რა არის და რატომ გახდა “15 წუთიანი ქალაქები” კონსპირაციების სამიზნე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.8k
VIEWS

18-20 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” “15 წუთიანი ქალაქების” პროექტის შესახებ სამი პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3). პოსტების მიხედვით, აღნიშნული პროექტი ქალაქის სექციებად დაყოფას გულისხმობს, რომლებშიც ყველა ის დაწესებულება, რაც ადამიანს სჭირდება 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მოსახლეობას სექციებს შორის მიმოსვლა შეეზღუდება, პროცესი ციფრული კამერებით გაკონტროლდება და წესის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმები გაეგზავნებათ. პოსტებში ასევე მოცემულია ინფორმაცია პარიზის შესახებ, რომელიც 2024 წლიდან “15 წუთიანი ქალაქი” უნდა გახდეს და ბრიტანული ქალაქი ოქსფორდის შესახებ, სადაც პროექტის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. 

თებერვლის დასაწყისიდან ინფორმაციას 15 წუთიანი ქალაქების პროექტის შესახებ სხვა ქართული (1,2,3,4,5) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ ანგარიშებიც ავრცელებდნენ. 

მტკიცება, რომ 15 წუთიანი ქალაქების პროექტი მოსახლეობის ტოტალურ კონტროლსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება, კონსპირაციულია. რეალურად, ეს პროექტი მოსახლეობისთვის საჭირო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით ქალაქის მეტად ეფექტურად ფუნქციონირებას ისახავს მიზნად. 

15 წუთიანი ქალაქების იდეა წარმოშობით კოლუმბიელ ფრანგ ურბანისტსა და სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს კარლოს მორენოს ეკუთვნის. კონცეფცია საკმაოდ ახალია, მორენომ ის 2015 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP21) გააჟღერა. თუმცა, მსგავსი იდეები გასული საუკუნის დასაწყისიდან უკვე არსებობდა. ასეთი იყო,  ამერიკელი ურბანისტი კლერენს პერის “სამეზობლო ერთეულების” იდეა, თუმცა ის 1920-იან წლებში გაჩნდა, როდესაც საცხოვრებელი ზონები კერძო მანქანებით არ იყო გადატვირთული

მორენოს თქმით, მისი იდეის ძირითადი მიზანი ისაა, რომ ადამიანებს 15 წუთში ფეხით ან ველოსიპედით სამსახურებამდე, სასწავლო, კულტურულ და გასართობ ცენტრებამდე, ასევე სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებამდე მიღწევა შეეძლოთ

იდეა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გახდა. პანდემიის პერიოდში ყველა საჭირო დაწესებულების ფეხით მისასვლელ მანძილზე ყოფნა უბრალოდ სასურველი მომავლიდან აუცილებელ საჭიროებად იქცა

არაერთმა ქალაქმა პროექტის დანერგვა სხვადასხვა სტრატეგიით უკვე დაიწყო. ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებით პარიზია. 15 წუთიანი ქალაქის იდეა პარიზის ამჟამინდელი მერის ენ იდალგოს წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. პანდემიის პერიოდში პროექტის განხორციელების მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, გაიზარდა ინვესტირება ველობილიკების მოწყობის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ჯამში 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკების მოწყობას. აღსანიშნავია ასევე სასწავლო დაწესებულებების ეზოების გახსნა შაბათ-კვირას, რამაც ახალი სარეკრეაციო ზონები გააჩინა

ქალაქებს შორის, რომლებიც მორენოს იდეის დანერგვას განიხილავენ დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდიც მოხვდა. ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭო ამზადებს გეგმას, სახელად “ლოკალური გეგმა 2040”, რომელიც მომდევნო 20 წლის მანძილზე ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. გეგმა 2022 წლის სექტემბერში გამოიცა. 2023 წლის იანვრიდან გეგმის ირგვლივ მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც ამავე წლის მარტში უნდა დასრულდეს

ამის პარალელურად ქალაქი კერძო ავტომობილებისგან განტვირთვის სხვა გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანიც მოსახლეობის დარწმუნებაა უპირატესობა სხვა ტიპის სატრნსპორტო საშუალებებს მიანიჭონ. 

ბრიტანეთში “დაბალი სატრანსპორტო მოძრაობის სამეზობლო” (Low Traffic Neighbourhood, LTN) არაერთ ქალაქში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც 1960-იანი წლებიდან არსებობს. მისი მიზანი საცხოვრებელ ქუჩებზე მოძრავი კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა. ზოგიერთ ქუჩაზე მანქანებისთვის ფიზიკური ბარიერებია განთავსებული. 2022 წლის ივლისში ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ზოგიერთ სამეზობლოს, რომელსაც LNT სტატუსი დროებით ჰქონდა, ეს სტატუსი მუდმივად მიენიჭა

2024 წლიდან ქალაქი კიდევ ერთი ინიციატივის განხორცილეებას აპირებს, რომელიც ექვს გზაზე საგზაო მოძრაობის ფილტრის დანერგვას გულისხმობს. ამ ინიციატივის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა, რასაც მოსახლეობის ნაწილში პროტესტი მოჰყვა. 

2022 წლის 22 დეკემბერს ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭომ და ქალაქი ოქსფორდის საბჭომ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას უპასუხეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქში ფიზიკური ბარიერების აღმართვა არ იგეგმება და 6 გზაზე ფილტრის ფუნქციას კამერები შეასრულებენ. ქალაქის მაცხოვრებლებს უფლება ექნებათ აღნიშნული ფილტრების გავლით კერძო ავტომობილებით წელიწადში 100 დღის მანძილზე  გადაადგილდნენ. ამ ლიმიტის დამრღვევები დაჯარიმდებიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  შეზღუდვა ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების შესახებ, როგორიცაა ქალაქის შემოვლითი გზა, არ არსებობს. ამასთან, გადაადგილების შეზღუდვა არ ეხებათ ქვეითებს, ველოსიპედით ან მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეებს. 

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ლოკალური გეგმა 2040” მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ 15 წუთიანი ქალაქების ინიციატივა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებს შორის მოძრაობის შეზღუდვასა და მოსახლეობის ტოტალურ კონტროლს ემსახურება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

მსგავსი მტკიცებები, თითქოს ადამიანებს გადაადგილება შეეზღუდებოდათ, ადრეც ვრცელდებოდა და მას “ჭკვიანი ქალაქების” კონცეფციას უკავშირებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროების შესახებ

ანონიმურ ფეისბუქ ანგარიშს “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კონსპირაციის თეორიები და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

რაც შეეხება რუსულენოვან პროფილს Евгения Иванова, ის ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს და შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist