ფრინველის გრიპის კვლევის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

2024 წლის 7 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა კონსპირაციული გამოცემის “ხალხის ხმა” (People’s Voice) სტატიის სქრინშოთი. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მთავრობებს მოუწოდებს გამოაცხადონ საგანგაშო მდგომარეობა ფრინველის გრიპის საშიშროების გამო. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის და ჩინეთის მთავრობები მუშაობენ ფრინველის გრიპის ვირუსზე, რომლის მიზანი ლეტალობის გაძლიერება და საარჩევნო პერიოდში ახალი პანდემიის გამოცხადებაა.

phrinvelis gripis kvlevis shesakheb dezinphormatsia vrtseldeba ფრინველის გრიპის კვლევის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ფეისბუქ ანგარიშის “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჩინეთის და ამერიკის მთავრობები თანამშრომლობენ ფრინველის გრიპის გავრცელებისა და ლეტალობის გაძლიერებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის კვლევითი პროექტის მიზანია შეისწავლოს ფრინველის გრიპის ვირუსების ევოლუციისა და გადაცემის დინამიკის პროგნოზირებადი ფილოგენეტიკა. ასევე ტყუილია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მთავრობებს მოუწოდებს გამოაცხადონ საგანგაშო მდგომარეობა ფრინველის გრიპის საშიშროების საფუძველზე. 

ჩინეთის, აშშ-ის და ბრიტანეთის საერთო კვლევითი პროექტი

აშშ-ის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტის (USDA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია ტრილატერალური (ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) კვლევითი პროექტის შესახებ. 2021-2026 წლებში დაგეგმილი თანამშრომლობა მიმდინარეობს ფრინველის გრიპის ვირუსების ევოლუციის და გადაცემის დინამიკის პროგნოზირებადი ფილოგენეტიკის შესწავლაზე. კერძოდ, კვლევის მიზანია შეიქმნას პროგნოზირებადი მოდელი, რომ შესაძლებელი გახდეს ფრინველის გრიპის ვირუსის იმ შტამების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ ფრინველებისთვის ან ადამიანებისთვის. კვლევა მიმდინარეობს ეგზოტიკური და ახალი ფრინველის ვირუსული დაავადებების კვლევით ცენტრში (ათენი, ჯორჯიის შტატი).

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კვლევითი სამუშაოები და ფუნქციები გადანაწილდა შესაბამისად:

  • დიდი ბრიტანეთი: ედინბურგის უნივერსიტეტის როზლინის ინსტიტუტი ხელმძღვანელობს ფილოდინამიკურ მოდელირებას და ინ ვიტრო (ხელოვნური) სამუშაოს, 
  • აშშ:  სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, შინაური ფრინველების კვლევის ეროვნული ცენტრი, და სამხრეთ-აღმოსავლეთის შინაური ცხოველების კვლევითი ლაბორატორია უხელმღვანელებენ ინ ვივო (ცოცხალი) სამუშაოებს. 
  • ჩინეთი – ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები უძღვებიან მონიტორინგის პროცესს და აწარმოებენ ინ ვივო და ინ ვიტრო ვირუსული უჯრედების გარემოსთან ადაპტაციის (fitness) ხარისხის გაზომვას. 

აშშ-ის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ეს პროექტი 1 მილიონი ამერიკული დოლარით დაფინანსდა

ედინბურგის უნივერსტეტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც, ვკითხულობთ როზლინის ინსტიტუტის ვირუსოლოგის  პოლ დაიგარდის და აშშ-ის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის კომენტარებს ამ თემასთან დაკავშირებით. დაიგარდის განცხადებით, კოლაბორაციის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არ ხდება არათუ თანხის, არამედ არც რეაგენტებისა და მასალების ტრანსფერი. მისი თქმით, პროექტში ჩართული ექსპერტები სწავლობენ ვირუსის განვითარებას, ევოლუციის დინამიკას და არ მუშაობენ ვირუსის გავრცელების პოტენციურ გაზრდაზე. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

1971 წელს გერმანელმა ეკონომისტმა და ინჟინერმა კლაუს შვაბმა დააარსა საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF). ორგანიზაციის უპირველესი მიზანია იარსებოს როგორც პლატფორმამ, სადაც ბიზნესის, პოლიტიკური, აკადემიური და საზოგადოების სხვა ლიდერების ჩართულობით გლობალურ, რეგიონალურ და ინდუსტრიულ საკითხებზე იმსჯელებენ. ოფიციალური ვებ-საიტის გარდა, ორგანიზაცია აქტიურად აქვეყნებს კონტენტს სხვადასხვა სოც. მედიის პლატფორმაზე, მათ შორის ფეისბუქსა და ექს-ზე (ტვიტერი). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სოც.მედია ანგარიშებზე და ვებ-საიტზე არ იძებნება მოწოდებები საგანგაშო მდომარეობის გამოცხადების თაობაზე. 

ორგანიზაციისა და კლაუს შვაბის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიები და დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. წარსულში მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (1,2,3,4).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist