რა წერია Politico-ს სტატიაში უკრაინის კონტრშეტევასა და ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

221
VIEWS

30 აპრილიდან მწერალი მერაბ რატიშვილი და რამდენიმე ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიში, მათ შორის, ყოფილი უკრაინელი დიპლომატი ანდრიი ტელიჟენკო, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზეწოლას ახორციელებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრშეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად ან ახლავე დაიწყოს, ან რუსეთთან კაპიტულაციას დათანხმდეს. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის გუნდს უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგების ეშინია და ემზადება იმ ეფექტისთვის, რომ თუ კონტრშეტევა ვერ მოხერხდება, კრიტიკოსები ქვეყნის შიგნით და უცხოელი მოკავშირეები დაიწყებენ მტკიცებას, რომ ამერიკამ მარცხი განიცადა. ფეისბუქ ანგარიშების უმრავლესობა ინფორმაციის წყაროდ ამერიკელ წამყვანს კლეიტონ მორისს ასახელებს. პოსტების ნაწილს მორისის ერთ-ერთი იუთუბ ვიდეოს ნაწყვეტი აქვს დართული.

ra tseria Politico s statiashi ukrainis kontrshetevasa da baidenis administratsiis reaqtsiaze რა წერია Politico-ს სტატიაში უკრაინის კონტრშეტევასა და ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციაზე?

გავრცელებული ინფორმაცია Politico-ს სტატიის შესახებ ნაწილობრივ მცდარია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმ შედეგებისთვის, რაც უკრაინის კონტრშეტევის არასაკმარის წარმატებას ან წარუმატებლობას შეიძლება მოჰყვეს, თუმცა მტკიცება, რომ ბაიდენი ზელენსკის კონტრშეტევის ახლავე დაწყების ან კაპიტულაციის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, სტატიაში არ გვხვდება. კლეიტონ მორისი Politico-ს სტატიის შინაარს სწორად გადმოსცემს, ხოლო ის ნაწილი, სადაც ის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, მისი შეფასებაა. 

ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ავრცელებდა, Redacted-ის 29 აპრილის გადაცემიდანაა ამოჭრილი. Redacted ამ სახელწოდების იუთუბ არხს, პოდკასტსა და ვებსაიტს აერთიანებს, რომლებიც Fox News-ის ყოფილ წამყვანსა და უძრავი ქონების ინვესტორს კლეიტონ მორისს ეკუთვნის

29 აპრილის გადაცემაში კლეიტონ მორისმა მეუღლესთან ნატალი მორისთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური თემა მიმოიხილა. მათ შორის, წამყვანებმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აშშ-ის ყურადღების ცენტრი უკრაინიდან ჩინეთისკენ ინაცვლებს. 

ვიდეოს მეთვრამეტე წუთზე კლეიტონ მორისი Politico-ს სტატიის განხილვას იწყებს და სტატიიდან ამონარიდსაც კითხულობს. ამონარიდის მიხედვით, ბაიდენის გუნდი უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგებს უფრთხის და ემზადება იმ ალბათობისთვის, რომ გაზაფხულზე განხორციელებული კონტრშეტევა შესაძლოა წარმატებული არ იყოს, რის შემდეგაც კრიტიკოსები ქვეყნის შიგნით და მოკავშირეები ქვეყნის გარეთ დაიწყებენ მტკიცებას, რომ ამერიკამ წარუმატებლობა განიცადა. 

აღნიშნული სტატია 24 აპრილს გამოქვეყნდა. მასში მსჯელობა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის განვითარების შესაძლო სცენარების შესახებ ნამდვილად გვხვდება. სტატიის ძირითადი აქცენტი იმ ეფექტზეა, რომელიც კონტრშეტევას, წარუმატებლობის შემთხვევაში, ამერიკის პოლიტიკურ პროცესებზე ექნება. უფრო კონკრეტულად, სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება, ადმინისტრაცია შიშობს, რომ კრიტიკის ქვეშ რამდენიმე მიმართულებიდან მოექცევა და დამატებით, შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ევროპელი მოკავშირეებისთვის მეტად მიმზიდველი სცენარი აღმოჩნდეს. 

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში რაიმე ტიპის იძულებას მიმართავს, ან რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების პერიოდს ადმინისტრაციისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს თავად მორისის მოსაზრებებია და წამყვანი არ ამტკიცებს, რომ ისინი Politico-ს სტატიაში გვხვდება. მისგან განსხვავებით, ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში კლეიტონ მორისის მსჯელობის ორივე ნაწილის წყაროდ აღნიშნული სტატიაა დასახელებული. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი მალხაზ ხაბაზი და მწერალი მერაბ რატიშვილი ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ. მათ მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორის” მასალებში წარსულშიც არაერთხელ მოხვდა (1,2).

რაც შეეხება ანდრიი ტელიჟენკოს, ის სხვადასხვა დროს უკრაინის უმაღლესი რადას წევრის მრჩევლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოს მესამე მდივნის პოზიციებს იკავებდა. 2019 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტელიჟენკოს ჯო ბაიდენისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო აშშ-ის ვიზა შეუჩერა

2020 წელს ტელიჟენკო, როგორც რუსეთის აგენტად აღიარებულ პრორუს უკრაინელ პოლიტიკოს ანდრიი დერჩაკთან დაახლოებული პირი, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. ტელიჟენკო სხვა რამდენიმე უკრაინელ თანამდებობის პირთან ერთად 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სოციალურ ქსელებსა და მედიაში ამ კანდიდატისა და მისი გარემოცვის კორუფციული გარიგებების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist