14-15 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა სო- სოფი, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ გლობალისტური ელიტის მტკიცებით, წყალზე წვდომა ადამიანის უფლება არ არის და მსოფლიოს წყლის მარაგი ელიტების მიერ პრივატიზებული და კონტროლირებადი უნდა იყოს. ერთ-ერთ პოსტს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის, ფოტო ახლავს, წყაროდ ვებ-გვერდი thepeoplesvoice.com აქვს მითითებული, რომლის სათაურშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მთავრობებს წყლის რაციონირების ბრძანებას აძლევს. Thepeoplesvoice-s სტატიაში ასევე წერია, რომ წყლის მარაგების კონტროლს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაეროსთან ერთად გეგმავს.
გავრცელებული პოსტები მცდარ და კონსპირაციულ მტკიცებებს შეიცავს: “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” და გაერო წყლის კონტროლსა და მის პრივატიზებას, შემდეგ კი მთავრობებისთვის წყლის რაციონირების ბრძანებას არ გეგმავს. 2023 წლის მარტში გამართული “გაეროს წყლის კონფერენცია” მსოფლიოს გარშემო სუფთა წყალსა და სანიტარიაზე წვდომის პრობლემის მოგვარებას, ასევე წყლის რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპით მოხმარებას შეეხებოდა. რაც შეეხება “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს”, მათ ვებ-გვერდზე “წყლის კონფერენციასთან” დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში, ხაზგასმულია, რომ უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე წვდომა ადამიანის უფლებაა.
წყალზე “ელიტების” მიერ კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია 2023 წლის მარტში გაეროს ორგანიზებით გამართულ “წყლის კონფერენციას” მოჰყვა. დეზინფორმაცია თემატურად “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციის ნაწილია. მსგავსი შინაარსის მიზანი კონფერენციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში არ იძებნება, პირიქით, კონფერენციის მთავარი მიზანი მსოფლიოში წყლის კრიზისის მოგვარება, მათ შორის წყლის რესურსზე წვდომის გაზრდაა.
დეზინფორმაციულ პოსტებში წერენ, თითქოს “გლობალისტური ელიტა” აცხადებს, რომ წყალი ადამიანის უფლება არ არის, რეალურად კი “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ვებ-გვერდზე კონფერენციის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხო წყალი და სანიტარია ადამიანის უფლებაა, თუმცა მილიარდობით ადამიანს ამ სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებზე საკმარისი წვდომა არ აქვთ.
2023 წელს “წყლის კონფერენცია” მეორედ, თითქმის 50 წლის შემდეგ ჩატარდა. პირველი “წყლის კონფერენცია” 1977 წელს არგენტინაში გაიმართა, რის შემდეგაც მსოფლიოს მოსახლეობა გაორმაგდა და წყალზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებს “წყლის კონფერენცია” მნიშვნელოვან და საჭირო ღონისძიებად მიაჩნიათ.
ერთ-ერთ პოსტში წყაროდ მითითებული thepeoplesvoice.tv წყალზე კონტროლის დამყარების კონსპირაციას “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციას უკავშირებს და წერს, რომ გლობალური ელიტა დგამს ნაბიჯებს, რათა ხალხს „არაფერი ჰქონდეს და იყოს ბედნიერი“. სტატიის თანახმად, კაცობრიობას დაიმონებენ და ყველას მსოფლიო მთავრობა გააკონტროლებს, ახალ სისტემაში მასობრივი თვალთვალი და სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდება, ამ პროცესში კი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და კლაუს შვაბს აქტიური როლი ექნებათ.
“ახალ მსოფლიო წესრიგთან” (New World Order) დაკავშირებული კონსპირაციული თეორია ახალი არ არის, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
- არსებობს თუ არა გაეროს საიდუმლო დოკუმენტი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ?
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დამფუძნებელსა და თავმჯდომარე კლაუს შვაბს “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციასთან ხშირად აკავშირებენ, შვაბის შესახებ გავრცელებული კონსპირაციები და დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- რა (არ) აღიარა კლაუს შვაბმა?
- წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?
- აქვს თუ არა კავშირი “მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას” 5G-სთან და კოვიდის ვაქცინასთან?
- რა არის “ჩიპების აქტი” და იგეგმება თუ არა ევროპის მოსახლეობის ჩიპიზაცია 2022 წელს?
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში სო- სოფი, რომელმაც წყლის მარაგის პრივატიზებასა და კონტროლზე დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა, ანტივაქსერია. მას ეკუთვნის მეორე ფეისბუქ-ანგარიში სოფიო დვალიც. ამ ანგარიშების ფეისბუქ-პოსტები ყალბ ინფორმაციად არაერთხელ არის მონიშნული:
სო- სოფი წყაროდ ვებ-გვერდ thepeoplesvoice.tv-ს ასახელებს, რომელიც კონსპირაციული და ანტივაქსერული ვებ-გვერდია. The People’s Voice თავდაპირველად YourNewsWire-ის, შემდეგ კი News Punch-ის სახელით პოზიციონირებდა. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა.
არქივის ბმულები:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.