რა ვიცით პრეპარატ ივერმექტინზე და რას ედავებიან ჯანმოს ექსპერტს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

492
VIEWS

5 ივლისს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ინდოეთში ჯანმოს ექსპერტი ექიმების წინააღმდეგ სასამართლო დაიწყო. თოფურია აღნიშნავს, რომ ჯანმოს ექსპერტები ინდოეთში კორონავირუსის სამკურნალო წამლის დადებით შედეგებს მალავდნენ, რათა ვაქცინების ლობირება გაეგრძელებინათ. იმავე თემაზე პოსტი ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა კუპრაშვილმაც გამოაქვეყნა, ორივე მათგანს ვებ-გვერდ vaccineimpact.com-ზე გამოქვეყნებული მასალა აქვს გაზიარებული, რომელშიც წერია, რომ ინდოეთში ჯანმოს მეცნიერ სომია სვამინათანს პრეპარატ “ივერმექტინის” შესახებ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში სდებენ ბრალს.

;;

ინფორმაცია, თითქოს ინდოეთში ჯანმოს ექსპერტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, მცდარია. ერთ-ერთმა კერძო იურიდიულმა კომპანიამ მეცნიერ სომია სვამინათანს ბომბეის სასამართლოში ნამდვილად უჩივლა, თუმცა სასამართლოს მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად სვამინათანის წინააღმდეგ არც სასამართლო პროცესი გამართულა. რაც შეეხება პრეპარატ ივერმექტინს, ჯანმოს, FDA-სა და EMA-ს გაფრთხილებების მიხედვით, ის კორონავირუსის სამკურნალოდ არ უნდა გამოიყენონ, რადგან მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.

ინდოეთში ერთ-ერთმა კერძო იურიდიულმა კომპანიამ “ინდოეთის ადვოკატთა ასოციაციამ” (Indian Bar Association)ჯანმოს უფროს მეცნიერ სომია სვამინათანის წინააღმდეგ საჩივარი ბომბეის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა, კომპანია სვამინათანს პრეპარატ ივერმექტინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე (საქმის ნომერი:1216, წელი:2021) ვკითხულობთ, 28 ივნისს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საჩივარზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასამოწმებლად ინდოეთის ფაქტჩეკერი ორგანიზაციის BOOM-ის იურისტს დავუკავშირდით. მან ჩვენთან მიმოწერაში აღნიშნა, რომ “ინდოეთის ადვოკატთა ასოციაციის” მიერ ბომბეის უმაღლეს სასამართლოში 21 მაისს შეტანილი საჩივარი სასამართლომ რამდენიმე სხდომაზე განიხილა და 28 ივნისის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

;;

;
11 მაისს ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვიშვაჯიტ რენიმ განაცხადა, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ ივერმექტინს გამოიყენებდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი კორონავირუსით სიკვდილიანობის შემცირება იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყნის ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით მიიღო, თუმცა დამატებითი დეტალები არ უხსენებია. ამის შემდეგ ჯანმოს უფროსმა მეცნიერმა სომია სვამინათანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჯანმო კლინიკური ცდების მიღმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ ივერმექტინის გამოყენების საწინააღმდეგო გაფრთხილებას იძლევა. მოგვიანებით ინდოეთმა ივერმექტინი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების სიიდან ამოიღო.

ივერმექტინი კორონავირუსის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ ივერმექტინის საწინააღმდეგოდ გაფრთხილება 31 მარტს გამოაქვეყნა, მასში აღნიშნულია, რომ სანამ ივერმექტინის კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებაზე დამატებითი ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი, პრეპარატი მხოლოდ კლინიკური ცდების დროს უნდა გამოიყენონ.

ივერმექტინის გამოყენების საწინააღმდეგო გაფრთხილებები ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომაც (EMA) გამოაქვეყნეს. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს იმისთვის, რომ ივერმექტინი კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ და თუ სწორად დაგეგმილი კლინიკური ცდების გარდა, პრეპარატს კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოიყენებენ, შესაძლოა მან სერიოზული ზიანი გამოიწვიოს.

FDA-ის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ივერმექტინს ადამიანებში COVID-19-ის სამკურნალოდ გამოსაყენებლად FDA-ს ავტორიზაცია არ აქვს. პრეპარატს ავტორიზაცია მხოლოდ ნაწლავის სტრონგილოიდოზისა და ონკოქმიკოზის სამკურნალოდ აქვს, ასევე ივერმექტინის აბები სპეციფიკური დოზებით ცხოველებში პარაზიტების მკურნალობისა და პრევენციისთვის გამოიყენება.

Usa Today-მ გადაამოწმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების შემცირებას ივერმექტინსა და ჰიდროქსიქლოროქვინს უკავშირებდნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაისის დასაწყისში ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა პიკს მიაღწია, თვის მეორე ნახევარში კი ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ შემთხვევების შემცირების ტენდენცია ივერმექტინს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ შემთხვევები უმეტესად საქალაქო დასახლებების ცენტრებში, მაგალითად დელისა და მუმბაიში შემცირდა, ორივე ქალაქში მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ლოკდაუნებია შემოღებული. ამის პარალელურად, ინდოეთის სოფლებში, სადაც სამედიცინო მომსახურების მიწოდების ნაკლები რესურსია, შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდებოდა.

როგორც ნამიბიის ფაქტების გადამამოწმებელი პლატფორმა Namibia Fact Check წერს, ივერმექტინზე 2020 წლის დასაწყისში ჩატარებულ ავსტრალიურ და ამერიკულ კვლევებში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ შეიძლება იქნას გამოყენებული, ხარვეზები აღმოჩნდა, რის შემდეგაც ერთი კვლევა ჟურნალმა თვითონ წაშალა, მეორე კვლევისგან კი სხვა მეცნიერებმა ივერმექტინის პოტენციური ეფექტების დამატებით შესწავლა მოითხოვეს.

ვებ-გვერდ vaccineimpact.com-ის შესახებ

თინა თოფურია და კობა კუპრაშვილი ჯანმოს მეცნიერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ინფორმაციას ვებ-გვერდ vaccineimpact.com-ზე გამოქვეყნებული მასალას აზიარებდნენ. აღნიშნული ვებ-გვერდი ამერიკაშია შექმნილი, ის ხშირად ანტივაქსერულ სტატიებს ამზადებს და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.

;;
წყარო: mediabiasfactcheck.com


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist