ბოლო ჟამის ქრისტიანები “ჰორუსის თვალზე” კონსპირაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

261
VIEWS

2023 წლის 20 მაისს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა – „ბოლო ჟამის ქრისტიანები,” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ე.წ. „ჰორუსის თვალს“ ბოროტ ძალებთან და სატანიზმთან აკავშირებს. აღწერის მიხედვით, ამ სიმბოლოს იმიტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე მიმართავს და ამის საილუსტრაციოდ პოსტს ვიდეო-კოლაჟი ერთვის. წარმოდგენილ ტექსტში გვხვდება ამონარიდები ფსალმუნიდან და სოლომონის იგავებიდან, რომელთა საშუალებითაც ავტორი ავითარებს მოსაზრებას, რომ ქრისტიანული რელიგია ეწინააღმდეგება და უფრო მეტიც, გმობს „ჰორუსის თვალს.“

1 ბოლო ჟამის ქრისტიანები "ჰორუსის თვალზე" კონსპირაციას ავრცელებს

“ჰორუსის თვალის” და ცნობილი ადამიანების მიერ გამოსახული სიმბოლოების სატანიზმთან და ბოროტ ძალებთან კავშირი კოსნპირაციაა.  რეალურად, ეს სიმბოლო განიხილება ჯანმრთელობის, დაცვისა და წარმატების თილისმად, ხშირად არის ჩასმული სამკუთხედში და გარშემორტყმულია სინათლის ან დიდების სხივებით – ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ღმერთის ბრწყინვალებას გამოხატავს და  ითვლება, რომ მისი საშუალებით ღმერთის თვალი აკვირდება ადამიანთა მოდგმას. 

  • რას გამოხატავს ყოვლისმხედველი ოკო (თვალი) 

BBC -ის ჟურნალისტი – მეთიუ უილსონი სტატიაში აღწერს ე.წ. ჰორუსის თვალის ისტორიას. „ღმერთის ყოვლისმხედველი თვალი“ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დარგში, მათ შორის, მას ვხვდებით ხელოვნებაში, კერძოდ კი, რენესანსის დროინდელ ქრისტიანულ მხატვრობაში, არქიტექტურულ ძეგლებში (მათ შორის, უნივერსიტეტებზე), დეკლარაციებზე, გერბებსა თუ ქაღალდის კუპიურებზე. ყოვლისმხედველი ოკო (თვალი) სიმბოლურად გამოხატავს სამყაროში არსებული ყველა საგნის განჭვრეტის, დანახვის ინტუიტურ უნარს. თვალი, ზოგადად, განასახიერებს ხედვის არსს და ის მზის სადარად მოიაზრება. თითქმის ყველა რელიგიაში თავისი დატვირთვა მიეცა სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა დროში. 

Screenshot 9 3 ბოლო ჟამის ქრისტიანები "ჰორუსის თვალზე" კონსპირაციას ავრცელებს
თვალის გამოსახულება აშშ დოლარზე

ზოგადად, თვალის ფუნქციურ დატვირთვასა და მნიშვნელობაზე ინფორმაციას არაერთ წყაროში ვაწყდებით. მაგალითად, პლატონი თვალს მზის მთავარ ინსტრუმენტს უწოდებს. ფილოსოფოსი თვლიდა, რომ სულს გააჩნია თვალი, და მხოლოდ მას ძალუძს ჭეშმარიტების დანახვა. 

უსხეულო თვალის, როგორც იდეის, შექმნა ძველ ეგვიპტელებს უკავშირდება, აღნიშნულ თემაზე ვრცლად წერს მედია On.ge: მაგალითად, სარკოფაგზე დახატული თვალები ნიშნავდა, რომ  გარდაცვლილს იმქვეყნადაც შეეძლო დაენახა. ჰორუსის თვალი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტური სიმბოლოა. გამოსახულება წარმოადგენს ადამიანისა და შევარდენის თვალის ჰიბრიდს, რომელიც ფრინველის მუქ წარბსა და ღაწვის ნაწილებს აერთიანებს. ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, მეფე-ღმერთ ჰორუსს მისმა ბიძამ, ომის ღმერთმა ბრძოლაში თვალები ამოაცალა. მოგვიანებით კი, ღვთაება თოთის დახმარებით მან ისინი აღიდგინა. ამის შემდეგ სიმბოლოს მფარველობის დანიშნულება მიეცა და თილისმად იყენებდნენ. 

ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ჰორუსი იყო ერთ-ერთი ღმერთი, მზის ღვთაება ფალკონის სახით. მისი მარჯვენა თვალი წარმოადგენდა მზეს ან დილის ვარსკვლავს, ხოლო მარცხენა თვალი მთვარეს ან საღამოს ვარსკვლავს. ეგვიპტეში ფალკონის კულტები გვიანი პრედინასტიური პეიოდიდან იყო გავრცელებული. 

უილსონის თანახმად, ჰორუსის თვალი შეთქმულების თეორეტიკოსებისათვის განტევების ვაცია, რადგან ის თითქოს ყველგანაა დამალული, მაგრამ თან ძალიან თვალშისაცემია: ეს სიმბოლო არა მარტო მთელი მსოფლიოს გარშემო უამრავ ეკლესიასა თუ მასონურ შენობაში გვხვდება, არამედ იგი ასევე გამოსახულია ამერიკული ერთდოლარიანის უკანა მხარეს ცამეტსაფეხურიან დაუსრულებელ პირამიდასთან ერთად, რაც ამერიკის თავდაპირველ შტატებს გამოხატავს. ასევე ბელარუსის, რუსეთის, ლიეტუვის, ბრაზილიის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვათა ქალაქებისა თუ პროვინციების გერბებზე. 

“ყოვლისმხედველ თვალს” საუკენეების განმავლობაში სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. თავდაპირველად ყოვლისმხედველი თვალი ქრისტიანული სიმბოლო იყო, რომლის ადრეულ ნიმუშებსაც ვხვდებით რენესანსის დროინდელ რელიგიურ ნახატებში, სადაც ეს სიმბოლო ღმერთს გამოხატავს. ერთ-ერთი ასეთი ნახატია პონტორმოს მიერ 1525 წელს შექმნილი სერობა ემაუსში, რომელზეც ეს სიმბოლო მოგვიანებით, სავარაუდოდ, 1600-იან წლებშია მიხატული. 

Screenshot 10 2 ბოლო ჟამის ქრისტიანები "ჰორუსის თვალზე" კონსპირაციას ავრცელებს
სერობა ემაუსში. ნახატი: The Uffizi Galleries

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უძველესი წყარო, რომელიც ამ თვალის წარმომავლობაზე მოგვითხრობს, 1593 წელს გამოქვეყნებული სიმბოლოების წიგნია, სახელწოდებით Iconologia (იკონოლოგია). ადრინდელი განმარტების თანახმად, ეს სიმბოლო ღმერთის მიერ კაცობრიობის მიმართ გამოჩენილი გულმოწყალე ყურადღების აღსანიშნავად შეიქმნა. BBC -ის ჟურნალისტი – მეთიუ უილსონი წერს, რომ ზუსტად არავინ იცის, როდის შეიქმნა ეს სიმბოლო, თუმცა შემქმნელმა უკვე არსებული რელიგიური მოტივები გამოიყენა. სამკუთხედი დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნავდა ქრისტიანულ სამებას: მამის, ძისა და სულიწმინდის ერთობლიობას.

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ სიმბოლოს სატანიზმთან დაკავშირება კოსნპირაციულია და მსგავსი რამ სიმბოლოს არცერთ განმარტებაში არ გვხვდება. 

  •  “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ ცნობილი ადამიანები წარმატების მოსაპოვებლად დემონურ ძალებს მიმართავენ

რაც შეეხება „სელებრითების“ მიერ ჰორუსის თვალის გამოყენებას, თითოეული მათგანი გვთავაზობს ყოვლისმხედველი თვალის გამოყენების ინდივიდუალურ ახსნას. ზოგადად, პირამიდები და ჰორუსის თვალი მედიასა და პოპკულტურაში ფართო და აქტიური მოხმარების საგანთა რიცხვს განეკუთვნება.

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” გამოქვეყნებულ ტექსტს ვიდეო-კოლაჟიც ერთვის. ვიდეოში ასევე გამოყენებულია მსახიობ ტომ ჰენქსის ფოტო, რომელიცVanity Fair-ის  2019 წლის სექტემბრის გამოცემაში მოხვდა, ფოტო გადაღებული იყო ტორონტოში ფილმის ერთ-ერთ გამოფენაზე. ჰენქსის ჟესტი ჰორუსის თვალთან კავშირში არ არის, იგი ე.წ “prana mudra-ს“ (ასევე მოხსენიებული, როგორც „სიცოცხლის ძალის ბეჭედი“) გამოხატავს. ეს უკანასკნელი  გამოიყენება იოგასა და მედიტაციის დროს, როგორც საციცოხლო ძალის ენერგიის ნაკადის არხების საშუალება. აღსანიშნავია, რომ მსახიობი აქტიურად არის დაკავებული მედიტაციით და მუდრას მის სხვა ფოტოებშიც ვხვდებით. 

Screenshot 12 1 ბოლო ჟამის ქრისტიანები "ჰორუსის თვალზე" კონსპირაციას ავრცელებს

ვიდეოში, ასევე, ვხვდებით მსახიობ ჯულია რობერტსის ფოტოს, რომელიც მან ინსტაგრამის პირად გვერდზე განათავსა, რითაც ჩაერთო სოციალურ კამპანიაში-  “DEAR WORLD LEADERS, WE ARE WATCHING YOU“. აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოც კონსპირაციულად არის დაკავშირებული სატანიზმთან, რეალურად კი თვალი, რომელსაც რობერტსის ხელზე ვხედავთ, ამ კამპანიის ლოგოა. კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივისტები  მობილიზდნენ, რომ მდგრადი განვითარების გამოწვევებზე მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიეპყროთ.

Screenshot 13 1 ბოლო ჟამის ქრისტიანები "ჰორუსის თვალზე" კონსპირაციას ავრცელებს

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ- ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია


მოამზადა ლუკა დანელიამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist