როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

64
VIEWS

სოციალურ მედიაში ინფორმაციის ნაკადის დიდი მოცულობის გამო, ხშირად ინტერნეტ მომხმარებელი ინფორმაციას მხოლოდ მედიის ცნობადობიდან გამომდინარე აზიარებს. ამ ფაქტორს მავნე აქტორები იყენებენ და დეზინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიის სახელით ავრცელებენ. ხშირად, აღნიშნული ხერხით დეზინფორმაციის გავრცელებაზე რუსული პროპაგანდა მუშაობს. დასავლური გამოცემების სახელით, ერთი მხრივ, გავრცელებული დეზინფორმაციის დამაჯერებლობა იზრდება, მეორე მხრივ კი, ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, თავად ამ მედიების სანდოობა დგება ჩრდილქვეშ.

2023 წელს მითების დეტექტორმა ექვსი მედიის სახელით 12 ასეთი შემთხვევა გამოავლინა:

  • 2- რადიო თავისუფლების სახელით 
  • 2 – BBC
  • 2 – Deutsche Welle
  • 4 – Euronews
  • 1 – ამერიკის ხმა
  • 1 – USA Today

აღსანიშნავია, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უკრაინას და მიმდინარე ომის თემას ეხებოდა. ასევე, გამოყენებული იყო ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა ყალბი ციტატები.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ გავრცელებულ შემთხვევათა მოკლე მიმოხილვას  და მეთოდებს, თუ როგორ შეიძლება მათი გადამოწმება:

რადიო თავისუფლება

“რადიო თავისუფლების” სახელით 2023 წელს ორი სტატია გავრცელდა (1, 2). ორივე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის შესახებ. თებერვალში ყალბი სქრინშოტი “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის სახელით ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც ნულანდი “ზელენსკის ქვრივს” აშშ-ის მოქალაქეობის “დაჩქარებული ფორმატით მიღებას” ჰპირდებოდა; ხოლო მარტში გავრცელებული ასეთივე სქრინშოტი იუწყებოდა, რომ ნულანდმა საქართველოში დაუგეგმავი ვიზიტი გააუქმა.

utskhouri mediebis sakhelith როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული სქრინშოტები


“მითების დეტექტორი” ორივე შემთხვევის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უარყვეს მსგავსი შინაარსის მასალების არსებობა. გარდა ამისა, გადამოწმდა ფოტოები, რომლებიც გაყალბებულ სქრინშოტებს ჰქონდა დართული – ნულანდის ეს ფოტოები სხვადასხვა თარიღით მართლაც იყო გამოქვეყნებული რადიო თავისუფლების საიტზე, თუმცა განსხვავებული შინაარსით.

Deutsche Welle

2023 წლის ივლისსა და ოქტომბერში “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის სტატიების გაყალბებული სქრინშოტები გავრცელდა (1,2). ივლისში გავრცელებული სქრინშოტში ჩანდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის ფოტო შემდეგი სათაურით: “ბორელი: უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობაში მთლიანად რუსეთია დამნაშავე და სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”. ივლისში დოიჩე ველეს ვებ-საიტზე ბორელის შესახებ სტატია მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა ის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა.

ყალბი სქრინშოტი გავრცელდა ოქტომბერშიც, ამჯერად ოთხი ახალშობილის ფოტოთი, სათაურად კი ეწერა: “გერმანიაში უკრაინელებმა დაიწყეს შვილების გაჩენა არაბებისგან და არ დაელოდნენ ქმრების ფრონტიდან დაბრუნებას”.

utskhouri mediebis sakhelith1 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული სქრინშოტები

BBC

2023 წლის მარტში “მითების დეტექტორმა” BBC-ის სახელით გავრცელებული ორი ყალბი ინფორმაცია გადაამოწმა (1, 2). 

BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის სახელით, ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი ციტატა გამოქვეყნდა: ამ ზაფხულს მე პირადად ვაჭმევ თევზებს ყირიმის ნაპირებთან. BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმაც დაადასტურა, რომ სქრინშოტი გაყალბებულია.

utskhouri mediebis sakhelith2 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული სქრინშოტი

მეორე შემთხვევაში დეზინფორმაცია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებით გამოწვეულ სიკვდილიანობას ეხებოდა. BBC-ის ლოგოს მქონე ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 50 წელში დაფიქსირებული ჭარბი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. სინამდვილეში, BBC-ის სტატიაში ჭარბი სიკვდილიანობა დაკავშირებული იყო ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებთან და მოსახლეობის ზოგად ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენასთან. თავად დეზინფორმაციის პირველწყარო კი  კონსპიროლოგიური საიტი იყო, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.

utskhouri mediebis sakhelith3 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული სტატია

Euronews

ყალბი ინფორმაცია “ევრონიუსის” სახელითაც გამოქვეყნდა – ორ შემთხვევაში საქმე გვქონდა ვიდეოფაბრიკაციასთან, სადაც “ევრონიუსის” ლოგო გამოიყენეს. მედიის სახელით, ყალბი ფეისბუქ გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის გაყალბებულ ვიდეოებს ავრცელებდნენ. ორივე ვიდეოს თარგმანი განსხვავდებოდა ავთენტიკური შინაარსისაგან. გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ცუკერბერგიცა და მასკიც მომხმარებლებს, კონკრეტულ ვებგვერდზე რეგისტრაციის სანაცვლოდ, ფულის იოლად გამომუშავებას სთავაზობდნენ. “ევრონიუსის” სახელით შექმნილი ორივე ფეისბუკ-გვერდი თაღლითობის ნიშნებს შეიცავდა. “მეტას” ან “ევრონიუსს” მსგავს პროექტებზე მოწოდება არ გაუკეთებიათ.

utskhouri mediebis sakhelith4 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული ვიდეოები

ევრონიუსის ლოგო რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ვიდეოფაბრიკაციებშიც გამოიყენა. ერთ შემთხვევაში გავრცელდა ყალბი ვიდეო, თითქოს გერმანიაში უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონი, რომლის შემდეგაც გაყიდული ნიმუშების დაწვა იგეგმებოდა. მეორე შემთხვევაში აქტიურად ზიარდებოდა ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც პარიზის მუზეუმში დაცვად მუშაობდა და სექსუალური აქტის იმიტირებისას ერთ-ერთი სკულპტურა დააზიანა. 

ამერიკის ხმა 

2023 წლის მარტში კამალა ჰარისის ყალბი განცხადება “ამერიკის ხმის” სახელით, სქრინშოტის სახით გავრცელდა.  სქრინშოტის მიხედვით, კამალა ჰარისი ამერიკის პრეზიდენტის “არაადეკვატურ საქციელს” ბაიდენის უკან მდგომ რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს, განცხადების წყაროდ კი “Agence France-Presse” (AFP)-ა მითითებული. რეალურად კი მსგავსი განცხადება არც AFP-ზე იძებნება და არც “ამერიკის ხმის” ვებ-საიტზე.

utskhouri mediebis sakhelith5 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად
გაყალბებული სქრინშოტი

USA Today

2023 წლის სექტემბერში USA Today-ს სახელით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრმა ნიუ-იორკის ბარში იჩხუბა, რის შემდეგად დააკავეს. გაყალბებული სიუჟეტი რუსულ Gazeta.ru-ზე დაყრდნობით გაავრცელეს რუსულენოვანმა ვებ-საიტებმა. მომდევნო დღეს ვიდეო გავრცელდა ქართულენოვან ანგარიშებსა და ფეისბუქ-გვერდებზეც.

utskhouri mediebis sakhelith6 როგორ გამოიყენება დასავლური გამოცემების ლოგოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად

მითების დეტექტორმა მსგავსი ვიდეო ფაბრიკაციების შესახებ 2023 წლის დეკემბერში მოამზადა. ვრცლად იხილეთ:

ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?

ვინ არის წყარო და როგორ გადავამოწმოთ?

დასავლური მედიის სახელით ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა გზით ვრცელდება: სოციალური ქსელის ანონიმური ანგარიშებით, ყალბი ფეისბუქ გვერდებით, ასევე რუსული პროპაგანდისტული გამოცემების საშუალებით.  ზემოთ განხილული შემთხვევების უმრავლესობა ყალბი სტატიების სქრინშოტები ჰქონდა თანდართული, რომლებიც იმ მედიებს, რომელთა ლოგოებიც გამოიყენებოდა, არასოდეს გამოუქვეყნებიათ. გაყალბებული სქრინშოტები ძირითადად რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების საშუალებით ვრცელდებოდა, თუმცა საქართველოში აღნიშნული მასალები ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების მიერ პოსტების  გავრცელების შედეგად მოხვდა, რომლებიც, ძირითადად, რუსულ წყაროებს, უმეტესად რუსულ ტელეგრამ არხებს, ეყრდნობიან.

მსგავსი ინფორმაციის გადამოწმების რამდენიმე გზა არსებობს:

  • ფოტოს გადამოწმება reverse image search-ით, რაც გამოყენებული ფოტოს პირველწყაროს შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას;
  • ვიდეოს გადამოწმება InVID-ის საშუალებით, რომელიც ვიდეოში გამოყენებულ კადრებს სხვა წყაროებში გვაპოვნინებს;
  • იმ მედიის  ვებ-საიტის გადამოწმება, რომლის ლოგოსაც იყენებენ და მოძიება, აქვთ თუ არა მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნებული;
  • უშუალოდ აღნიშნულ მედიებთან დაკავშირება;
  • სოციალურ ქსელში საძიებო სიტყვებით ინფორმაციის გავრცელების შემოწმება.
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist