აპრილის ბოლოს კანადაში ტყის ხანძრები გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის კვებეკში გაჩენილმა ძლიერმა ხანძრებმა კი აშშ-ის რამდენიმე ქალაქის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის ინტენსიური დაკვამლიანება გამოიწვია.
ამის ფონზე ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები აქვეყნებენ პოსტებს, რომელთა ძირითადი გზავნილებია:
- ხანძრები განზრახ გააჩინეს, რადგან მოსახლეობამ სოფლები დატოვოს და 15-წუთიან ქალაქებში დასახლდნენ;
- ვიდეო ადასტურებს, როგორ უშვებს თვითმფრინავი ტყეში ცეცხლის ნაკადს (1, 2, 3, 4);
- ნიუ-იორკში ჰაერის დაბინძურება კანადის ხანძრებს არ გამოუწვევია (1, 2) (კვებეკიდან ნიუ-იორკამდე 700 კილომეტრია და საეჭვოა, რომ მხოლოდ ნიუ-იორკი დაკვამლიანდა);
- ნიუ-იორკის წითელი სმოგით დაფარვა ამონიუმის ნიტრატის წვამ გამოიწვია, რაც ცოტა ხნის წინ ვაიომინგიდან კალიფორნიის მიმართულებით მიმავალი მატარებლიდან დაკარგული 30 ტონა ამონიუმის ნიტრატს შეიძლება უკავშირდებოდეს (1, 2).
კანადის ხანძრებსა და ნიუ-იორკში დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებით გავრცელებული პოსტები კონსპირაციებს, დეზინფორმაციასა და ვიდეომანიპულაციას შეიცავს: 1. კონსპირაციაა, თითქოს კანადაში ხანძრები განზრახ, ადამიანების 15-წუთიან ქალაქებში დასასახლებლად გააჩინეს, რეალურად, კვებეკში ხანძრის მიზეზი ელვა გახდა; 2. ვიდეო არა ხანძრის განზრახ გაჩენას, არამედ ხანძრის გავრცელების შესაზღუდ ტექნიკას ასახავს; 3. დეზინფორმაციაა, თითქოს ცა კვამლმა მხოლოდ ნიუ-იორკში დაფარა, იგივე მოხდა აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა შტატებშიც; 4. კონსპირაციაა, თითქოს ნიუ-იორკში ჰაერის დაბინძურება და ცის წითლად შეფერვა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია.
-
კონსპირაციაა, თითქოს კანადაში ხანძრები განზრახ გააჩინეს, რათა ადამიანები 15-წუთიან ქალაქებში დაასახლონ
წელს კანადაში ტყის ხანძრების სეზონი შედარებით ადრე, აპრილის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად ხანძრები კოლუმბიისა და ალბერტას პროვინციებში გაჩნდა, ბოლო პერიოდში კი ნოვა სკოტიას, კვებეკისა და ონტარიოს პროვინციებიც მოიცვა. რაც შეეხება მიზეზებს, კვებეკში ხანძრების გამომწვევი მიზეზი ელვა გახდა. ყველა სეზონზე კანადის ხანძრების მთავარი გამომწვევი მიზეზი ელვის გარდა, ადამიანების საქმიანობა ხდება, მაგალითად, უყურადღებოდ დატოვებული კოცონები, სიგარეტის ნამწვები და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალბერტას, ნოვა სკოტიასა და კვებეკის პროვინციებში წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ალბერტას ზოგიერთ ნაწილში გასულ თვეში საშუალო ტემპერატურა ჩვეულებრივ, მაისის ტემპერატურაზე 12 გრადუსით მეტი იყო. ატლანტიკური კანადის რეგიონი თებერვლიდან ძლიერი გვალვებით დაზარალდა. რამდენიმე რეგიონში, მაგალითად ნოვა სკოტიასა და ნიუ-ბრანსუიკში რეკორდულად ყველაზე მშრალი აპრილი დაფიქსირდა.
მასობრივი ტყის ხანძრები კანადისთვის სიახლე არაა, თუმცა კლიმატის ცვლილებასთან ერთად მისი შედეგები უფრო და უფრო სავალალო ხდება. მიუხედავად ამისა, კონსპირაციები ხანძრების განზრახ გაჩენაზე კვლავ აქტიურად ვრცელდება. ამჯერად ხანძრების გაჩენის მიზეზად ადამიანების 15-წუთიან ქალაქებში დასახლებაც დაასახელეს.
15-წუთიანი ქალაქების კონსპირაციის მიხედვით, კონცეფცია მოსახლეობის ტოტალურ კონტროლსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. რეალურად კი, ეს იდეა ქალაქის ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის საჭირო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. იდეა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, კარლოს მორენოს ეკუთვნის და მისი თქმით, მთავარი მიზანი ისაა, რომ ადამიანებს ქალაქის ძირითად დაწესებულებებამდე 15 წუთში ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება შეეძლოთ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- რა არის და რატომ გახდა “15 წუთიანი ქალაქები” კონსპირაციების სამიზნე?
- რა ვიცით “ჭკვიანი ქალაქების” კონცეფციის შესახებ?
-
რას ასახავს ვიდეო, რომელსაც კანადაში ხანძრების განზრახ გაჩენის არგუმენტად იყენებენ?
ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უშვებს თვითმფრინავი ცეცხლის ნაკადს ტყის მიმართულებით, არა სპეციალურად ხანძრის გაჩენას, არამედ ხანძრებთან ბრძოლის ხშირად გამოყენებულ ტექნიკას ასახავს. ვიდეო 1-2 ივნისს კანადის ერთ-ერთ პროვინციაში – ბრიტანეთის კოლუმბიაშია გადაღებული. პროვინციის ტყის ხანძრების სერვისების სპიკერის თქმით, ვიდეოში კონტროლირებადი დაწვის პროცესია ნაჩვენები, ამ ტექნიკის გამოყენების დროს, მეხანძრეები ხანძრის გავრცელების საპირისპიროდ გარკვეულ მონაკვეთს ცეცხლს უკიდებენ, რათა ამ ხელოვნურმა კერამ ხანძრის მოახლოებამდე დაწვას ბუნებრივი ნარჩენები და ხანძარს ე.წ. საწვავი აღარ დაუტოვოს. ეს ტექნიკა ცეცხლის გავრცელებას ზღუდავს და სახანძრო ეკიპაჟების მუშაობას ამარტივებს.
ხანძრების დროს კონტროლირებად დაწვის ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული გზავნილები აქამდეც ხშირად ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:
- ცეცხლის წაკიდება თუ ხანძრების საწინააღმდეგო ტაქტიკა? – რას ასახავს ვიდეო
- ფოტომანიპულაციები, თითქოს ხანძრების გაჩენა ხელოვნურად ხდება
-
რატომ გამოიწვია კანადის ხანძრებმა ნიუ-იორკის დაკვამლიანება და კიდევ რომელი შტატები დაზარალდნენ?
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოიწვია კვებეკში გაჩენილმა ხანძარმა ნიუ-იორკში ჰაერის დაბინძურება მიუხედავად ქალაქებს შორის რამდენიმე ასეულ კილომეტრიანი მანძილისა, ამის მიზეზი ისაა, რომ ქარმა კვამლი ჯერ ოტავასა და ტორონტოში, შემდეგ კი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძირითად დასახლებებში გადაიტანა. შესაბამისად, დეზინფორმაციაა, თითქოს ჰაერის დაბინძურების პრობლემა მხოლოდ ნიუ-იორკს შეექმნა, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მაგალითად მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებშიც.
სტენფორდის მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ 7 ივნისს ერთ ამერიკელს საშუალოდ 27,5 მიკროგრამი/კუბურ მეტრზე კვამლის ნაწილაკების შესუნთქვა მოუწია. ეს მცირე ნაწილაკები სახელად PM2.5 ჭვარტლს, მტვერსა და დამწვარ ნარჩენებს შეიცავს და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
-
არის თუ არა ამონიუმის ნიტრატი ნიუ-იორკის ჰაერის დაბინძურებასთან რამით დაკავშირებული და რატომ მიიღო ნიუ-იორკის ცამ მოწითალო შეფერილობა?
მტკიცება, თითქოს ნიუ-იორკში დაკვამლიანება და ერთგვარი მოწითალო ნისლის წარმოქმნა ამონიუმის ნიტრატის წვამ ან აფეთქებამ გამოიწვია კონსპირაციაა და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
ამონიუმის ნიტრატი უსუნო, უფერო ან თეთრი ფერის კრისტალური მარილია, რომელიც ამიაკისა და აზოტმჟავას რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. ამონიუმის ნიტრატი, იგივე ამონიუმის გვარჯილა (NH4NO3) ძირითადად სასუქად გამოიყენება, მას ასევე იყენებენ სამთო მოპოვებით მრეწველობაში, როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთ დანამატს. ამონიუმის ნიტრატი ჩვეულებრივ მდგომარეობაში საზიანო არ არის, თუმცა ჟანგვის ძლიერი აგენტია და აალებადი მასალებისგან ცეცხლის გაჩენა შეუძლია.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარსულში ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემთხვევებისას მას რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, მაგალითად, 2020 წელს ბეირუთში ამონიუმის ნიტრატის საწყობის აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 7000 დაშავდა, ხოლო 2015 წელს ჩინეთში, ტიანძინის პორტში აფეთქების დროს კი 173 ადამიანი გარდაიცვალა.
შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თუ ნიუ-იორკის ჰაერის დაბინძურება ამონიუმის ნიტრატის დაწვას/აფეთქებას უკავშირდება, მას მხოლოდ დაკვამლიანება გამოეწვია და არა უფრო სავალალო შედეგები.
აპრილში ვაიომინგის შტატიდან კალიფორნიის მიმართულებით სარკინიგზო ტრანზიტის დროს 30 ტონა ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად დაიკარგა, თუმცა ამ ფაქტის ნიუ-იორკის დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირება კონსპირაციაა. კომპანია Dyno Nobel-ის თქმით, ვაიომინგიდან 12 აპრილს ამონიუმის ნიტრატით დატვირთული მატარებელი კალიფორნიისკენ დაიძრა და 2 კვირის შემდეგ, როცა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, აღმოაჩინეს, რომ 30 ტონა ამონიუმის ნიტრატი დაიკარგა. Dyno Nobel-ის თანახმად, ამონიუმის ნიტრატი გრანულების ფორმის იყო და სავარაუდოა, რომ ისინი ნელ-ნელა მთლიანი მარშრუტის განმავლობაში მატარებლიდან ლიანდაგებზე ცვიოდა, რის შედეგადაც მარშრუტის ბოლოს 3 ვაგონიდან ერთი ცარიელი იყო. კომპანიის სპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაგონიდან ამონიუმის ნიტრატი ვინმემ განზრახ აიღო.
30 ტონა ამონიუმის ნიტრატის გაუჩინარების საკითზე გამოძიება მიმდინარეობს.
რაც შეეხება კანადის ხანძრების შედეგად დაკვამლიანებულ ქალაქებში ცის მოწითალო-მონარინჯისფრო შეფერილობას, როგორც CNN ხნის, კვამლმა ცა ნარისნჯისფერი იმავე მიზეზით გახადა, რა მიზეზითაც სუფთა ჰაერი ცას ლურჯ/ცისფერ შეფერილობას ანიჭებს. სხვადასხვა ფერს სხვადასხვა სიგრძის ტალღა გააჩნია, კვამლი კი ისეთ ფერებს ბლოკავს, რომლებსაც უფრო მოკლე ტალღები აქვთ (ლურჯი, ყვითელი, მწვანე) და გრძელი ტალღების მქონე ფერებს ტოვებს (წითელი და ნარინჯისფერი).
აღსანიშნავია, რომ ხანძრებისგან გამოწვეული დაკვამლიანების შემდეგ ცის განარინჯისფერება სიახლე არ არის. მაგალითად, 2020 წელს კალიფორნიას ხანძრების შემდეგ სან ფრანცისკოს ნიუ-იორკის მსგავსი ნარინჯისფერი ვიზუალი ჰქონდა.
იმ ფეისბუქ ანგარიშების ნაწილს, რომლებმაც კანადის ხანძრებზე პოსტები გამოაქვეყნეს, წარსულში დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:
ბოლო ჟამის ქრისტიანები:
- ბოლო ჟამის ქრისტიანები “ჰორუსის თვალზე” კონსპირაციას ავრცელებს
- “აშკენაცი ხაზარი კაბალისტი” ებრაელების მასობრივი ემიგრაცია უკრაინაში თუ ყოველწლიური ტრადიცია – რას ასახავს ვიდეო?
Nozadze Mishka:
- სატანისტური რიტუალი თუ ძველი უკრაინული სიმღერა ცისა და მიწის გაჩენის შესახებ?
- რატომ შეუჩერა გაზპრომმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?
მალხაზ ხაბაზი:
- რა წერია POLITICO-ს სტატიაში უკრაინის კონტრშეტევასა და ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციაზე?
- ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?
შორე შანიძე:
- ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ეგზემის გაუარესება გამოიწვია
- ავტორიზებულია თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი პაქსლოვიდი?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.