რას (არ) ამტკიცებს Project Veritas-ის დოკუმენტები ივერმექტინის, პლაქვენილისა და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

188
VIEWS

2022 წლის 12 იანვარს ანტივაქსერმა აქტივისტმა ზვიად გოგიაშვილმა და ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნეს პოსტები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკული ულტრამემარჯვენე პლატფორმის Project Veritas-ის მიერ გასაჯაროებული სამხედრო დოკუმენტები ადასტურებს, რომ პრეპარატი ივერმექტინი კორონავირუსისგან განკურნების მაღალეფექტიანი საშუალებაა, თუმცა ამერიკის მთავრობა და ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ ინფორმაციას 2020 წლის აპრილიდან საიდუმლოდ ინახავენ. ამასთანავე, ზვიად გოგიაშვილის პოსტში კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად მალარიის საწინააღმდეგო წამალი პლაქვენილიცაა დასახელებული. გოგიაშვილის და ვარდოსანიძის პოსტებს თან ახლავს Project Veritas-ის გამოქვეყნებული დოკუმენტების ერთ-ერთი ფრაგმენტის ფოტოც ივერმექტინის ეფექტიანობის შესახებ. 

Screenshot 7 რას (არ) ამტკიცებს Project Veritas-ის დოკუმენტები ივერმექტინის, პლაქვენილისა და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?

Project Veritas-ზე დაყრდნობით 2022 წლის 12 იანვარს პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა Goria Shiva-მაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასაჯაროებული სამხედრო დოკუმენტები ენტონი ფაუჩის დანაშაულებს ადასტურებს და ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს სამხედრო ტრიბუნალი ელოდება. 

Screenshot 5 1 რას (არ) ამტკიცებს Project Veritas-ის დოკუმენტები ივერმექტინის, პლაქვენილისა და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?

მტკიცება, თითქოს ივერმექტინი და ჰიდროქსილქლოროქვინი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ეფექტიანი საშუალებებია, სიმართლეს არ შეესაბამება. Project Veritas-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ივერმექტინიც და პლაქვენილიც COVID-19-ის შესაძლო მკურნალობის საშუალებებადაა დასახელებული, თუმცა ეს არა რომელიმე სამეცნიერო ან სამთავრობო ორგანოს დასკვნა, არამედ კერძო პირის მოსაზრებებია, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები და პრეპარატების ეფექტიანობის მაჩვენებელი მონაცემები დოკუმენტში არ გვხვდება. Project Veritas-ის დოკუმენტები ახალი კორონავირუსის შექმნაში ენტონი ფაუჩის და ამერიკის სახელმწიფო ორგანოების ჩართულობას არ ადასტურებს.

2022 წლის 10 იანვარს ამერიკელი ულტრა-მემარჯვენე აქტივისტების პლატფორმამ Project Veritas-მა კორონავირუსის წარმომავლობისა და დაავადების მკურნალობის მეთოდების შესახებ “ამერიკის თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოს” (DARPA) “გადამალული” დოკუმენტები გამოაქვეყნა. როგორც პლატფორმა ამტკიცებს, მათ მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამერიკის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი მედიკამენტების და ვირუსის წინააღმდეგ რნმ ვაქცინების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ინფორმაცია დამალა, ხოლო ენტონი ფაუჩიმ EcoHealth Alliance-ისა და ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ ახალი კორონავირუსის შექმნა დააფინანსა. 

Project Veritas-ის გამოქვეყნებული 24 გვერდიან pdf დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება. დოკუმენტის პირველ ნაწილში მოცემულია აშშ-ს საზღვაო ძალების მაიორის ჯოზეფ მარფის მიერ “თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოსთვის” 2021 წლის 23 აგვისტოს გაგზავნილი ანგარიში. მარფი წერს, რომ მან გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაცნობისა და პირადი დაკვირვებების საფუძველზე დაასკვნა, რომ კორონავირუსი ამერიკის მთავრობის მინაწილეობით შეიქმნა, ხოლო COVID-19-ის მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალება დაავადების ადრეულ ეტაპზე ივერმექტინითა და პლაქვენილით მკურნალობაა. მარფის ანგარიშს EcoHealth Alliance-ის მიერ “თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოსთვის”  2018 წელს წარდგენილი განაცხადი მოსდევს, რომელიც სააგენტოს ღამურებში კორონავირუსებზე კვლევების ჩატარებისთვის დაფინანსებას სთხოვდა და რომელიც, როგორც ჯოზეფ მარფი წერს, სააგენტომ არ დააფინანსა, რადგან განაცხადში კვლევის ჩატარების რისკები სათანადოდ არ იყო შეფასებული. 

  • არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ივერმექტინი და ჰიდროქსილქლოროქვინი კორონავირუსის  ინფიცირებულთა მკურნალობის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებებია

რეალურად, კორონავირუსის სამკურნალოდ ივერმექტინისა და პლაქვენილის ეფექტიანობის შესახებ Project Veritas-ის ფაილში მხოლოდ ერთი აბზაცი გვხვდება, თუმცა აღნიშნული აბზაცი მაიორ ჯოზეფ მარფის პირად მოსაზრებას წარმოადგენს. მარფს ივერმექტინისა და პლაქვენილის COVID-19-ის საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები არ მოჰყავს, იგი არც რაიმე სამეცნიერო კვლევას ან მონაცემებს (თუნდაც გასაიდუმლოებულს) არ ასახელებს, რომლებიც აღნიშნული პრეპარატების ეფექტიანობას ადასტურებს. Project Veritas-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებიდან არ ჩანს, რომ რომელიმე ოფიციალური ორგანო ამ მედიკამენტების ეფექტიანობის შესახებ ისეთ ინფორმაციას ფლობს, რაც ფართო საზოგადოებისგან გასაიდუმლოებულია. 

Screenshot 6 რას (არ) ამტკიცებს Project Veritas-ის დოკუმენტები ივერმექტინის, პლაქვენილისა და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ?

ანტიპარაზიტული პრეპარატი ივერმექტინი უკვე წლებია, რაც ადამიანებსა და ცხოველებში პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ივერმექტინის მაღალი დოზით ცხენებს, ხოლო შედარებით დაბალი დოზით ადამიანებში განვითარებულ ზოგიერთ პათოლოგიას მკურნალობენ, თუმცა არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ პრეპარატს COVID-19-ის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო, ასევე წამლის ევროპული სააგენტო, კორონავირუსით ინფიცირებულებს 2021 წლის მარტიდან აფრთხილებენ, რომ ივერმექტინი ვირუსის მკურნალობისათვის არ გამოიყენონ, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულებში პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. ივერმექტინის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. (Ultram) ვრცლად იხილეთ: 

ივერმექტინის მსგავსად, სამეცნიერო კონსენსუსი არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის წამლის ჰიდროქსილქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის, გამოყენების შესახებაც. არ არსებობს ვალიდური მეცნიერული მტკიცებულებები, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი საშუალებაა. არაერთი კლინიკური კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ მედიკამენტს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ აქვს. პლაქვენილთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

2021 წლის 27 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად გამოძიება დაიწყო, რადგან ამერიკის დაზვერვის ცნობით, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ვირუსის ვუჰანის “ლაბორატორიიდან გაჟონვის” თეორიას ამყარებენ. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საბოლოო კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად კონსერვატორმა დეპუტატმა რენდალ პოლმა ენტონი ფაუჩი არაერთხელ დაადანაშაულა იმ კვლევების დაფინანსებაში, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსის შექმნით დასრულდა.

Project Veritas-ის მიხედვით, 2018 წელს “ამერიკის თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტომ” (DARPA) ღამურებში კორონავირუსის “ფუნქციის გაძლიერების” კვლევების დაფინანსებაზე უარი თქვა. Project Veritas-ის მიხედვით, მოგვიანებით ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში იდენტური კვლევის ჩატარება ფონდ EcoHealth Alliance-ის გავლით “ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრის” ბიუჯეტიდან დააფინანსდა, თუმცა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები გასაჯაროებული დოკუმენტში არ გვხვდება

Project Veritas-ის ბრალდებებს ენტონი ფაუჩი 11 იანვარს სენატში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გასაჯაროებულ დოკუმენტში ნაჩვენებია არა “ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრისთვის”, არამედ  “ამერიკის თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოსთვის” (DARPA) წარდგენილი კვლევითი განაცხადი. ფაუჩის თქმით “ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრს” აღნიშნული განაცხადი არც მიუღია და არც გრანტი გაუცია.

ენტონი ფაუჩის კორონავირუსის წარმოშობისა და პლაქვენილის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ქართველი ფეისბუქ მომხმარებლები ადრეც ადანაშაულებდნენ. ფაუჩის ბრალდებების შესახებ ვრცლად იხილეთ სტატია: 

ბრალდება, რომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance ვუჰანში ვირუსისათვის ფუნქციების გაზრდაზე მუშაობდა და ახალი კორონავირუსის წარმოშობასთან აქვს კავშირი მტკიცებულების გარეშეა. ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალა:

წყაროს შესახებ

Project Veritas ამერიკული ულტრამემარჯვენე აქტივისტთა ჯგუფია, რომელიც ჯეიმს ო’კიფის მიერ 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი ფარული ვიდეოებისა და დამონტაჟებული ვიდეოების საშუალებით ძირითადად მედია ორგანიზაციებისა და პროგრესული ჯგუფების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  Project Veritas ერთგვარ სატყუარებს იყენებს, რათა საკუთარი ვიდეოებითა და ოპერაციებით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები გაავრცელოს. პლატფორმის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist