2022 წლის 24 იანვარს ფეისბუქ ანგარიშებმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” და Dato Salukvadze-მ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე კლაუს შვაბი და ევროპის კომისიის პრეიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის “ჩიპების აქტის” შესახებ საუბრობენ. ნახევარწუთიან ვიდეოში კლაუს შვაბი აღნიშნავს, რომ “ევროპის ჩიპების აქტი” ევროპული სივრცის დიჯიტალიზაციის პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯია. პოსტში “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” წერს, რომ “ჩიპების აქტი” ევროპის კონტინენტზე ციფრული კონტროლის განხორციელების საშუალება იქნება, ხოლო დათო სალუქვაძის მიხედვით, “ჩიპების აქტი” ვაქცინაციის შემდგომი ეტაპია და ევროპის მოსახლეობის ჩიპიზაციას გულისხმობს. იმავე შინაარსის კიდევ ერთი პოსტი “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებმა” 26 იანვარს გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელში “ჩიპების აქტის” შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად “ჩიპების აქტი” არა ევროპის მოსახლეობის ჩიპიზაციას, არამედ ევროპის მაშტაბით თანამედროვე ციფრული ტექნიკისთვის აუცილებელი მიკროჩიპების წარმოების წახალისებას და ევროპის ბაზრისთვის მიკროჩიპების მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფას გულისხმობს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ჩიპების მსოფლიო წარმოებაში ევროპის წილის ზრდას ეხებოდა.
“ჩიპების აქტი” ევროპის კომისიის მიერ 2021 წლის 19 ოქტომბერს შემუშავებული “სამუშაო პროგრამა 2022-ის” ნაწილია. ევროკომისიის საქმიანობის 2022 წლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ევროპის ციფრული ეპოქისთვის მომზადებაა, “ჩიპების აქტი” კი ევროპის ბაზარზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისთვის აუცილებლი ჩიპების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას, შიდა წარმოების ზრდასა და ამ მიმართულებით ინოვაციის წახალისებას გულისხმობს. “სამუშაო პროგრამა 2022”-ში ვკითხულობთ:
“ევროპის [ციფრული ტექნოლოგიების] ზოგიერთი სტრატეგიული სექტორი მცირე რაოდენობის არაევროპელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების გამო კრიზისების მიმართ ძლიერ მოწყვლადია… ეს განსაკუთრები აშკარაა ჩიპების შემთხვევაში. ამ ჩიპების მიწოდება ევროკავშირის ინდუსტრიის ნამდვილი პრობლემაა, რაც წარმოების შეფერხების შემთხვევებმაც დაადასტურა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით ევროპის ჩიპების აქტის მიღებით ჩვენ წავახალისებთ ევროპული ჩიპების თანამედროვე ეკოსისტემას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ მიწოდების სტაბილურობა…”
“ჩიპების აქტის” შესახებ 2022 წლის 20 იანვარს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ურსულა ფონ დერ ლაიენიმაც ისაუბრა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტს გამოსვლაში ევროპის მოსახლეობის ჩიპიზაციაზე არაფერი უთქვამს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ციფრული ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ ევროპის ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი გამოწვევა ჩიპების შიდა წარმოების წახალისება და უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა. ევროკომისია “ჩიპების კანონმდებლობის” სამუშაო ვერსიას 2022 წლის თებერვალში წარადგენს.
მოსახლეობის საყოველთაო ჩიპიზაციის შესახებ დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიებუკვე წლებია სხვადასხვა ქვეყნის მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გავრცელებული შეთქმულების თეორიის მიხედვით, გლობალური ელიტები ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლანტაციას და ადამიანებზე ტოტალური კონტროლის მოპოვებას გეგმავენ. კორონვირუსის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის პროცესს ხშირად სწორედ ამ ძველი კონსპირაციის თეორიას უკავშირებდნენ. ჩიპიზაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები:
- ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?
- აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?
- ისაუბრა თუ არა ჩიპებზე და კორონავირუსზე ბილ გეიტსმა 2015 წელს?
- რას ამტკიცებს “წმინდა მამები” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ჩიპების შესახებ?
- როგორ იქცა ძაღლის მოსაძებნი მიკროჩიპი ანტივაქსერების შთაგონების წყაროდ?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.