24-26 ნოემბერს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4) “ევრონიუსის” სიუჟეტს ავრცელებდნენ, რომლის მიხედვითაც, პარიზის მუზეუმში მომუშავე უკრაინის მოქალაქე 26 წლის ვალერი ტარაშჩუკი დააკავეს, მას შემდეგ, რაც კამერამ დააფიქსირა, როგორ დააზიანა მან სკულტპურა “მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოჩენამდე” სექსუალური აქტის იმიტირებისას. ვიდეოს მიხედვით, ტარაშჩუკი ფრანგულმა პოლიციამ დააკავა და სკულპტურის ავტორი ანნა უდენბერგი მისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
ვიდეო სხვა სოციალურ ქსელებშიც – ტელეგრამზე, ВКонтакте-ში და X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია და ის Euronews-ს არ ეკუთვნის. ვიდეოში ასახული დაკავებული პირი არა უკრაინელი ვალერი ტარაშჩუკი, არამედ წარმოშობით აზერბაიჯანელი მატლაბ სულთანოვია, რომელიც 2021 წელს რუსეთში დააკავეს.
ვიდეოში ასახული სკულპტურა ნამდვილად წარმოშობით შვედ არტისტს ანნა უდენბერგს ეკუთვნის. სკულპტურა 2016 წელს შეიქმნა და ის აქამდე არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი (1,2). Färgfabriken-ის საგამოფენო სივრცის აღწერის მიხედვით, უდენბერგის ეს და სხვა ნამუშევრები ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა კომერციალიზმი, ფემინიზმი და იდენტობა. ამ კონკრეტული სკულპტურით ნაჩვენები სელფის გადაღება, რომელიც სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივია, საკუთარი თავის იმიჯის შექმნის ინსტრუმენტია.
რეალურად, ვიდეოში სკულპტურის ძველი ფოტოებია გამოყენებული და არც ერთ მათგანში დაზიანების კვალი არ ჩანს. ვიდეოს ის ნაწილი, სადაც დაკავებულ ვალერი ტარაშჩუკს აჩვენებენ, 2021 წელსაა გადაღებული და მასში არა უკრაინელი, არამედ წარმოშობით აზერბაიჯანელი მატლაბ სულთანოვია ასახული, რომელიც რუსეთის პოლიციამ “კანონიერი ქურდის” ალბერტ ჰეიდაროვის მკვლელობისთვის დაიჭირა.
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან | კადრი რუსული მედიასაშუალება “24 ТВ-ს” სიუჟეტიდან | კადრი რუსული მედიასაშუალება “Москва 24-ის” სიუჟეტიდან |
ინფორმაცია სკულპტურის დაზიანების შესახებ არც Euronews-ის საიტსა და მისი სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე და არც სხვა მედიაში არ გვხვდება.
ღია წყაროებში ძებნისას, ვიდეოს ძირითადად სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტელეგრამი, ტვიტერი, Вконтакте) რუსულენოვანი მომხმარებლები ავრცელებენ. ყველაზე ადრე ვიდეო ტელეგრამის ანგარიშ Арбалет Говорит-ზე იძებნება, რომელიც ივან კონდაკოვს ეკუთვნის. ის საკუთარ თავს ანალიტიკოსად და სატირიკოსად მოიხსენიებს.
გავრცელებული ამბის ინგლისურ ენაზე მოძებნისას გუგლი ამ საძიებო სიტყვებით ორ ვებ-საიტს გვანახებს, რომლებზედაც უკრაინელი ლტოლვილის მიერ სკულპტურის დაზიანებაზეა საუბარი. აქედან ერთი პორნო საიტს წარმოადგენს და ევრონიუსის სახელით შექმნილი ყალბი სიუჟეტი საიტზე ხელმისაწვდომი აღარ არის.
ეს გამოცემა “ევრონიუსის” სახელით დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. გარდა ევრონიუსისა, წარსულში უკრაინელების ან დასავლეთის დისკრედიტაციისთვის გაყალბებულ ვიდეოებში USA Today-ს და The Times of Israel-ის ლოგოები გამოიყენეს. მსგავს ვიდეოფაბრიკაციებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
- ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
- “ევრონიუსის” სახელით რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონზე გაყალბებული სიუჟეტი ვრცელდება
წყაროების შესახებ:
ფეისბუქის რუსულენოვანი ანგარიშები Виталий Виталий და Valery Eryomensky ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის ცნობებს, მათ შორის გაყალბებულ ფოტო და ვიდეომასალას რეგულარულად ავრცელებენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.