რა ვიცით “ჭკვიანი ქალაქების” კონცეფციის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

139
VIEWS

13 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ავსტრალიის “ჭკვიანი ქალაქების” დღის წესრიგის შესახებ ინგლისურენოვანი ჩამონათვალი მის ქართულ თარგმანთან ერთად გაავრცელა. ტექსტის მიხედვით, “ჭკვიანი ქალაქები” ისეთ შეზღუდვებს გულისხმობს, როგორებიცაა ნებართვის გარეშე მგზავრობის 20 წუთიანი ლიმიტი, რეალურ დროში მონაცემთა მონიტორინგი, მდინარის პირას დაბანაკებისა და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასეირნების აკრძალვა. ასევე, პოსტის მიხედვით, მოქალაქეები ვეღარ აირჩევენ რომელ ექიმთან მივიდნენ და რომელ სკოლაში ატარონ შვილები, ასევე, ციფრული ID მათ ყოველდღიურ აქტივობებსა და ნახშირბადის კვალს მონიტორინგს გაუწევს და მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს ყოველდღიური საქმიანობა შეეზღუდება. პოსტში მოცემულია ”მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” (WEF) საიტის მისამართიც.

“ჭკვიანი ქალაქების” შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ეს ინიციატივა მოქალაქეებისთვის მეტად მოსახერხებელი ქალაქის შექმნას ემსახურება და გადაადგილების აკრძალვასა და არჩევანის უფლების წართმევას არ გულისხმობს. 

“ჭკვიანი ქალაქის” კონცეფციის საერთო, შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. ეს არის ურბანული ტიპის დასახლება, რომელშიც ტრადიციული სერვისები და სისტემები ელექტრონული ტექნოლოგიის დახმარებით მეტად ეფექტურად ფუნქციონირებენ. აქ იგულისხმება რესურსების უკეთესი გადანაწილება, გამონაბოლქვის შემცირება და წყლის, სატრანსპორტო და ნარჩენების გადამუშავების სისტემების გაუმჯობესება, ასევე შენობების გათბობისა და განათების ეფექტური გზების ძიება

კონცეფცია ახალი არაა, მისი ადრეული მოდელი გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოიცადა, როდესაც “აშშ-ის საზოგადოების ანალიზის ბიურომ” მონაცემთა ბაზების, აერო ფოტოგრაფიისა და კლასტერული ანალიზის გამოყენება მონაცემთა შეგროვების, რესურსების მართვისა და შესაბამისი ანგარიშების გამოცემისთვის დაიწყო. ამ პროცესის მიზანი სიღარიბესთან ბრძოლა და კატასტროფების ეფექტის შერბილება იყო. 

დღეისათვის “ჭკვიანი ქალაქების” იდეა სახეცვლილია და ის მრავალფეროვანი ტექნოლოგიის გამოყენებასა და ქალაქის მაცხოვრებელების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ტექნოლოგიებს შორისაა ე.წ. “ნივთების ინტერნეტი” (Internet of Things, IoT). IoT ინფორმაციის მიმოცვლისთვის დაკავშირებულ მოწყობილობათა ქსელია. ის შეიძლება მოიცავდეს ყველა მოწყობილობას, მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ქუჩის სენსორების ჩათვლით. მოწყობილობებიდან მიღებული მონაცემები ინახება და შემდგომი ანალიზისთვის გამოიყენება. ანალიზის მიზანია შეფასდეს რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქალაქში სერვისების მიწოდება და სხვადასხვა ოპერაციების წარმოება. მიღებული შედეგების საფუძველზე ქალაქის მმართველები შესაძლო სტრატეგიების შესახებ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

მსგავსი ინფორმაციის შეგროვების კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ის შეიძლება მოქალაქეებს რეალურ დროში მიეწოდოს და მათ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს, ასევე ხელს შეუწყობს ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას

  • როგორია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეკომენდაციები “ჭკვიანი ქალაქების” შესახებ?

გავრცელებულ პოსტში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” საიტის მისამართია მოცემული, WEF-ი “ჭკვიანი ქალაქების” კონცეფციის აქტიური მხარდამჭერია. 2019 წელს დიდი ოცეულის სამიტზე “ჭკვიანი ქალაქების გლობალური ალიანსის” შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის სამდივნოდ სწორედ WEF აირჩიეს. ალიანსის მიზანია ქალაქებს არსებული პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად საუკეთესო სახელმძღვანელო რეკომენდაციები შესთავაზოს. 

“ჭკვიანი ქალაქების გლობალური ალიანსის” მიერ შემუშავებული რეკომენდაციები 5 პრინციპს აერთიანებს. ისინი “ჭკვიანი ქალაქის” ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორისაა “კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის” პრინციპი. იმის ფონზე რომ ინფორმაციის შეგროვება “ჭკვიანი ქალაქების” ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია, მთავარი კრიტიკა ამ იდეის წინააღმდეგ სწორედ მოქალაქეთა კონფიდენციალურობასა და მთლიანი პროცესის გამჭვირვალობას ეხება. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” აღიარებს, რომ ბალანსის დაცვა სერვისების მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და მოქალაქეების კონფიდენციალურობის დაცვას შორის რთულია და ის ყველა ქალაქმა თავად უნდა იპოვოს. თუმცა, რეკომენდაციები ითვალისწინებენ მექანიზმს, რომელიც სწორედ ამ პრობლემას ეხება. “კონფიდენციალურობაზე ზემოქმედების შეფასებები” (PIA) არის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებისა და მართვისათვის მთელი პროცესის განმავლობაში – მონაცემების შეგროვებიდან მის გამოყენებამდე. PIA შესაძლოა ჩატარდეს ტექნოლოგიების შეძენამდე, ან მათ გამოყენებამდე. მისი საშუალებით პროცესის გამჭვირვალობა და ოფიციალური პირების ანგარიშვალდებულება გაიზრდება. კონტროლის მექანიზმის არსებობა  საზოგადოებრივ ნდობასაც გაზრდის. 

დიდი ოცეულის “ჭკვიანი ქალაქების გლობალური ალიანსის” ვებგვერდზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაცხოვრებლებს არ შეეძლებათ აირჩიონ ექიმი ან სკოლა შვილებისთვის და მათ ქალაქ გარეთ რაიმე მიზეზით გასვლა აკრძალული ექნებათ, არ იძებნება. 

გავრცელებულ პოსტში შეზღუდვების ჩამონათვალთან ერთად,  მოცემულია კითხვა “ეს ის ავსტრალიაა, რომელსაც იცნობთ?” ავსტრალიის რამდენიმე ქალაქს საკუთარი განვითარების გეგმა ნამდვილად აქვს, ამ გეგმით ისინი “ჭკვიან ქალაქებად” უნდა იქცნენ, ასეთებია: დარვინი, პერთი, ბრიზბენი, ლოგანი, ადელაიდა და სხვა. 

აღნიშნული გეგმების ირგვლივ მცდარი ინტერპრეტაციის გარდა, შეთქმულების თეორიები წარსულშიც ვრცელდებაოდა. მაგალითისთვის, ქალაქ ადელაიდას ერთ-ერთი გარეუბნის საბჭოს იმის მტკიცება მოუწია, რომ ის ადამიანების გონების კონტროლის მექანიზმების შემოღებას ან ჯორჯ ორუელის წიგნებში “1984” და “ცხოველების ფერმა” აღწერილი რაიმე უარყოფითი ზომის გამოყენებას არ აპირებს

  • შეეზღუდებათ თუ არა ადამიანებს საცხოვრებელი ადგილიდან 20 წუთზე მეტ სავალ მანძილზე გადაადგილება?

რაც შეეხება პოსტში მოცემულ კიდევ ერთ მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას გადაადგილების 20 წუთიანი ლიმიტი დაუწესდება, ხოლო ამის შემდეგ ნებართვა დასჭირდება, ის შესაძლოა ავსტრალიის შტატი ვიქტორიას სტრატეგიას “გეგმა მელბურნი 2017-2050” უკავშირდებოდეს. გეგმა მიზნად ისახავს შემდეგი 30 წლის მანძილზე ქალაქი მელბურნის ზრდა დაარეგულიროს და შექმნას სამეზობლოები, რომლებშიც ნებისმიერ საჭირო დაწესებულებამდე ფეხით მისვლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი

გეგმის მიხედვით, სამეზობლოებში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და მოსახერხებელი იქნება, ასევე გამართულად იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. გეგმა ასევე ითვალისწინებს მაღალი ხარისხის საჯარო და ღია სივრცეების მნიშვნელობას. გეგმის აღწერაში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსახლეობას ერთი სამეზობლოდან მეორეში გადასვლა ნებართვის გარეშე არ შეეძლება, არ გვხვდება. 

ეს გეგმა “15 წუთიანი ქალაქების” ანალოგია, რომლის განხორციელებასაც არაერთი ქვეყანა აპირებს. ბოლო წლებში იდეის შესახებ არაერთი კონსპირაცია გავრცელდა, მათ შორის იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ეს გეგმა მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვასა და მის კონტროლს ემსახურება. 

ფეისბუქ მომხმარებლებს “ბოლო ჟამის ქრისტიანები” სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაციუილი და კონსპირაციული მტკიცებები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist