ უზარმაზარი ფინანსური დახმარება ქვეყნის გარეთ მომუშავე კაცებისგან მიიღეს. 

10 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა – ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, ამისთვის უკრაინა მილიონობით სამხედრო ძალას აგროვებს. 

„ჩვენ გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად  აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი გვეტყვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ა, ბ, გ… ეს ჩემი საქმეა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის ინტერვიუში, რომელშიც ის ზელენსკის უახლეს ბრძანებაზე საუბრობს, არსად არის აღნიშნული, რომ მან პოლონეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ლიდერს 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების დეპორტი სთხოვა, აღნიშნულია, რომ პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ივნისში, რუსულ მედიებსა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, იდენტური თხოვნა (18-დან 60 წლამდე ასაკის კაცების პოლონეთიდან დეპორტი) უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრო კულებამ პოლონელ კოლეგას – ზბიგნევ რაუს გაუგზავნა. ინფორმაციას თან პოლონურ ენაზე დაწერილი დოკუმენტი ახლდა. აღნიშნული მტკიცება პოლონეთის უსაფრთხოების სამთავრობო ცენტრმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე უარყო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაცია პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – დემაგოგმაც გადაამოწმა. 

Screenshot 21 სთხოვა თუ არა ზელენსკიმ დუდას 18-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელების პოლონეთიდან დეპორტაცია?
წყარო: პოლონეთის უსაფრთხოების სამთავრობო ცენტრი

რაც შეეხება ქალი უკრაინელების ჯარში გაწვევას, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანის ინფორმაციით,1 ოქტომბრიდან უკრაინაში გარკვეული პროფესიის ქალები, რომელთა პროფესიებიც დაკავშირებულია შესაბამის სამხედრო სპეციალობებთან სამხედრო სამსახურში უნდა დარეგისტრირდნენ. თუმცა, საომარი მდგომარეობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების დროს ისინი მონაწილეობას მხოლოდ ნებაყოფლობით მიიღებენ. სტატიის მიხედვით, სამხედრო რეგისტრაცია არ არის იგივე, რაც გაწვევა, არამედ, ნიშნავს, რომ ქალი ხდება სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელი და რეზერვში იმყოფება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist