2023 წლის 14 მაისს მწერალმა მერაბ რატიშვილმა გამოაქვეყნა 5 ფოტო, სადაც ჩანს ხანძრების არეალში ციდან წამოსული დიდი სხივი, საფრენი აპარატი დიდი ლინზით და ჟურნალი Time-ის ერთ-ერთი გამოშვების გარეკანი, რომელზეც ვხედავთ თუ როგორ აქვს დედამიწას წაკიდებული ცეცხლი. აღწერის მიხედვით ფოტოებზე ასახულია ფაქტი, რომ მსოფლიოში ხანძრების გაჩენა ხელოვნურად ხდება, დიდი საფრენი აპარატიდან გამოშვებული ლაზერით, იმისათვის, რომ ხალხის ადვილად გასაკონტროლებლად კლიმატის ცვლილების არსებობის ილუზია შეიქმნას.
აღნიშნული ფოტოები მცდარი აღწერით ვრცელდება და იმ კონსპირაციის ნაწილს წარმოადგენს, თითქოს ხანძრები მსოფლიოში ხელოვნურად, გაეროს მხრიდან ხალხზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად ხდება. რეალურად: 1) Time-ის გარეკანი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობას მიეძღვნა; 2) საფრენი აპარატი არის “Boeing YAL-1” სარაკეტო თავდაცვის სისტემა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების განადგურებისთვის, რომელსაც ხანძრებთან არაფერი აკავშირებს; 3) ფოტოზე გამოსახული სხივი არა უზარმაზარი ლაზერის არსებობის მტკიცებულება, არამედ ფოტოკამერის ობიექტივის ლინზაში მზის შუქის ანარეკლია.
Time-ის გარეკანი
ჟურნალმა Time-მა 2021 წლის აპრილის ნომერი კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების პრობლემას მიუძღვნა. ნომრის ყდაზე ასახული იყო 50 000 ასანთის ღერისგან დამზადებული მსოფლიო რუკის მხატვრული ინსტალაცია, რომელსაც შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ამით, პროექტის ავტორს, მალაიზიელ მხატვარს, რედ ჰუნ იის, სურდა ეჩვენებინა, რომ გლობალური კლიმატის კრიზისი აბსოლუტურად ყველა ადამიანის პრობლემაა, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.
მხატვარმა და მისმა 6 კაციანმა გუნდმა პროექტზე ორი კვირა იმუშავა: მათ შექმნეს 2.3×3 მეტრის ზომის მსოფლიოს რუკა, მოათავსეს ხეების სიმბოლურად ასანთის ღერები მწვანე წვერით და ცეცხლი წაუკიდეს. ”ამის მთავარი იდეა ის იყო, რომ რაღაცის შექმნას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მისი განადგურება ძალიან სწრაფად შეიძლება” – განმარტავს მხატვარი.
კონსპირაცია ხელოვნურ ხანძრებზე და ფოტომანიპულაციები
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მსოფლიოში ხანძარი ლაზერით ჩნდება, იმ კონსპირაციის ნაწილია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2017 წლიდან ვრცელდება. ეს შეთქმულების თეორია განსაკუთრებით პოპულარული იყო 2020 წელს, კალიფორნიაში ხანძრის დროს.
ამის დასამტკიცებლად, კოსნპიროლოგები ფოტოსურათებს, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, ხშირად იყენებენ. ფოტო, რომელსაც მერაბ რატიშვილი ავრცელებს, გადაღებულია 2018 წელს კლამათის(Klamath) ეროვნულ პარკში ხანძრის დროს. როგორც პარკის წარმომადგენლებმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტეს, სურათზე გამოსახული სხივი არის არა უზარმაზარი ლაზერის არსებობის მტკიცებულება, არამედ მზის სინათლის ანარეკლი კამერის ობიექტივში.
რეალურად, ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრები გამოწვეულია არა ლაზერებით ან სხვა საიდუმლო და სუპერტექნოლოგიური მოწყობილობებით, არამედ გლობალური დათბობით ან ცეცხლთან არასათანადო მოპყრობით. ამგვარად თეორია იმის შესახებ, რომ ვიღაც შეგნებულად უკიდებს ცეცხლს ტყეებს უზარმაზარი ლაზერით, არის კონსპირაციული და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
საინტერესოა ასევე ზემოთ ფოტოზე აღნიშნული საფრენი აპარატის წარმომავლობა, რომელიც ვითომდა ლაზერით ხანძრის გაჩენაში იღებს მონაწილეობას. სინამდვილეში ეს არის “Boeing YAL-1” სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიქმნა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების განადგურებისთვის, მათი ასწრაფების ფაზაში. 2011 წელს აშშ-ის მთავრობამ საჰაერო ხომალდის ლაზერული პროგრამა გააუქმა. მთავარი ნაკლი ამ ხომალდისა იყო სხივის მართვის სისტემის სირთულე. სტაბილური და ზუსტი სხივის გაშვება მოძრავი პლატფორმიდან, როგორიცაა თვითმფრინავი, ატმოსფერული ეფექტების კომპენსირება და საჭირო სიმძლავრისა და ფოკუსის შენარჩუნება დიდ დისტანციებზე, მთავარი ტექნიკურ დაბრკოლებას წარმოადგენდა.
გლობალური დათბობის არარსებობისა და ხანძრების განზრახ გაჩენაზე ვიზუალური მანიპულაციები და სხვა სახის ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- ნინო ნინო თუ DATO.OKRIBELASHVILI – ვინ ავრცელებს კონტროლირებად დაწვაზე დეზინფორმაციას?
- ცეცხლის წაკიდება თუ ხანძრების საწინააღმდეგო ტაქტიკა? – რას ასახავს ვიდეო
- “ერთობა საქართველოსთვის” ტყის ხანძრების შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს
როგორც აღინიშნა, ხანძრებთან დაკავშირებული კონსპირაციები სიახლე არაა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დიდი ხანძრების გაჩენის დროს აქტიურდება. კონსპიროლოგები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ხელოვნური ქმედებების საბოლოო მიზანი “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებაა.
წყაროს შესახებ:
მერაბ რატიშვილი ქართველი ბიზნესმენი და მწერალია. იგი ცნობილია კოსნპირაციული, ანტიდასავლური ხასიათის პოსტების გამოქვეყნებით, მათ შორის ისეთი მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებითაც, რომელიც “მითების დეტექტორს” გამოვლენილი აქვს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.