რა არის Project Veritas და ვინ მანიპულირებს მათი ფარული ჩანაწერებით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.1k
VIEWS

7 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა “ბექა ვარდოსანიძის ბლოგი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვარდოსანიძე Project Veritas-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე საუბრობს. Project Veritas-ის ფარული ჩანაწერების თანახმად,  ფაიზერის თანამშრომლები ბუნებრივი იმუნიტეტის ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტთან უპირატესობაზე საუბრობენ და ასევე აღიარებენ, რომ ვაქცინებში აბორტირებული ნაყოფის უჯრედებია გამოყენებული, რისი დამალვაც კომპანიას სურს.  იდენტური ინფორმაცია ვარდოსანიძის მიერ 6 და 7 ოქტომბერს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებშიც იკითხება.

"

"
ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან:
1. მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით, ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო მეტად იცავს კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტისაგან, კვლევებით დასტურდება, რომ წარსულში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ვაქცინაცია მაინც სჭირდებათ, რადგან იმუნური პასუხი თითოეულ ადამიანში განსხვავებულია, ხოლო კორონავირუსის გადატანის შემდეგ არავაქცინირებულ პირებს ხელახლა დაინფიცირების  2,34-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ.
2. Pfizer-ი პრეკლინიკური გამოცდის ეტაპზე ემბრიონულ უჯრედებს ლაბორატორიული კვლევისთვის იყენებდა, რაც არასდროს ყოფილა საიდუმლო.

2021 წლის აგვისტოში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ იმ ადამიანების მონაცემების შესწავლა, რომლებიც ადრე დაინფიცირებულნი იყვნენ SAR-CoV-2-ით, აჩვენებს, რომ არავაქცინირებულ პირებს ხელახლა დაინფიცირების  2,34-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებიც ვირუსის გადატანის შემდეგ სრულად აიცრნენ.

25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, რომელმაც ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი ერთმანეთს შეადარა. აღნიშნული კვლევით ირკვევა, რომ ინფექციის გადატანის შედეგად შეძენილი ბუნებრივი იმუნიტეტი ვაქცინით უფრო ძლიერდება და კოვიდგადატანილი, ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან რეინფიცირებისგან, ვიდრე არავაქცინირებულები, თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევას ჯერ რეცენზია არ გაუვლია და პრაქტიკაში მისი შედეგებით ხელმძღვანელობა მიზანშეწონილი არ არის. ასევე კვლევა ხაზს უსვამს ვაქცინაციის საჭიროებას და მონაცემების ანალიზით აჩვენებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების ბუნებრივ იმუნიტეტს ვაქცინის ერთი დოზა ამაღლებს და რეინფიცირებისგან უკეთ იცავს. როკფელერის უნივერსიტეტის იმუნოლოგის,  მიშელ ნუსენცვეიგის მიხედვით, იმ ადამიანების იმუნური სისტემა, რომლებიც კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ იღებენ ვაქცინას,  განსაკუთრებულად ძლიერ ანტისხეულებს წარმოქმნიან.

ჯანმოს მთავარი მეცნიერის, დოქტორ სუმია სვამინათანის განმარტებით, წარსულში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს ვაქცინაცია მაინც სჭირდებათ, რადგან იმუნური პასუხი თითოეულ ადამიანში განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსუბუქი იყო მათ მიერ გადატანილი ინფექცია.

სუმია სვამინათანი: “მრავალი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ძალიან მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციის გადატანის შემთხვევაში, ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე გამომუშავდება,  ამიტომ, ჩვენ მაინც გირჩევთ, რომ იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა კორონავირუსი გადატანილი, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რამდენადაც იგი იმუნური სისტემის გაძლიერებას ემსახურება”.

ბუნებრივ იმუნიტეტსა და ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს შორის განსხვავების შესახებ  საუბრისას სვამინათანი აღნიშნავს, რომ იმუნიტეტის ტიპი, რომელიც ინფექციის გადატანის შემდეგ წარმოიქმნება, ინდივიდუალური და რთულად პროგნოზირებადია. ვაქცინებში ანტიგენის დოზა სტანდარტიზებულია, რომელიც მრავალ კლინიკურ კვლევას ემყარება. ეს ყველაფერი იმას  ნიშნავს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია იმუნური პასუხის მიღება ვიწინასწარმეტველოთ, რაც დაავადების გადატანის შემთხვევაში ყოველთვის არ ხდება. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება ინფექციით გამოწვეულ იმუნიტეტსა და ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს შორის.

შეიცავს თუ არა “ფაიზერის” ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს?

Project Veritas-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში Pfizer-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი “ძალიან ცდილობდნენ” არ გაევრცელებინათ ინფორმაცია ნაყოფის უჯრედების შესახებ, COVID-19-ის ვაქცინის ტესტირებისას გამოიყენებოდა: "
მეილში, რომელსაც Project Veritas გაჟონილს უწოდებს,  ნათქვამია, რომ ნაყოფის უჯრედული ხაზი, რომელიც ორიგინალი უჯრედის კლონებისაგან შედგება, მხოლოდ ვაქცინის ტესტირების დროს იყო გამოყენებული, რაც იმას არ ნიშნავს, რომ აბორტირებული ნაყოფის უჯრედები ვაქცინის შემადგენლობაში გვხვდება. ემბრიონის უჯრედული ხაზი HEK-293 ადამიანის აბორტირებული ემბრიონის თირკმლიდან გამოყოფილი ორიგინალი უჯრედის კლონებისაგან შედგება. HEK-293-ის უჯრედები ლაბორატორიულ პირობებში სწრაფი ტემპებით მრავლდებიან (36 საათში ერთხელ) და დიდი რაოდენობით კლონებს ქმნიან, ამიტომაც HEK-293-ზე მიმდინარე კვლევები ახალი აბორტების და სხვა ემბრიონებისაგან უჯრედების მიღებას არ საჭიროებს. ყველა კვლევა, რომელიც HEK-293-ს ეფუძნება, 40 წლის წინ აბორტირებული ერთი ემბრიონის უჯრედულ ხაზზეა დაფუძნებული.

მიუხედავად Project Veritas-ის მტკიცებისა, რომ Pfizer-ს ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ სურდა, ის არასდროს ყოფილა საიდუმლო და ფაქტი, რომ ნაყოფის უჯრედული ხაზები კორონავირუსის ვაქცინების ტესტირებისას გამოიყენებოდა, ვაქცინების პირველად გამოყენებამდე რამდენიმე თვით ადრე,  სულ მცირე 2020 წლის ივლისიდან გახდა საჯარო.

2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელშიც ვაქცინის კვლევები არის აღწერილი, ნათქვამია, რომ ვაქცინა HEK293T უჯრედული ხაზის გამოყენებით იყო ტესტირებული. შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსთა გაერთიანებამ იანვრის დოკუმენტში კორონავირუსის ვაქცინების შესახებ აღნიშნა: ”არც ფაიზერი და არც მოდერნა არ იყენებდნენ აბორტისგან წარმოქმნილ უჯრედულ ხაზს ვაქცინის შემუშავებასა და წარმოებაში. თუმცა, ასეთი უჯრედული ხაზი ამ ვაქცინების  ეფექტიანობის შესამოწმებლად გამოიყენებოდა.”

აღსანიშნავია, რომ შარლოტა ლოზიერის სახელობის აბორტის საწინააღმდეგო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, დევიდ ტრენისიმ, რომელიც ამგვარი უჯრედული ხაზების გამოყენებასთან დაკავშირებით უკიდურესად კრიტიკულია, დაადასტურა, რომ კომპანიამ მოცემული უჯრედული ხაზი მხოლოდ ვაქცინის შესამოწმებლად გამოიყენა.

Pfizer  პრეკლინიკური გამოცდის ეტაპზე ემბრიონულ უჯრედებს ლაბორატორიული კვლევისთვის იყენებდა, რათა  ვაქცინის ადამიანის გენომთან ურთიერთქმედება შეესწავლა. HEK-293-ის ხაზს მეცნიერები წითელას, ყბაყურის, ებოლას, გრიპისა თუ კორონავირუსის ვაქცინების შექმნის პრე-კლინიკურ ეტაპზე იმაზე დასაკვირვებლად იყენებენ, როგორი გავლენა აქვს ვაქცნიას ადამიანის უჯრედებზე და მისი გენომის სტრუქტურაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ადამინის ემბრიონის უჯრედები ვაქცინის საბოლოო ვარიანტის შემადგელობაშიც არის, რამდენადაც წარმოების დაწყებამდე ვაქცინა ყველა ისეთი მინარევისგან იწმენდება, რომელიც მის ძირითად შემადგენლობაში არ შედის.

ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:
“ქვაკუთხედის” რედაქტორის კონსპირაციები დნმ-დან ლუციფერაზამდე;
6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე
რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?

რა არის Project Veritas?

Project Veritass ამერიკული ულტრამემარჯვენე აქტივისტთა ჯგუფია, რომელიც ჯეიმს ო’კიფის მიერ 2010 წელს დაარსდა. ჯგუფი ფარული ვიდეოებისა და დამონტაჟებული ვიდეოების საშუალებით ძირითადად მედია ორგანიზაციებისა და პროგრესული ჯგუფების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.  Project Veritas ერთგვარ სატყუარებს იყენებს, რათა საკუთარი ვიდეოებითა და ოპერაციებით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები გაავრცელოს. „ვიკიპედიაში“ Project Veritas აღწერილია როგორც მიკერძოებული ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერ საქმეებშია ჩართული.

2017 წელს The Atlantic-მა დეტალურად აღწერა Project Veritas-ის მცდელობა, რომ The Washington Post-ს   ყალბი ამბავი გაევრცელებინა. მაშინ ქალი სახელად ჯეიმ ტ. ფილიპსი გაზეთთან აცხადებდა, რომ რესპუბლიკელმა როი მურმა იგი 15 წლის ასაკში გააუპატიურა, შემდეგ კი აბორტისთვის ალაბამადან მისისიპის შტატში გადაიყვანა. გაზეთმა აღნიშნული ამბის გამოძიება დაიწყო და სწრაფად აღმოაჩინა საეჭვო ინფორმაცია, რამაც მათ წყაროს უტყუარობის  ეჭვი აღუძრა, მათ შორის ამ ქალის მიერ GoFundMe-ის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია: „მე ნიუ იორკში გადავდივარ! დავთანხმდი სამსახურს, რომ ვიმუშაო კონსერვატიულ მედიაში ლიბერალურ სიცრუესთან საბრძოლველად.“ The Atlantic იტყობინება, რომ ხსენებული ქალი Project Veritas-ის ოფისში დადიოდა.

Project Veritas ფიქრობდა, რომ The Washington Post არ დაიწყებდა ახალგაზრდა ქალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოძიებას და გამოაქვეყნებდა გაყალბებულ ამბავს, რაც შემდეგ Project Veritas-ს საშუალებას მისცემდა გაზეთი ყალბი ბრალდების გავრცელებაში დაედანაშაულებინა.

აღნიშნული სტატია ციტირებს ო’კიფის მიერ მხარდამჭერებთან გაგზავნილ შეტყობინებას, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისი „გამომძიებელი ჟურნალისტი“ ჩანერგილი იყო გამოცემაში და ამბოდა, რომ „კარგი ამბავია ის, რომ უკვე გვაქვს საჩვენო ისტორია“.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist